აშშ-ში ბრაზილიიდან იმპორტირებული პროდუქციის ნაწილზე 25%-იანი ტარიფი ამოქმედდა

აშშ-ში ბრაზილიიდან იმპორტირებული პროდუქციის ნაწილზე 25%-იანი ტარიფი ამოქმედდა

აშშ-ში ბრაზილიიდან იმპორტირებული პროდუქციის ნაწილზე 25%-იანი ტარიფი ამოქმედდა. ახალი საბაჟო გადასახადი სოფლის მეურნეობის ტექნიკას, ხის ნაწარმს, ეთანოლსა და ტანსაცმელს ეხება და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებში დაძაბულობას კიდევ უფრო ზრდის.

ეს არის პირველი სატარიფო გადასახადი, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 1974 წლის სავაჭრო აქტის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დააწესა. ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ ბრაზილია სავაჭრო პრაქტიკას არაკეთილსინდისიერ იყენებს, მათ შორის ელექტრონული გადახდების მომსახურების, ეთანოლის ბაზარზე წვდომისა და უკანონო ტყის გაჩეხვის მიმართულებით.

ბრაზილიის მთავრობისა და ქვეყნის ეროვნული ინდუსტრიის კონფედერაციის (CNI) შეფასებით, ახალი ტარიფები 7-11 მილიარდი დოლარის ღირებულების ბრაზილიურ ექსპორტს შეეხება, რაც აშშ-ში ბრაზილიის მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 18%-26%-ს შეადგენს.

ისიც უნდა ითქვას, რომ აშშ-მა ტარიფებისგან რამდენიმე მნიშვნელოვანი პროდუქტი გაათავისუფლა, მათ შორის საქონლის ხორცი, ყავა, თვითმფრინავები და ავიაციის კომპონენტები, რათა ზომების შიდა ეკონომიკური გავლენა შეემსუბუქებინა.

ახალი ტარიფები განსაკუთრებით მძიმე გავლენას ბრაზილიის ფეხსაცმლის ინდუსტრიაზე მოახდენს, რომლისთვისაც აშშ უმსხვილესი საექსპორტო ბაზარია. ბრაზილიის ფეხსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციამ მიმდინარე წლის საექსპორტო პროგნოზი უკვე გააუარესა. თუ ადრე სექტორი ექსპორტის 3.6%-იან შემცირებას ელოდებოდა, ახლა პროგნოზი 7.1%-იან კლებამდე გაიზარდა. ასოციაციის მონაცემებით, ბრაზილიიდან ექსპორტირებული ყოველი მეხუთე წყვილი ფეხსაცმელი სწორედ აშშ-ის ბაზარზე იყიდება.

ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ მუდმივად ცვალებადი სატარიფო პოლიტიკა ორ ქვეყანას შორის გრძელვადიან სავაჭრო ურთიერთობებს დააზარალებს. მათი შეფასებით, გაურკვევლობა ამერიკელ იმპორტიორებს ბრაზილიური პროდუქციის შესყიდვისგან თავის შეკავებას აიძულებს, ხოლო ბრაზილიურ კომპანიებს აშშ-ის ბაზარზე ორიენტირებული ინვესტიციების განხორციელების სურვილს შეუმცირებს.

CNI-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ბრაზილიის ექსპორტი აშშ-ში 2.6 მილიარდი დოლარით, 13%-ით შემცირდა, რაც ძირითადად რკინისა და ფოლადის ნაწარმის, ნავთობპროდუქტებისა და ხის მერქნის ექსპორტის კლებამ განაპირობა.

ამასთან, ბრაზილია აშშ-ის კიდევ ერთი გამოძიების ობიექტია, რომელიც იძულებითი შრომის შესაძლო გამოყენებას ეხება. გამოძიება 24 ივლისს სრულდება და მისი შედეგების მიხედვით, გარკვეულ პროდუქციაზე შესაძლოა დამატებით 12.5%-იანი ტარიფი დაწესდეს. ამ შემთხვევაში, ზოგიერთი ბრაზილიური საქონლისთვის საერთო საბაჟო გადასახადი 37.5%-მდე გაიზრდება.

ბრაზილიის ვაჭრობის მინისტრმა მარსიო ელიას როსამ განაცხადა, რომ მთავრობას ჯერ არ აქვს ინფორმაცია, დამატებითი ტარიფი არსებულ 25%-იან გადასახადს ზემოდან დაემატება თუ არა, ან იქნება თუ არა რომელიმე სექტორისთვის გამონაკლისი.