ძველი სახლის ახალი სიცოცხლე

ძველი სახლის ახალი სიცოცხლე

„კონფიდენს გრუპი“ და „სოკარი“ თბილისს ასი წლის შენობას უბრუნებს.

ეს შენობა ალბათ არასდროს შეგინიშნავთ, თუმცა მის გვერდით არაერთხელ ჩაგივლიათ; ქუჩიდან ათიოდე მეტრში დგას, საკმაოდ მაღალიცაა, მეტალით მოჩუქურთმებული წვეტიანი სახურავი ცისკენაა აღმართული, გარშემო აზიდული ხეების რიგიდან ძველი არქიტექტურის ულამაზესი ნაშთებიც მოჩანს, მაგრამ, დროთა განმავლობაში, მიწაში იმდენად ღრმად ჩაჯდა, ისე დაიფარა მიწის ათასი ფენითა და მტვრით, რომ მისი შემჩნევა შეუძლებელი გახდა. თუმცა ცოტა ხანში მის დღემდე შემორჩენილ დიდებას აუცილებლად იხილავთ – „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ ინიციატივით Confidence Group-ის მფლობელობაში არსებული ძეგლი მალე ახალ სიცოცხლეს დაიწყებს.

ამისთვის ჰოლანდიური კომპანია Bresser-ის მიერ წლების განმავლობაში შემუშავებულ უნიკალურ მეთოდსა და თანამედროვე ტექნოლოგიას გამოიყენებენ და შენობა, არც მეტი არც ნაკლები, მიწის ზედაპირზე 3,4 მეტრით აიწევს. ამ მეთოდს ჰოლანდიელი სპეციალისტები დიდი ხანია, იყენებენ, მათ მიერ გადაადგილებული და სიმაღლეზე აწეული შენობები მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა ასეთ სიმაღლეზე შენობის აწევის ფაქტი ევროპის ტერიტორიაზე პირველად სწორედ თბილისში დაფიქსირდება. როგორც კომპანიის წარმომადგენელი და ამ კონკრეტული პროექტის ხელმძღვანელი ამბობს, Bresser-ს შენობების ათობით კილომეტრზე გადაადგილების გამოცდილებაც აქვს, თუმცა მიწაში ჩაძირული შენობა სამ მეტრზე მაღლა არასდროს აუწევიათ. „ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. ამ პროექტისთვის დიდხანს ვემზადებოდით. საგულდაგულოდ შევისწავლეთ ნიადაგის ფენები და თავად შენობის მდგრადობა, რადგან რამდენიმე დღის განმავლობაში მას საკმაოდ დიდი დატვირთვის გადატანა მოუწევს. ჩვენი სპეციალისტები ამისთვის მზად არიან, თბილისი კი სულ მალე კიდევ ერთ განახლებულ და ლამაზ შენობას მიიღებს“, – ამბობს პროექტის ხელმძღვანელი.

აღნიშნული ძეგლი იალბუზის ქუჩის N18-ში მდებარეობს, „სოკარის“ სათავო ოფისის გვერდით. ამ ულტრათანამედროვე არქიტექტურული ნიმუშის ფონზე მიკარგული ასწლოვანი ისტორიის მქონე ნაგებობის გადარჩენის ინიციატივა სწორედ მეზობელს ეკუთვნის.

ირაკლი ზუბიტაშვილი, „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „სოკარისთვის“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პატრონობა უცხო არ გახლავთ. სწორედ ეს გახლავთ „სოკარის“ ღირებულება და ამ პროექტში ჩვენი მთავარი დაინტერესება. შენობის გადარჩენის იდეა დეველოპერულ კომპანია Confidence Group-თან მოლაპარაკების შედეგად გაჩნდა. ორივე მხარე შევთანხმდით, რომ ქალაქისთვის ეს აუცილებელი იყო, ჩანაფიქრის განხორციელება კი ერთობლივად შეგვეძლო. სახლის მიწიდან ამოწევის შემდეგ მისი რესტავრაციის ეტაპი დაიწყება, რის შემდეგაც გადაწყდება, თუ რა ფორმით გააგრძელებს ეს სივრცე არსებობას“.

კომპანიის გენერალური დირექტორი მაირ მამედოვი კი არ მალავს, რომ სამომავლოდ აქ Socar საქართველოს სასტუმრო კომპლექსის ნაწილი განთავსდება, რომლის პროექტის შემუშავებაც უკვე დაწყებულია და თბილისის მთავრობასთან შეთანხმების მიღწევისთანავე განხორციელდება.

თუმცა ჯერ მუშობა Bresser-ის სპეციალისტებმა უნდა დაასრულონ. კომპანიის საკმაოდ დიდმა ჯგუფმა თბილისში უნიკალური აპარატურა ჩამოიტანა. პირველ ეტაპზე შენობის პირველი სართული მთლიანად მოძრავი ხიმინჯებით გაამაგრეს, შემდეგ კი ის პროცესი დაიწყეს, რომლის აღწერაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია და ალბათ კომპანიის საიდუმლოც გახლავთ.

წარმოუდგენელი კი არაფერია, მით უფრო – დღეს და მით უფრო – საქართველოში, სადაც მაღალმთიან რაჭაში მეწყრის შედეგად ადგილნაცვალი ოდების პირვანდელ ადგილას დაბრუნების უძველესი ტრადიცია არსებობს. თუ რაჭველი ოსტატები „გაქცეულ“ სახლებს უკან ხარებშებმული ურმებითა და თვითნაკეთი იარაღებით აბრუნებდნენ, ჰოლანდიელ სპეციალისტებს ზურგს მრავალწლიანი გამოცდილება და საუკეთესო ინჟინრების მიერ შემუშავებული მეთოდები უმაგრებთ. ეს კი სამუშაოს ხარისხიანად დასრულების გარანტიას ნიშნავს.

როგორც ისტორიიდან ვიგებთ, იალბუზის ქუჩის გამორჩეული სახლი 1900-1905 წლებში აუშენებიათ. მისი არქიტექტორი პოლონელი ალექსანდრ შიმკევიჩი გახლავთ. სანქტ-პეტერბურგში დაბადებული არქიტექტორი თბილისში, 1907 წელს გარდაიცვალა და აქვეა დაკრძალული. კარლ მაის სახელობის სკოლის დასრულების შემდეგ შიმკევიჩი პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის მსმენელი გახდა, სადაც არქიტექტორის სპეციალობა შეისწავლა. 1885 წელს თბილისში მუშაობა შესთავაზეს, რაზეც დათანხმდა და სიკვდილამდე აქ იცხოვრა. სწორედ მისი პროექტების მიხედვით აიგო თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების არაერთი ულამაზესი შენობა, მათ შორის: აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს უზენაესი სასამართლო, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, კონსერვატორია, ანდრეოლეტის სახლი, ფუნიკულიორის შენობა, ბათუმის გიმნაზია და სხვა.

შენობის თავდაპირველი დანიშნულება საცხოვრებელი სახლი იყო და ის თბილისელ ვაჭარს, მიხეილ თამამშევს ეკუთვნოდა. ადვილად წარმოსადგენია, როგორ მდგომარეობაში იყო მაშინ ეს შენობა – მდიდარი ვაჭრის სახლი ძვირფასი ავეჯითა და დეკორით იქნებოდა გაწყობილი, ალბათ ხშირად იმართებოდა სალონური ან საქმიანი შეხვედრებიც. ერთ-ერთ წყაროში მას სააგარაკო „ოსობნიაკადაც“ მოიხსენიებენ, რაც ალბათ ადგილმდებარეობითაა გამოწვეული – იალბუზის ქუჩა ძველი თბილისის ცენტრიდან ხომ საკმაოდ მოშორებით მდებარეობს, ასი წლის წინ კი აქაურობა მართლაც შეიძლებოდა სააგარაკოადგილადაც მიგვეჩნია. შენობა, რომელიც სულ ახლახანს მიწაში ეფლობოდა, მალე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს მიიღებს.

ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, როდის დაუბრუნდება აქაურობას პირვანდელი სახე, როდის დასრულდება რესტავრაცია და არქიტექტურული ძეგლი ახალ ფუნქციას შეიძენს, თუმცა პროცესი უკვე დაწყებულია – ას წელს გადაბიჯებული შენობა ჯერ მიწიდან უნდა ამოიზარდოს და თბილისს საკუთარი არსებობა შეახსენოს.