რატომ შედიან Amazon-ი, Apple–ი, NVIDIA, Meta, Oracle-i, Coursera, Huawei, ZTE და Alibaba უზბეკეთის ციფრულ ბაზარზე და რატომ მონაწილეობენ რეგიონის უმსხვილეს ტექნოლოგიურ ღონისძიებაში – ICT Week Uzbekistan 2026-ში?
წელს ICT Week Uzbekistan-ის ფორუმმა 30 000-ზე მეტ ვიზიტორს, ათასობით სტარტაპს, ასობით ვენჩურულ ფონდსა და ინვესტორს, ასევე 3 000-ზე მეტ უცხოელ სტუმარს მოუყარა თავი – მათ შორის იყვნენ სპიკერები, ექსპერტები და პარტნიორები.
ფორუმზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტექნოლოგიური სექტორის განვითარების შესახებ აქტუალური მონაცემები წარადგინეს: ქვეყნის სტარტაპების ეკოსისტემა 4,3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, IT-სფეროში 300 000 სპეციალისტი მუშაობს, ხოლო შეღავათების სისტემა უცხოელი დამფუძნებლებისა და ფონდებისთვის არის განკუთვნილი.
სწორედ ამ რიცხვით დაიწყო ციფრული ტექნოლოგიების სამინისტრომ ქვეყნის ეკოსისტემის პრეზენტაცია. სამინისტროს მიერ მოყვანილი dealroom.co-ს მონაცემებით, 2022 წელს ეკოსისტემის ღირებულება სულ რაღაც 790 მილიონ დოლარს შეადგენდა, ამჟამად კი უზბეკეთი ვენჩურული ინვესტიციების ზრდით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს – ზრდა 544,5%-ს შეადგენს.

ინვესტორებისთვის გასაგები ზრდის მრუდი
ეკოსისტემა რამდენიმე წლის განმავლობაში უწყვეტად იზრდებოდა, თუმცა ზრდის ტემპი საგრძნობლად იცვლებოდა. dealroom.co-ს შეფასებით, 2023 წელს ეკოსისტემის ღირებულება 1,2 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2024 წელს – 1,7 მილიარდს, ხოლო 2025 წელს – 3,9 მილიარდს. 2020 წლიდან უზბეკურმა სტარტაპებმა 400 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს. ამჟამად ქვეყანაში 20-ზე მეტი ვენჩურული ფონდი მოქმედებს, რომელთა ერთობლივი კაპიტალი 200 მილიონ დოლარს აჭარბებს.
სამინისტროს მიერ მოყვანილი dealroom.co-ს მონაცემებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში „უნიკორნის“ სტატუსი ორმა კომპანიამ მიიღო – Uzum-მა და TBC Bank-მა. მილიარდ დოლარად შეფასებული კომპანიების გამოჩენა ადგილობრივი სტარტაპების ეკოსისტემის მომწიფების კიდევ ერთი ნიშანია.

უზბეკეთის წინსვლა საერთაშორისო რეიტინგებშიც ჩანს. StartupBlink-ის Global Startup Ecosystem Index Report-ის მიხედვით, ქვეყანა 2022 წლის 115-ე ადგილიდან 2026 წელს 79-ე ადგილზე ავიდა – ერთბაშად 36 პოზიციით დაწინაურდა. StartupBlink-მა უზბეკეთი ასევე მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ სტარტაპების ეკოსისტემად და ცენტრალური აზიის №1 სტარტაპჰაბად დაასახელა და მას „წლის ქვეყნის“ წოდება მიანიჭა. თავის მხრივ, Startup Genome-მა ტაშკენტი ცენტრალური აზიის 2026 წლის სტარტაპების დედაქალაქად დაასახელა.
StartupBlink-ის ქალაქების რეიტინგში ტაშკენტი მსოფლიოში 229-ე ადგილს იკავებს – უფრო მაღალ პოზიციას, ვიდრე მეზობელი ყაზახეთის ქალაქები, ალმათი (291-ე ადგილი) და ასტანა (332-ე ადგილი). გლობალურ რეიტინგში სამარყანდი (814-ე ადგილი) და ფერღანაც (863-ე ადგილი) მოხვდნენ, რაც დედაქალაქის ფარგლებს გარეთ სტარტაპების გარემოს განვითარებაზე მიუთითებს.
სად იდება გარიგებები?
Startup Genome–ი გამოყოფს სამ სექტორს, რომლებიც ტაშკენტის ეკოსისტემის განვითარებას განაპირობებს: ფინტექსა და ელექტრონულ კომერციას (e-commerce), ხელოვნურ ინტელექტსა და ლოგისტიკას, ასევე საგანმანათლებლო ტექნოლოგიებს. უცხოური ფონდები ამ მიმართულებებს კარგად იცნობენ, ამიტომ ბაზარზე ახალბედებს მათში გარკვევა გაუადვილდებათ.
წამყვანი აქსელერატორები პროექტების ნაკადს აყალიბებენ. სამინისტროს მონაცემებით, ორმა უზბეკურმა სტარტაპმა Y Combinator-ის აქსელერაცია გაიარა, 100-ზე მეტმა – Plug and Play-ის, 10-მა – Alchemist-ის, ხუთმა კი – 500 Global-ის. უცხოელ ინვესტორებს შეუძლიათ მუშაობა იმ კომპანიებით დაიწყონ, რომლებმაც გარე შერჩევა უკვე გაიარეს.

სახელმწიფო ადრეულ ეტაპზე მყოფ პროექტებსაც უჭერს მხარს. 50-მილიონდოლარიანი პროგრამა Digital Startups–ი ახალ პროექტებს ეხმარება. კიდევ სამი ეროვნული კონკურსის ფარგლებში 110 გამარჯვებულს შორის 11 მილიონი დოლარი ნაწილდება: President Tech Award–ი (5 მილიონი დოლარი), President AI Award–ი (1 მილიონი დოლარი) და Land of Startups–ი (5 მილიონი დოლარი).
კიდევ ერთი მსხვილი პროექტია Future Technologies Valley, რომლის ღირებულება 200 მილიონ დოლარს შეადგენს და რომელიც აზიის განვითარების ბანკთან ერთად მუშავდება. მიზანია 500 ახალი სტარტაპის შექმნა, რომელთა ერთობლივი შეფასება 100 მილიონი დოლარი იქნება. „ველში“ ხელმისაწვდომი იქნება 200 GPU-ზე დაფუძნებული გამოთვლითი სიმძლავრეები, ექვსი ლაბორატორია და 3 000 მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილი.
კადრები და გამოთვლითი სიმძლავრეები ფართო მასშტაბით
ტექნოლოგიური სექტორის ზრდას სპეციალისტების რაოდენობის მატებაც ახლავს. სამინისტროს მონაცემებით, IT–სპეციალისტების რაოდენობა 2017 წლის 64,3 ათასიდან დღეს 300 ათასამდე გაიზარდა. იმავე პერიოდში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა რაოდენობა 297 700-დან 1,9 მილიონამდე გაიზარდა.

ეროვნული საგანმანათლებლო ინიციატივების მეშვეობით ახალი სპეციალისტების მომზადებაც ფართოვდება. სახელმწიფო ციფრული განათლების პროგრამების მასშტაბს ზრდის: One Million Uzbek Coders-მა 1,7 მილიონი ადამიანი მოიცვა, ხოლო Five Million AI Leaders-მა – 1,3 მილიონი. უზბეკეთმა პირველი ადგილი დაიკავა Coursera-ს ანგარიშში – Global Skills Report 2024–ში, ხოლო 2025 წელს Outstanding Achievement Award-ის ჯილდო მიიღო. ტაშკენტში ჩატარებულ 2026 წლის ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქვეყნის გუნდმა ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ამავე დროს ქვეყანა გამოთვლით ინფრასტრუქტურას აძლიერებს. 2025 წლის ივლისში ამუშავდა NVIDIA B200-ზე დაფუძნებული პირველი სუპერკომპიუტერი, რომლის წარმადობა 64 პეტაფლოპსს (FP4) შეადგენს. კიდევ ერთი, გაცილებით მძლავრი სისტემა ორ ეტაპად ამოქმედდება: პირველი ეტაპი (2 304 პეტაფლოპსი) 2026 წლის მარტში დაიწყო, ხოლო მეორე ეტაპი (4 608 პეტაფლოპსი) 2026 წლის დეკემბერშია მოსალოდნელი. AI–ლაბორატორიები უკვე 20 უნივერსიტეტში ფუნქციონირებს.
DATAVOLT-ისა და LinkWise-ის მონაწილეობით განხორციელებული „მწვანე“ AI–მონაცემთა ცენტრების პროექტები 7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. Oxford Insights-ის რეიტინგ Government AI Readiness Index–ში უზბეკეთი 25 პოზიციით დაწინაურდა – 87-ე ადგილიდან 62-ე ადგილზე გადავიდა.
რას სთავაზობს უზბეკეთი უცხოურ კომპანიებს?
ინვესტორებისთვის, ალბათ, ყველაზე მეტყველი მაჩვენებელია ის, თუ საით მიემართება უკვე დღეს უზბეკეთის IT–სექტორის შემოსავლები. ჩრდილოეთ ამერიკაზე მოდის IT Park-ის კომპანიების ექსპორტის 54%. IT Park–ი სახელმწიფო ტექნოპარკია, რომლის რეზიდენტებისთვისაც სპეციალური საგადასახადო რეჟიმი მოქმედებს. რეზიდენტი კომპანიების ექსპორტი 2017 წლის 0,6 მილიონი დოლარიდან 1,1 მილიარდ დოლარზე მეტად გაიზარდა.
დღეს IT Park-ს 4 000-ზე მეტი რეზიდენტი ჰყავს, 2017 წელს კი მათი რაოდენობა 147 იყო. მათგან 1 170-ზე მეტი უცხოური კომპანიაა, მაშინ როცა 2017 წელს ასეთი კომპანია მხოლოდ ოთხი იყო. რეზიდენტ კომპანიებში 56 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, IT Park-ს კი საერთაშორისო ოფისები აქვს აშშ-ში, გერმანიაში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, საუდის არაბეთსა და ჩინეთში.

უცხოური კომპანიებისა და IT–სპეციალისტებისთვის რამდენიმე ცალკეული მხარდაჭერის პროგრამა მოქმედებს. რეზიდენტები 0%-იან გადასახადებს იხდიან. IT Visa – ბინადრობის ნებართვა IT– სპეციალისტებისთვის – სამ წლამდე ვადით გაიცემა. პროგრამა Zero Risk–ი იმავე ვადით უფასო ოფისსა და აღჭურვილობას უზრუნველყოფს და ხელფასების 15%-მდე ანაზღაურებს.
საინვესტიციო ინფრასტრუქტურის ცალკეული მიმართულება Enterprise Uzbekistan-ს უკავშირდება, სადაც გათვალისწინებულია: ინგლისისა და უელსის საერთო სამართალზე დაფუძნებული სისტემა, ინვესტიციების დაცვა, კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა და მარეგულირებელი საცდელი გარემო.
ინვესტორებსა და დამფუძნებლებს IT Park-ის რეზიდენტობის, IT Visa-სა და Digital Startups-ის პროგრამის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება უშუალოდ IT Park Uzbekistan-ისგან შეუძლიათ.
რამდენიმე წელიწადში უზბეკეთმა შედარებით მცირე სტარტაპების ეკოსისტემიდან გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე სულ უფრო შესამჩნევ ბაზრამდე გზა გაიარა. ინვესტიციების ზრდას ვენჩურული ფონდების, საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამების, IT–განათლებისა და გამოთვლითი ინფრასტრუქტურის განვითარება ახლავს. ICT Week Uzbekistan 2026-მა აჩვენა, რომ ქვეყნისთვის მომდევნო ეტაპი უკვე იმდენად სტარტაპების რაოდენობის ზრდას კი არ უკავშირდება, რამდენადაც მათ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლასა და გლობალური კაპიტალის მოზიდვის უნარს.
ამჟამად უზბეკეთში 2 000-ზე მეტი აქტიური სტარტაპია და მათი რაოდენობა კვლავ იზრდება. მათი პროფილების ნახვა შესაძლებელია startupbase.uz-ზე.
დაწვრილებითი ინფორმაცია: https://www.outsource.gov.uz/en
აღნიშნულ კატეგორიაში გამოქვეყნებული მასალები მოწოდებულია მესამე მხარეების მიერ, და Forbes Georgia არ იღებს პასუხისმგებლობას მათ სიზუსტესა თუ სანდოობაზე.
















