ვაგრძელებთ განათლების ხარისხის თემაზე მომზადებული ვიზუალიზაციების სერიას.
ამ სტატიაში აქცენტს ვაკეთებთ ისევ მხოლოდ იმ უნივერსიტეტებზე, რომელთაც 2018 წელს მიიღეს ავტორიზაცია. ამჯერად, ჩვენ გაჩვენებთ რა შეფასებები ჰქონდა ექსპერტთა საბჭოს და საბოლოოდ, რა შეფასებებს დაეყრდნო თავის გადაწყვეტილებაში ავტორიზაციის საბჭო.
ორივე შემთხვევაში შეფასდა 7 საერთაშორისო სტანდარტი 4 სხვადასხვა კრიტერიუმით.
ეს სტანდარტებია:
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისია და სტრატეგიული განვითარება;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვა;
- საგანმანათლებლო პროგრამები;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალი;
- სტუდენტები და მათი მხარდამჭერი ღონისძიებები;
- კვლევა, განვითარება ან/და სხვა შემოქმედებითი საქმიანობა;
- მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები.
ეს კრიტერიუმებია:
- შესაბამისობაშია მოთხოვნებთან;
- მეტწილად შესაბამისობაშია მოთხოვნებთან;
- ნაწილობრივ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან;
- არ არის შესაბამისობაში მოთხოვნებთან
პირველი მასალის ჩვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნების შემდეგ, ბევრი უმაღლესი სასწავლებლისგან მივიღეთ უკუკავშირი, რისთვისაც მათ აქვე, უდიდეს მადლობას ვუხდით. ვითვალისწინებთ იმ კომენტარებსაც, რომლებიც აურაცხელი რაოდენობით დაიწერა ჩვენს ვებ-გვერდსა თუ ფეისბუქის გვერდზე და შესაბამისად, გვსურს უფრო დეტალურად ავხსნათ რამდენიმე საკითხი.
ვის ეხება ეს ვიზუალიზაცია?
მხოლოდ იმ უნივერსიტეტებს, ვინც 2018 წელს მიიღეს ავტორიზაცია. უნივერსიტეტები შეგიძლიათ გადაამოწმოთ აქ.
ვის არ ეხება ეს ვიზუალიზაცია?
იმ უნივერსიტეტებს, ვინც ეს პროცესი უნდა გაიარონ 2019–2020–2021 წლებში. განრიგი და სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
რა არის ამ ვიზუალიზაციის სტატისტიკა?
- იმ 24 უნივერსიტეტიდან, რომლებმაც 2018 წელს მიიღეს ავტორიზაცია, ოთხს არ სჭირდება არანაირი დამატებითი პირობის დაკმაყოფილება მომდევნო 6 წლის განმავლობაში (რაც ვიზუალიზაციაზე დატანილია, როგორც უპირობო ავტორიზაცია).
- იმ 4 უნივერსიტეტიდან, რომელთაც ე.წ. უპირობო ავტორიზაცია მიიღეს, ორივე საბჭოს შეფასებების მიხედვით, ყველა ძირითად საერთაშორისო სტანდარტს სრულად აკმაყოფილებს მხოლოდ ერთი – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ამ ჩამონათვალში ერთადერთი უნივერსიტეტია, რომლისთვისაც ძირითად სტანდარტებთან შესაბამისობის ნაწილში, განსხვავებულია ექსპერტთა საბჭოს შეფასებები და ის შეფასებები, რასაც საბოლოოდ ავტორიზაციის საბჭო დაეყრდნო – ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ეს უნივერსიტეტიც სრულად აკმაყოფილებს ყველა ძირითად საერთაშორისო სტანდარტს (ცვლილებები შეეხო სამ ძირითად სტანდარტს). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ორივე საბჭოს იდენტური შეფასებებით, მეტწილად აკმაყოფილებს მხოლოდ თითო–თითო ძირითად სტანდარტს, დანარჩენს – სრულად.
- იმ 24 უნივერსიტეტიდან, რომლებმაც 2018 წელს მიიღეს ავტორიზაცია, ექსპერტთა საბჭოს შეფასებები და ის შეფასებები, რასაც საბოლოოდ დაეყრდნო ავტორიზაციის საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას როგორც ძირითადი სტანდარტების, ისე ქვესტანდარტების გათვალისწინებით, ერთმანეთს არ დაემთხვა 14 უნივერსიტეტის შემთხვევაში.
რა არის ამ ვიზუალიზაციის მიზანი?
- გვჯერა, რომ ამ ტიპის ვიზუალიზაცი(ებ)ის შექმნა ერთი მხრივ, კარგად წარმოაჩენს გამჭვირვალობის იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს აქვს და მეორე მხრივ, კარგად წარმოაჩენს თავად უნივერსიტეტებსაც, რომლებმაც მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწიეს იმისთვის, რომ ავტორიზაცია მიეღოთ და მათ შორის, დაეკმაყოფილებინათ ყველა საჭირო საერთაშორისო სტანდარტი თუ ქვესტანდარტი (რაც არის ჩვენი ყველა ვიზუალიზაციის მთავარი აქცენტი).
- როდესაც აღვნიშნავთ უპირობო ავტორიზაციას, ჩვენ არ ვეყრდნობით რაიმე ტიპის საკანონმდებლო მოთხოვნას თუ ტერმინს: სრული სურათის უკეთ აღსაქმელად, ჩვენ გვსურს, ჩვენს მკითხველს ვაჩვენოთ, რომელ უნივერსიტეტებს მოუწევთ მომდევნო 6 წლის განმავლობაში ანგარიშის წარდგენა ან რაიმე სხვა ტიპის დამატებითი პირობის დაკმაყოფილება და რომელ უნივერსიტეტებს – არა.
- ჩვენ არ ვადარებთ უნივერსიტეტებს ერთმანეთს (მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტების უმრავლესობა ყველა ამ ტიპის ინფორმაციას სწორედ საკუთარი კონკურენტული უპირატესობის წარმოჩენისთვის იყენებს): კიდევ ერთხელ განვმარტავთ, უნივერსიტეტების ვიზუალიზაციის თანმიმდევრობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ გაჩვენებთ მხოლოდ საერთო სურათს რადგან მიგვაჩნია, რომ კარგად განვითარებული და კრიტიკული აზროვნების მქონე სამოქალაქო საზოგადოებისთვის ღირებული სწორედ ინფორმირებული არჩევანია.
რა კომენტარი მივიღეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან?
იმისთვის, რომ თავიდან აგვეცილებინა რაიმე ტიპის უზუსტობები, ჩვენს მიერ მომზადებული ვიზუალიზაცია გადავუგზავნეთ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს მათგან დასტურის მისაღებად, რომ ვიზუალიზაცია ზუსტად ასახავს იმ სურათს, რა შედეგიც დადგა ექსპერტთა და ავტორიზაციის საბჭოების შეფასებების საფუძველზე, რაც აისახა კიდეც საბოლოო გადაწყვეტილებებში.
პასუხად განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა განგვიმარტა, რომ “განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, მოცემულ შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია მიზნად არ ისახავდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეიტინგის შედგენას. ავტორიზაციის ფარგლებში თითოეული დაწესებულება შეფასდა თავის მისიასთან, მიზნებთან, ამოცანებთან და სტრატეგიით გათვალისწინებულ აქტივობებთან მიმართებით. შესაბამისად, სხვადასხვა დაწესებულების შეფასებების დადარება არ იძლევა რეალურ და სწორ სურათს, თუ რომელი მათგანია უკეთესი ან უარესი”.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა უნივერსიტეტი ცალ-ცალკე აანალიზებს ამ მონაცემებს, როგორც საკუთარი კონკურენტული უპირატესობების წარმოჩენის საშუალებას (რაც სრულიად ბუნებრივია, როდესაც ერთი და იგივე სტანდარტებთან შესაბამისობა დგინდება და საზომიც ყველას შემთხვევაში ერთი და იგივეა), ჩვენ ვითვალისწინებთ ეროვნული ცენტრის ამ მოსაზრებას და არ ვადგენთ უნივერსიტეტების რეიტინგს – მკითხველს თავად ვუტოვებთ არჩევანის თავისუფლებას, შეხედულებისამებრ გამოიყენოს ჩვენს მიერ ერთად თავმოყრილი ინფორმაცია, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია, ოღონდ არა სტრუქტურირებული ფორმით.
რაც შეეხება, ჩვენს მიერ მომზადებული ვიზუალიზაციების დამოწმების საკითხს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პასუხი ამ კუთხით ასეთია: “სამწუხაროდ, ჩვენი ადამიანური და დროის რესურსი არ გვაძლევს საშუალებას, რომ მოვახდინოთ თქვენს მიერ გამოქვეყნებულ მასალასა და ავტორიზაციის საბჭოს მიერ განხორციელებული შეფასებების შედარებითი ანალიზი. როგორც მოგეხსენებათ, 30-მდე დაწესებულება შეფასდა ავტორიზაციის სტანდარტებთან მიმართებით და აღნიშნული სამუშაოს განხორციელება მოითხოვს ჩვენგან დამატებით რესურსებს”.
ამ პასუხიდან ნათლად იკვეთება, რამხელა შრომა და სკრუპულოზური მიდგომა სჭირდება მთელი ამ ინფორმაციის თავმოყრას და შემდეგ უკვე მის ვიზუალიზაციად ქცევას. ამიტომ ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც პირველი მასალის შემთხვევაში, პირველ რიგში, სწორედ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან ველოდებით უკუკავშირს, რომ საბოლოოდ, რაც შეიძლება ზუსტი და დეტალური სურათი მივიღოთ, თუ რა გზა გაიარეს ერთი მხრივ, ექსპერტთა და ავტორიზაციის საბჭოებმა და მეორე მხრივ, თავად უნივერსიტეტებმა ავტორიზაციის პროცესში და რას დაეფუძნა ავტორიზაციის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებები ამა თუ იმ უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის მინიჭების შესახებ.