სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა – რა გაძვირდა?

სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა – რა გაძვირდა?

ფოტო: ISTOCK

2026 წლის სექტემბერში საქართველოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0.4% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, საბაზო ინფლაციამ წლიურად 3.7%, თამბაქოს გარეშე საბაზო ინფლაციამ კი 3.5% შეადგინა.

თვიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა ტრანსპორტის ჯგუფმა მოახდინა. სექტემბერში ამ ჯგუფში ფასები 2.9%-ით გაიზარდა, რამაც მთლიან თვიურ ინფლაციაზე 0.36 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 4.2%-ით, სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე 0.4%-ით, ხოლო სატრანსპორტო მომსახურებაზე – 0.4%-ით.

ჯანმრთელობის დაცვაზე ფასები 2.8%-ით გაიზარდა, რაც თვის ინფლაციაში 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ზრდა ძირითადად ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების 9.1%-ით გაძვირებას უკავშირდება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საპირისპიროდ, განათლების ჯგუფში ფასები სექტემბერში 12.2%-ით შემცირდა, რამაც თვის ინფლაციაზე -0.51 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. ცვლილება ძირითადად უმაღლესი განათლების 32.9%-ით გაიაფებამ განაპირობა. ამასთან, ფასები გაიზარდა საშუალო განათლებაზე 7%-ით, სკოლამდელ და დაწყებით განათლებაზე 5.8%-ით და დონით განუსაზღვრელ განათლებაზე 4.6%-ით.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზეც ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა ტრანსპორტის ჯგუფმა მოახდინა. სექტემბერში ტრანსპორტზე ფასები წლიურად 18.7%-ით გაიზარდა, რამაც საერთო ინფლაციაზე 2.2 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. მათ შორის, პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია 25.8%-ით, სატრანსპორტო მომსახურება კი 14.9%-ით გაძვირდა.

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები წლიურად 3.4%-ით გაიზარდა, რამაც წლიურ ინფლაციაში 1.24 პროცენტული პუნქტით შეიტანა წვლილი. ყველაზე მეტად გაძვირდა თევზეული – 18.1%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 9%-ით, პური და პურპროდუქტები – 6.9%-ით, ზეთი და ცხიმი – 4.8%-ით, ხოლო ყავა, ჩაი და კაკაო – 4.6%-ით.

ამავე პერიოდში ხილი და ყურძენი 4.3%-ით გაიაფდა, შაქრის, ჯემისა და სხვა ტკბილეულის ფასი 0.7%-ით, მინერალური და წყაროს წყლის, უალკოჰოლო სასმელებისა და ნატურალური წვენების ფასი კი 0.6%-ით შემცირდა.

საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფში ფასები წლიურად 9.2%-ით გაიზარდა, რამაც საერთო ინფლაციაზე 0.89 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე 10.9%-ით, ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ფასი 10.5%-ით, ხოლო საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა-შეკეთების ღირებულება 9.8%-ით გაიზარდა.

ჯანმრთელობის დაცვაზე ფასების წლიურმა ზრდამ 8% შეადგინა. ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება 11.5%-ით, სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობები კი 8.8%-ით გაძვირდა. ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.66 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

განათლების ჯგუფში ფასები წლიურად 12.5%-ით შემცირდა, რის შედეგადაც მისმა წვლილმა წლიურ ინფლაციაში -0.55 პროცენტული პუნქტი შეადგინა. უმაღლესი განათლების ფასები 32.9%-ით შემცირდა, მაშინ როცა სკოლამდელი და დაწყებითი განათლება 7%-ით, დონით განუსაზღვრელი განათლება 6.8%-ით, ხოლო საშუალო განათლება 6.6%-ით გაძვირდა.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი