Clive Mason/Getty Images
ამერიკულმა Forbes-მა Formula 1-ის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდების 2026 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. წლევანდელ სიაში შემავალი გუნდების საშუალო ღირებულება $5.2 მილიარდს აღწევს, რაც ერთწლიან ინტერვალში დაახლოებით 47%-იანი ზრდაა. შედარებისთვის, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 3.6 მილიარდს უტოლდებოდა.
Forbes-ის 2026 წლის რეიტინგში F1-ის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდის სტატუსს კვლავ Ferrari ინარჩუნებს, ამჯერად $9.5-მილიარდიანი ღირებულებით, რაც ერთ წელიწადში 46%-იანი ზრდაა. მეორე ადგილზეა Mercedes-ი, $9.2-მილიარდიანი შეფასებით და, შესაბამისად, გასულ წელთან შედარებით 53%-იანი მატებით. თუმცა ყველაზე მაღალი ზრდა Haas-მა დააფიქსირა. გუნდის ღირებულება 1-წლიან ინტერვალში 87%-ითაა გაზრდილი და $2.8 მილიარდს უტოლდება.
აღსანიშნავია გასული სეზონის ჩემპიონის, McLaren-ის, ღირებულების ზრდაც. Forbes-ის წლევანდელ რეიტინგში ლანდო ნორისითა და ოსკარ პიასტრით დაკომპლექტებული გუნდი $7.6 მილიარდადაა შეფასებული. შედეგად, გასულ წელთან შედარებით 73%-ით უფრო მაღალი ღირებულებით.
F1-ის გუნდების ღირებულების ზრდა ავტოსპორტისადმი ინვესტორების დაინტერესების გაძლიერებასა და შემოსავლების ზრდას უკავშირდება. ამასთან, მნიშვნელოვანი ფაქტორია 2021 წელს შემოღებული ხარჯების ზედა ზღვარი, რამაც გუნდებს ხარჯების უკეთ განკარგვისა და მაღალი მოგების მიღების შესაძლებლობა მისცა. მანამდე წამყვანი გუნდების წლიური ხარჯები $400 მილიონ დოლარსაც აჭარბებდა, რაც ჩემპიონატში მონაწილეობას დიდ ფინანსურ ტვირთად აქცევდა. ხოლო 2026 წლის სეზონისთვის ბიუჯეტის ზედა ზღვარი $215-ს შეადგენს.
Forbes-ის შეფასებით, Mercedes-მა 2025 წელს $225 მილიონის საოპერაციო მოგება მიიღო და მსოფლიოს ყველაზე მოგებიანი სპორტული გუნდების რეიტინგში მეხუთე ადგილი დაიკავა. გასული წელი Formula 1-ის კიდევ ხუთმა გუნდმა მოგებით დაასრულა. McLaren-მა 2025 წელს ფინანსურ ანგარიშში ზარალი დააფიქსირა, თუმცა ეს დიდწილად კომპანიის ხელმძღვანელებისთვის გრძელვადიანი წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში გაცემული მსხვილი ანაზღაურებებით იყო განპირობებული. Forbes-ის შეფასებით, ამ ერთჯერადი ხარჯის გარეშე გუნდის ფინანსური შედეგი გაცილებით უკეთესი იქნებოდა. გამოცემა ვარაუდობს, რომ 2026 წელს McLaren-ის მოგება $200 მილიონს მიაღწევს.
Forbes-ის შეფასებით, Formula 1-ის გუნდების ღირებულების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ინვესტორების მხრიდან მაღალი დაინტერესებაა, რასაც F1-ში გუნდების მცირე რაოდენობა განაპირობებს. Cadillac-ის დამატების შემდეგ ავტოსპორტის უმაღლეს ჩემპიონატში სულ 11 გუნდი მონაწილეობს, ამ რაოდენობის ზრდა კი უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არაა.
ამასთან, Formula 1-ის გუნდებში წილები იშვიათად იყიდება, რაც ინვესტორებს შორის კონკურენციასაც ამძაფრებს. მაგალითად, გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წელს Red Bull-მა Racing Bulls-ის შესყიდვაზე მიღებული შეთავაზება უარყო, რომლის ღირებულებაც $3 მილიარდს აღწევდა. აგვისტოში კი New York Jets-ის მილიარდერმა მფლობელმა ვუდი ჯონსონმა Aston Martin-ის გუნდში მცირე წილი შეიძინა. გარიგების პირობებით, გუნდის საერთო ღირებულება $4.75 მილიარდად შეფასდა.
F1-ის 1-ის ყველაზე ძვირადღირებული გუნდები 2026 წლისთვის
#1. $9.5 მილიარდი
Ferrari
შემოსავალი: $850 მილიონი | საოპერაციო მოგება: $160 მილიონი | გუნდის ხელმძღვანელი: ფრედერიკ ვასერი

#2. $9.2 მილიარდი
Mercedes
შემოსავალი: $855 მილიონი | საოპერაციო მოგება: $225 მილიონი | გუნდის ხელმძღვანელი: ტოტო ვოლფი

#3. $7.6 მილიარდი
McLaren
შემოსავალი: $794 მილიონი | საოპერაციო მოგება: -$58 მილიონი | გუნდის ხელმძღვანელი: ანდრეა სტელა

#4. $6.6 მილიარდი
Red Bull Racing
შემოსავალი: $706 მილიონი | საოპერაციო მოგება: $33 მილიონი | გუნდის ხელმძღვანელი: ლორან მეკისი
#5. $4.75 მილიარდი
Aston Martin
შემოსავალი: $464 მილიონი | საოპერაციო მოგება: -$27 მილიონი | გუნდის ხელმძღვანელი: ენდი ნიუი
#6. $3.8 მილიარდი
Audi
შემოსავალი: $340 მილიონი | საოპერაციო მოგება: -$20 მილიონი | გუნდის ხელმძღვანელი: მატია ბინოტო
#7. $3.5 მილიარდი
Williams
შემოსავალი: $329 მილიონი | საოპერაციო მოგება: -$27 მილიონი | გუნდის ხელმძღვანელი: ჯეიმს ვოულსი
#8. $3.4 მილიარდი
Alpine
შემოსავალი: $388 მილიონი | საოპერაციო მოგება: $22მილიონი | გუნდის ხელმძღვანელი: ფლავიო ბრიატორე
#9. $3.3 მილიარდი
Racing Bulls
შემოსავალი: $370 მილიონი | საოპერაციო მოგება: $10 მილიონი | გუნდის ხელმძღვანელი: ალან პერმენი
#10. $3 მილიარდი
Cadillac
შემოსავალი: N/A | საოპერაციო მოგება: N/A | გუნდის ხელმძღვანელი: მარკინ ბუდკოვსკი
#10. $2.8 მილიარდი
Haas
შემოსავალი: $199 მილიონი | საოპერაციო მოგება: $13 მილიონი | გუნდის ხელმძღვანელი: აიაო კომაცუ








