ფოტო: Getty Images
ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთმა წამყვანმა კომპანიამ, Anthropic-მა, გუშინ განაცხადა, რომ აშშ-ის საფონდო ბირჟაზე აქციების საჯაროდ განთავსებისათვის განაცხადი ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების კომისიაში კონფიდენციალურად შეიტანა.
შეგახსენებთ, რომ წელს IPO-ზე გასვლა კიდევ ერთ ამერიკულ მსხვილ AI-კომპანიას, OpenAI-ს აქვს დაგეგმილი. შესაბამისად, Claude-ის შემქმნელი Anthropic-ი ცდილობს, რომ ბაზარზე მთავარ კონკურენტთან გარდამტეხი უპირატესობა მოიპოვოს.
მიმდინარე წელს Wall Street-ზე რამდენიმე მსხვილი IPO იგეგმება. ხელოვნური ინტელექტის კომპანიების მიერ აქციების საჯაროდ განთავსებასთან ერთად, IPO-ს ილონ მასკის კოსმოსური კომპანია SpaceX-ც გეგმავს, რომელმაც განაცხადი SEC-ში უკვე შეიტანა. ცნობისთვის, ეს უკანასკნელი, $1.75-ტრილიონიანი შეფასებით, დიდი ალბათობით, ყველაზე მსხვილი IPO გახდება.
Goldman Sachs-მა წლის დასაწყისში იწინასწარმეტყველა, რომ აშშ-ის IPO-ებიდან მიღებული შემოსავალი 2026 წელს რეკორდულ $160 მილიარდ დოლარს მიაღწევს, თუ დაგეგმილი IPO-ები ნამდვილად განხორციელდება.
ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტ Claude-ის მფლობელმა Anthropic-მა $65 მილიარდის მოცულობის ინვესტიცია მაისის ბოლოს მოიზიდა, რის შემდეგაც, მისმა ღირებულებამ კონკურენტ OpenAI-ს ღირებულებას გადააჭარბა. აღნიშნული ინვესტიციის მიღების შემდეგ, Anthropic-ის ფასი $965 მილიარდით განისაზღვრა.
ChatGPT-ის მფლობელი OpenAI-ს ღირებულება კი უკანასკნელი $122-მილიარდიანი საინვესტიციო რაუნდის შემდეგ, $852 მილიარდით განისაზღვრა.

















