Meta-ს AI-ასისტენტმა Muse-მა 22 დღეში აშშ-ში 5 მილიონი ჩამოტვირთვა დააგროვა

Meta-ს AI-ასისტენტმა Muse-მა 22 დღეში აშშ-ში 5 მილიონი ჩამოტვირთვა დააგროვა

ფოტო: Samuel Boivin/NurPhoto via Getty Images

Meta-ს ხელოვნური ინტელექტის ასისტენტმა, Muse-მა, გამოშვებიდან 22 დღეში აშშ-ში 5 მილიონ ჩამოტვირთვას გადააჭარბა. Sensor Tower-ის მონაცემებით, პროდუქტი კონკურენტ AI-ასისტენტებზე სწრაფ ზრდას აჩვენებს და გაშვებისთანავე აშშ-ის Apple App Store-ის რეიტინგში პირველ ადგილზე მოხვდა.

მარკ ცუკერბერგის კომპანიამ Muse-ი 8 სექტემბერს გამოუშვა. Sensor Tower-ის მონაცემებით, OpenAI-ის ChatGPT-ს აშშ-ში 5 მილიონ  ჩამოტვირთვამდე 56 დღე დასჭირდა, X-ის Grok-ს – 103 დღე, ხოლო Anthropic-ის Claude-ს – 492 დღე.

Muse-ი იმ 23 აპლიკაციას შორისაა, რომლებმაც აშშ-ში 5 მილიონ ჩამოტვირთვას გაშვებიდან 22 დღეში მიაღწიეს. ამ აპლიკაციების დაახლოებით 85% მობილური თამაშებია, მათ შორის Fortnite-ი, Pokémon GO და Candy Crush-ი. თამაშების გარდა სიაში ასევე არის Disney+-ი, HBO Max-ი და Threads-ი.

Sensor Tower-ის შეფასებით, Meta-მ Muse-ის პოპულარიზაციისთვის აქტიური სარეკლამო კამპანია გამოიყენა და გარკვეულ პერიოდში აპლიკაციას კომპანიის ყოველდღიური შიდა სარეკლამო შესაძლებლობების 50%-მდე დაუთმო. გასულ კვირას Muse-ი სარეკლამო ჩვენებების რაოდენობით აშშ-ში 15 ყველაზე აქტიურ პროდუქტს შორისაც მოხვდა.

Muse-ის სწრაფი ზრდა Meta-სთვის კომპანიის AI-ინფრასტრუქტურაში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. Meta 2026 წელს კაპიტალურ დანახარჯებზე $130-145 მილიარდის დახარჯვას ელოდება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ხელოვნურ ინტელექტს მოხმარდება.

Muse-ის გამოყენება უფასოდაც არის შესაძლებელი, თუმცა კომპანია მომხმარებლებს ორ ფასიან პაკეტს სთავაზობს. პირველი თვეში $20 ღირს და მომხმარებლებს უფრო მაღალ ლიმიტებს აძლევს. მეორე პაკეტის ღირებულება თვეში $100-ია და მუდმივი აგენტური აქტივობისთვისაა განკუთვნილი.

ცუკერბერგის კომპანია Muse-ის მონეტიზაციას სხვა გზებითაც გეგმავს. კომპანია აპირებს, საკომისიო მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ ასისტენტი მომხმარებლის სახელით შესყიდვებს, ჯავშნებს ან ფინანსურ ოპერაციებს განახორციელებს. გარდა ამისა, Meta-ს სურს, სხვა კომპანიებს Muse-ის ბიზნესპროდუქტიულობის პლატფორმებთან ინტეგრაციისთვის თითოეულ შესრულებულ მოქმედებაზე საფასური დააკისროს. მათ შორის უკვე სახელდება Zoom-ი, Intuit-ი და Slack-ი.

The Wall Street Journal-ის შეფასებით, Muse-ს 2030 წლისთვის Meta-სთვის $28.5 მილიარდის გენერირება შეუძლია.

თუმცა Muse-ის საწყისი პოპულარობა არაერთგვაროვან შეფასებებს იწვევს. ტექნოლოგიური ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩამოტვირთვების მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა მომხმარებლების თავდაპირველი ცნობისმოყვარეობით იყოს განპირობებული და დროთა განმავლობაში შემცირდეს. ასევე გამოითქვა მოსაზრება, რომ მომხმარებლები AI-ასისტენტებს შესაძლოა ძირითადად მარტივი, არამონეტიზებადი ამოცანებისთვის იყენებდნენ, რაც გამოწვევას შექმნის Meta-ს კომერციული გეგმებისთვის.

აღსანიშნავია, რომ Muse-ის გაშვებას Meta-ს აქციების მნიშვნელოვანი ზრდაც მოჰყვა. 1-ელ სექტემბერს კომპანიის აქციები $578.54 ღირდა, 8 სექტემბერს, Muse-ის გაშვების დღეს, ფასი $613.48-მდე გაიზარდა, ხოლო ოთხშაბათს $731.61-ს მიაღწია. ამგვარად, სექტემბრის დასაწყისიდან აქციების ღირებულება დაახლოებით 27.8%-ით გაიზარდა.

კომპანიის აქციების ფასის ზრდასთან ერთად გაიზარდა Meta-ს თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის, ქონებაც. Forbes-ის შეფასებით, Muse-ის გაშვებამდე ერთი დღით ადრე, 7 სექტემბერს, ცუკერბერგის ქონება დაახლოებით $203 მილიარდს შეადგენდა, ამჟამად კი მისი ქონება $250.2 მილიარდად არის შეფასებული, რაც მას მსოფლიოს მეექვსე უმდიდრეს ადამიანად აქცევს.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი