ფოტო: POOL/AFP via Getty Images
პარიზში მდებარე ლუვრის მუზეუმმა, 9-თვიანი პაუზის შემდეგ, აპოლონის გალერეაში დამთვალიერებლების მიღება დაიწყო. გალერეა გასულ წელს მომხდარი მასშტაბური ძარცვის გამო, რომლის დროსაც ქურდებმა 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ფრანგული სამეფო ძვირფასეულობა მოიპარეს, დახურული იყო.
წაიკითხეთ ასევე: რა ვიცით ლუვრის ძარცვის შესახებ?
ფრანგული მედიის ინფორმაციით, გალერეაში სამეფო ძვირფასეულობა აღარ გამოიფინება. სივრცე თავის თავდაპირვანდელ, XVII საუკუნის დანიშნულებას დაუბრუნდება და სახელმწიფო ცერემონიებისთვის განკუთვნილი ისტორიული გალერეის ფუნქციას შეასრულებს.
ვიზიტორებს კვლავ შეეძლებათ დაათვალიერონ გალერეის მოოქროვილი ჭერი და კედლები, სკულპტურები და ფრესკები, თუმცა სამეფო სამკაულები და მათი საგამოფენო ვიტრინები ექსპოზიციიდან სრულად ამოღებულია.
ლუვრის დირექტორის, კრისტოფ ლერიბოს განცხადებით, გადარჩენილი ძვირფასეულობა მუზეუმის სხვა ნაწილში მდებარე სპეციალურად დაცულ ადგილზე, სეიფში ინახება.
აღსანიშნავია, რომ ლერიბო ლუვრს გასულ წელს, მას შემდეგ ჩაუდგა სათავეში, რაც მისი წინამორბედი ოქტომბერში მომხდარი ძარცვის შემდეგ გადადგა. ამჟამად ის მუზეუმის 1 მილიარდი დოლარის ღირებულების სარეკონსტრუქციო პროექტსაც ხელმძღვანელობს.
Associated Press-ის ინფორმაციით, ძარცვის შემდეგ ლუვრში უსაფრთხოების ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდა, კერძოდ, დამონტაჟდა დამატებითი სათვალთვალო კამერები და ანტიშეღწევის სისტემები ამოქმედდა.
შეგახსენებთ, გასული წლის 19 ოქტომბერს, ქურდების ჯგუფმა ლუვრში კალათიანი ამწეს გამოყენებით სამკაულები მოიპარა და სკუტერებით მიიმალა. მოპარულ სამკაულებს შორის იყო ყელსაბამები, საყურეები, ბროში და ორი გვირგვინი, მათ შორის ერთი იმპერატრიცა ეუხენიას, იმპერატორ ნაპოლეონ III-ის მეუღლეს ეკუთვნოდა. საერთო ჯამში მოპარული ძვირფასეულობის ღირებულება 88 მილიონ ევროს შეადგენდა.
წაიკითხეთ ასევე: რა ღირებულების სამკაულები მოიპარეს ლუვრის ძარცვისას?











