საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 723.5 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელზე 0.2%-ით (6 169 ადამიანით) ნაკლებია. 2018 წელს ბუნებრივი მატება დადებითი იყო, დაიბადა 51 138 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 46 524. მოსახლეობის ჯამური რაოდენობის კლების მიზეზი უარყოფითი მიგრაციული სალდო იყო, ქვეყნიდან 10 783 ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე საცხოვრებლად ჩამოვიდა.
რეგიონების მიხედვით თუ ვნახავთ, მოსახლეობის ზრდა თბილისში, აჭარაში და ქვემო ქართლში ფიქსირდება. 2018 წელს თბილისის მოსახლეობის რაოდენობა 12 400 ადამიანით გაიზარდა. ყველაზე მეტად იმერეთის მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირდა – 9 642 ადამიანით.
2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ურბანიზაციის (ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის წილი) მაჩვენებელი 58.7%-ია, ერთი წლის წინ 58.3% იყო. 2018 წელს სოფელში მცხოვრები მოსახლეობის რიცხოვნობა 15 700-ით შემცირდა, ხოლო ქალაქის მოსახლეობა 9 500-ით გაიზარდა.
ცხრილი: საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის ცვლილება რეგიონების მიხედვით, ათასებში
რეგიონი | 2017 | 2018 | ცვლილება |
საქართველო | 3,730 | 3,723 | -6.2 |
თბილისი | 1,159 | 1,171 | 12.4 |
იმერეთი | 507 | 497 | -9.6 |
ქვემო ქართლი | 432 | 433 | 0.9 |
აჭარის არ | 346 | 349 | 2.7 |
სამეგრელო-ზემო სვანეთი | 321 | 316 | -4.6 |
კახეთი | 315 | 312 | -2.2 |
შიდა ქართლი | 259 | 257 | -2.0 |
სამცხე-ჯავახეთი | 156 | 154 | -1.8 |
გურია | 111 | 109 | -1.1 |
მცხეთა-მთიანეთი | 94 | 94 | -0.3 |
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი | 30 | 30 | -0.5 |
წყარო: საქსტატი