ფოტო: nchstats.com
Blue Origin-ის ახალი რაკეტა New Glenn-ი ფლორიდაში ტესტირების დროს აფეთქდა, რაც სერიოზულ დარტყმად მიიჩნევა ჯეფ ბეზოსის მიერ დაფუძნებული კოსმოსური კომპანიისთვის და მისი მცდელობისთვის, ილონ მასკის SpaceX-ს კონკურენცია გაუწიოს.
X-ზე გავრცელებულ განცხადებაში Blue Origin-მა თქვა, რომ New Glenn-ის რაკეტამ ძრავების ამუშავებისას სიცხის მიმართ გამძლეობის ტესტის დროს „ანომალია“ განიცადა. ის ჯერ კიდევ გამშვებ პლატფორმაზე იყო მიმაგრებული, როდესაც აფეთქდა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ ჩნდება ცეცხლი რაკეტის ქვედა ნაწილში, რომელიც მალევე მასშტაბურ აფეთქებაში გადაიზარდა. Blue Origin-ს აფეთქების გამომწვევი მიზეზების შესახებ დეტალები არ გაუვრცელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ყველა თანამშრომელი უსაფრთხოდაა და არავინ დაშავებულა.
The New York Times-ის ინფორმაციით, აფეთქებამ მნიშვნელოვნად დააზიანა New Glenn-ის ერთადერთი გამშვები პლატფორმა კანავერალის კონცხზე მდებარე კოსმოსური ძალების ბაზაზე. გამოცემის ცნობით, აღდგენითი სამუშაოები შესაძლოა რამდენიმე თვე გაგრძელდეს.
რამდენიმე დღით ადრე Blue Origin-მა განაცხადა, რომ New Glenn-ი Amazon-ის პროგრამა Leo-ს ფარგლებში 48 სატელიტის ორბიტაზე გასაშვებად ემზადებოდა. შეგახსენებთ, Leo Amazon-ის სატელიტური ინტერნეტის პროექტია, რომელიც SpaceX-ის Starlink-ის კონკურენტად განიხილება.
დაგეგმილი მისია LN-01-ის სახელით იყო ცნობილი და Amazon-ის განცხადებით, ის Leo-ს 24 გაშვებიდან პირველი უნდა ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ აფეთქების დროს სატელიტები რაკეტაზე განთავსებული არ იყო.
მილიარდერმა და Blue Origin-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა ინციდენტზე კომენტარი X-ის პოსტის მეშვეობით გააკეთა: „პერსონალი უსაფრთხოდაა. ჯერ ნაადრევია ძირითადი მიზეზის დადგენა, მაგრამ ჩვენ უკვე ვმუშაობთ მის პოვნაზე. ძალიან რთული დღე იყო, მაგრამ ყველაფერს აღვადგენთ, რაც საჭიროა და ფრენებს დავუბრუნდებით.“
Blue Origin-ის განცხადებას გამოეხმაურა ილონ მასკიც. SpaceX-ის დამფუძნებელმა X-ზე დაწერა: „სამწუხაროა ამის ნახვა, იმედი მაქვს, სწრაფად დაბრუნდებით.“
ინციდენტზე კომენტარი გააკეთა NASA-ს ადმინისტრატორმა ჯარედ აიზეკმენმაც. მისი განცხადებით, სააგენტო „ანომალიის შესახებ ინფორმირებულია“ და Blue Origin-თან ერთად მომხდარის მიზეზის ძიებაში ჩაერთვება.
„კოსმოსური ფრენები შეცდომებს არ გვპატიობს და მძიმე ტვირთამწეობის მქონე ახალი რაკეტების შექმნა უკიდურესად რთულია. ჩვენ პარტნიორებთან ერთად შევაფასებთ ინციდენტის გავლენას მიმდინარე მისიებზე და მუშაობას გავაგრძელებთ,“ – განაცხადა აიზეკმენმა.
NASA-მ ასევე აღნიშნა, რომ სააგენტო გაავრცელებს განახლებულ ინფორმაციას Artemis-ისა და Moon Base-ის პროგრამებზე ნებისმიერი პოტენციური ზემოქმედების შესახებ, „როგორც კი ეს ხელმისაწვდომი გახდება“.









