ფოტო: nbcnews.com
აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ H-1B-ვიზებზე დაწესებული $100,000-იანი გადასახადი გააუქმა. მოსამართლე ლეო სოროკინის გადაწყვეტილებით, აღნიშნული გადასახადი უკანონო იყო, რადგან პრეზიდენტს მისი დაწესების უფლებამოსილება კონგრესის თანხმობის გარეშე არ გააჩნდა.
სასამართლომ მხარი დაუჭირა კალიფორნიასა და კიდევ 19 შტატს, რომლებმაც გასული წლის დეკემბერში სარჩელი შეიტანეს. შტატების გენერალური პროკურორების განცხადებით, ახალი გადასახადი უცხოელი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დასაქმების პროცესს მნიშვნელოვნად გააძვირებდა და უარყოფით გავლენას მოახდენდა ისეთ სექტორებზე, როგორებიცაა ჯანდაცვა და განათლება.
H-1B-ვიზა აშშ-ში მოქმედი პროგრამაა, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს დროებით დაასაქმონ უცხოელი სპეციალისტები იმ პროფესიებში, რომლებიც სპეციალიზებულ ცოდნასა და უმაღლეს განათლებას მოითხოვს. მოსამართლის გადაწყვეტილების თანახმად, ახალი წესის ამოქმედებამდე H-1B-ვიზის გაფორმებასთან დაკავშირებული ხარჯები $960-დან $7,595-მდე მერყეობდა.
ფედერალური მონაცემების მიხედვით, H-1B-ვიზების მეშვეობით ყველაზე მეტი თანამშრომელი Amazon-ს ჰყავს დასაქმებული – 4,831. შემდეგ მოდის Infosys-ი (3,195), Tata Consultancy Services-ი (2,885), Cognizant-ი (2,657), Apple-ი (2,381), Microsoft-ი (2,273), Google-ი (1,903) და Meta (1,606).
ტრამპმა $100,000-იანი გადასახადი გასული წლის სექტემბერში დააწესა. მისი ადმინისტრაციის განმარტებით, H-1B-პროგრამა ფართოდ გამოიყენებოდა ამერიკელი მუშაკების უცხოელი თანამშრომლებით ჩანაცვლებისთვის, რაც ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს აზიანებდა.
თეთრი სახლის წარმომადგენლის, ტეილორ როჯერსის განცხადებით, ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში შეიცვლება. მისი თქმით, პრეზიდენტს მკაფიო სამართლებრივი უფლებამოსილება აქვს, შეზღუდოს იმ უცხოელთა ქვეყანაში შესვლა, რომელთა ყოფნასაც აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიიჩნევს.
H-1B-ვიზებზე დაწესებული გადასახადი საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების უფრო ფართო კამპანიის ნაწილი იყო. მაშინ ვაჭრობის მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა, განაცხადა, რომ მსხვილი კომპანიები წინასწარ იყვნენ ინფორმირებულნი და ცვლილებას მხარს უჭერდნენ.
თუმცა ინიციატივას კრიტიკოსებიც ჰყავდა. ჯენსენ ჰუანგმა აღნიშნა, რომ მისი ოჯახის ამერიკაში იმიგრაცია H-1B-პროგრამის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. მეორე მხრივ, სემ ალტმანი და რიდ ჰასტინგსი გადასახადის შემოღებას მხარს უჭერდნენ. ჰასტინგსის შეფასებით, ახალი წესი უზრუნველყოფდა, რომ H-1B-ვიზები მხოლოდ განსაკუთრებით მაღალი ღირებულების სამუშაო პოზიციებისთვის გამოყენებულიყო.











