ფოტო: CNBC
Berkshire Hathaway-ის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა, გრეგ აბელმა, ორი დღის განმავლობაში 16.8 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კაპიტალდაბანდებაა. ინვესტიციები ტექნოლოგიურ სექტორსა და საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს მოიცავს.
ორშაბათს Berkshire Hathaway Google-ის მშობელი კომპანიის, Alphabet-ის, აქციების 10 მილიარდ დოლარად შეძენას დათანხმდა. გარიგება Alphabet-ის $80-მილიარდიანი კაპიტალის მოზიდვის პროგრამის ნაწილია და ინვესტორების შეფასებით, Berkshire-ის მხრიდან ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით Alphabet-ის სტრატეგიის მხარდაჭერას წარმოადგენს.
Berkshire Hathaway-მ Alphabet-ში ინვესტირება 2025 წლის მესამე კვარტალში დაიწყო. 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ჰოლდინგი Alphabet-ის 16.6 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციებს ფლობდა. დამატებითი $10-მილიარდიანი ინვესტიციის შემდეგ, Alphabet-ი, სავარაუდოდ, Berkshire-ის ხუთ უმსხვილეს საფონდო პოზიციას შორის მოხვდება.
ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ნაბიჯი გარკვეულწილად განსხვავდება უორენ ბაფეტის ტრადიციული საინვესტიციო მიდგომისგან, რომელიც ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ შედარებით ფრთხილი იყო. თუმცა ბაფეტს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ Alphabet-ში დროულად ინვესტირების შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას შეცდომად მიიჩნევდა.
მეორე მსხვილი გარიგება საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორს უკავშირდება. Berkshire Hathaway-მ 6.8 მილიარდ დოლარად შეიძინა Taylor Morrison Home Corp-ი, რომელიც აშშ-ის 12 შტატში ოპერირებს. გარიგება კომპანიას საშუალებას მისცემს საკუთარი საქმიანობა სამშენებლო და საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმართულებით კიდევ უფრო გააფართოოს.
Berkshire-ი უკვე ფლობს Clayton Homes-ს, რომელიც საცხოვრებელი სახლების სეგმენტში ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა, ასევე კომპანიებს, რომლებიც სამშენებლო მასალებს, საღებავებსა და საიზოლაციო პროდუქტებს აწარმოებენ. გარდა ამისა, ჰოლდინგი აშშ-ის ერთ-ერთ უმსხვილეს საცხოვრებელი უძრავი ქონების საბროკერო ქსელსაც მართავს.
ინვესტორები დიდი ხანია მოუწოდებდნენ გრეგ აბელს, რომ უფრო აქტიურად გამოეყენებინა Berkshire-ის ფულადი რესურსები. 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს კომპანიის ნაღდი ფულისა და მოკლევადიანი ინვესტიციების მოცულობა 380.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
ექსპერტების ნაწილის აზრით, სწორედ ამ უზარმაზარი ფულადი რეზერვების დაგროვება ახდენდა ზეწოლას Berkshire-ის აქციებზე. კომპანიის აქციები 2025 წლის მაისში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებლიდან დაახლოებით 13%-ით არის შემცირებული, მაშინ როდესაც S&P 500-ის ინდექსი იმავე პერიოდში 34%-ით გაიზარდა.
Berkshire Hathaway-ი კვლავ მიჰყვება მინიმუმ 30 მილიარდი დოლარის ფულადი რეზერვის შენარჩუნების პოლიტიკას, თუმცა ინვესტორები არ გამორიცხავენ, რომ მომავალში კომპანია საკუთარი აქციების გამოსყიდვის მაჩვენებელს გაზრდის ან 1967 წლის შემდეგ პირველად, დივიდენდის გადახდასაც განიხილავს.
Berkshire Hathaway-ს ეკუთვნის ათეულობით ბიზნესი, მათ შორის სარკინიგზო ოპერატორი BNSF, ენერგეტიკული და სამრეწველო კომპანიები, ასევე ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა Dairy Queen-ი, Fruit of the Loom-ი და See’s Candies-ი. სწორედ ამიტომ, ჰოლდინგს ხშირად ამერიკის ეკონომიკის ერთგვარ მიკრომოდელად მიიჩნევენ.










