უცხოეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხები კლებას განაგრძობს. 2015 წლის მარტში, წინა წლის მარტთან შედარებით, ფულადი გზავნილები 28.4 მილიონი დოლარით (23.5%-ით) შემცირდა. იანვარ-მარტში კი ჯამში 73 მილიონი დოლარით (23%-ით) შემცირდა.
უცხოეთში დასაქმებულთა ფულადი გზავნილების კლება ძირითადად რუსეთიდან გადმორიცხვების შემცირებამ განაპირობა. მიმდინარე წლის მარტში, წინა წლის მარტთან შედარებით, რუსეთიდან ჩამორიცხვები 25 მილიონი დოლარით შემცირდა.
გზავნილების შემცირების მიხედვით, მეორე-მესამე ადგილებზეა საბერძნეთი და იტალია – საბერძნეთიდან 3.6 მილიონი დოლარით შემცირდა, ხოლო იტალიიდან 1.7 მილიონი დოლარით.
ფულადმა გზავნილებმა შემცირება გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო და ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. ბოლო 6 თვეში გზავნილები 141 მლნ დოლარით არის შემცირებული.