დღეს, 21 მარტს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2017 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად 2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა და 38 მილიარდი ლარი (15 მილიარდი დოლარი) შეადგინა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ (2012 წლის შემდეგ) წლიური 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა (11.2%) სასტუმროებისა და რესტორნების, ასევე მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა. მესამე ადგილზეა საფინანსო საქმიანობა 9.2%-ით, ხოლო მეოთხეზე ტრანსპორტია 7.2%-ით.
ეკონომიკა შემცირდა სოფლის მეურნეობის (-2.7%) და შინამეურნეობების მიერ პროდუქციის გადამუშავების (-2.7%) სექტორებში.
2017 წელს საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მსხვილი სექტორი ვაჭრობა იყო, ეკონომიკის 17.6%-ით. მეორე ადგილზეა მრეწველობა 16.4%-ით, ხოლო მესამეზე ტანსპორტი და კავშირგაბმულობაა 10.2%-ით.
ცხრილი: საქართველოს ეკონომიკის ზრდა სექტორების მიხედვით, 2017 წელი
ეკონომიკის სექტორები | ზრდა |
სასტუმროები და რესტორნები | 11.2% |
მშენებლობა | 11.2% |
საფინანსო საქმიანობა | 9.2% |
ტრანსპორტი | 7.2% |
სამთომოპოვებითი მრეწველობა | 7.1% |
ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა რემონტი | 6.6% |
ოპერაციები უძრავი ქონებით | 6.3% |
დამამუშავებელი მრეწველობა | 5.0% |
კავშირგაბმულობა | 4.2% |
განათლება | 3.6% |
სახელმწიფო მმართველობა | 3.4% |
სხვა კომუნალური და პერსონალური მომსახურების გაწევა | 3.1% |
ჯანმრთელობის დაცვა | 2.8% |
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილება | 1.8% |
სოფლის მეურნეობა | -2.7% |
პროდუქციის გადამუშავება შინამეურნეობების მიერ | -2.7% |
წყარო: საქსტატი