ფოტო: Gucci
იტალიური მოდის სახლი Gucci 2027 წლის სეზონიდან ფრანგული ავტომწარმოებელი კომპანია „რენოს“ საკუთრებაში არსებული ფორმულა 1-ის გუნდის, Alpine-ის მთავარი სპონსორი, ე.წ. „title partner“ გახდება. მხარეებს შორის მიღწეული გარიგების პირობებით, F1-ის გუნდი უკვე მომდევნო წლის სეზონიდან ჩემპიონატში მონწილეობას Alpine Formula One Team-ის სახელით მიიღებს.
Alpine-თან თანამშრომლობა მოდის სახლის სრულიად ახალი მიმართულების, Gucci Racing-ის ნაწილი იქნება. ეს უკანასკნელი Gucci-ის განცხადებით „ახალ ბიზნეს- და საექსპერიმენტო პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც პროდუქტიულობის, სიზუსტის, დისციპლინისა და სრულყოფილების ღირებულებებზეა აგებული – იქ, სადაც ფუფუნებისა და სპორტის გადაკვეთა ხდება“.
Gucci-ს ეს ნაბიჯი იტალიური მოდის სახლის ახალი სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანსაც ბრენდის ცნობადობის ზრდა და გაყიდვების კლების ტენდენციის შეჩერება წარმოადგენს. ამ მიზნით, მიმდინარე თვის დასაწყისში, Gucci-ს კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ, ნიუ-იორკში 2027 წლის საკრუიზო კოლექციაც წარადგინა.
შეგახსენებთ, 2024 წელს Liberty Media-ს საკუთრებაში არსებულ ჩემპიონატ ფორმულა 1-სა და ფრანგულ მოდის კონგლომერატ LVMH-ს შორის მრავალწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომლის ღირებულებაც $100 მილიონს აღწევს. თუმცა Gucci-სთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ფინანსური დეტალებიც არ საჯაროვდება, იტალიურ ბრენდს ისტორიაში პირველ მოდის სახლად აქცევს, რომლის სახელწოდებასაც F1-ის გუნდი ატარებს.
ცნობისთვის, Alpine-ის გუნდს იტალიელი ბიზნესმენი ფლავიო ბრიატორე ხელმძღვანელობს. Benetton-ის სახელით გუნდმა ჩემპიონობა 1994 და 1995 წლებში, მიხაელ შუმახერთან ერთად მოიპოვა, შემდგომ კი Renault-ს სახელით უკვე ფერნანდო ალონსოსთან ერთად – 2005 და 2006 წლებში. 2025 წლის სეზონში Alpine-მა ბოლო ადგილი დაიკავა, თუმცა 2026 წელი საკმაოდ კარგად დაიწყო და მეხუთე ეტაპის შემდეგ, 11 გუნდს შორის მეხუთე პოზიციაზეა.















