ქვეყნები, სადაც პანდემიის მიუხედავად ეკონომიკა იზრდება

ქვეყნები, სადაც პანდემიის მიუხედავად ეკონომიკა იზრდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020 წელს გლობალური ეკონომიკა 4.4%-ით შემცირდება – მთავარი მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიაა. იგივე მონაცემების მიხედვით, შედარებით სტაბილური მდგომარეობაა აღმოსავლეთ აზიისა და აფრიკის ჩრდილოეთ რეგიონებში, თუმცა მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში ეკონომიკა მნიშვნელოვნად მცირდება. ქვეყნების უმრავლესობაში ეკონომიკის ზრდისა და კლების ტენდენციები რესურსების ჯეროვნად გამოყენებასა და კოვიდის მართვის ეფექტიანობას უკავშირდება.

იმ TOP-10 ქვეყნის ჩამონათვალი, სადაც 2020 წელს IMF-ის პროგნოზით ეკონომიკა გაიზრდება ასეთია:

1. გაიანას რესპუბლიკა – ეკნომიკური ზრდის პროგნოზი – 26.2%; კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 5 423 (1 მლნ მოსახლეზე – 6 881), გარდაცვლილთა რაოდენობა – 151;

გაიანას რესპუბლიკის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები პანდემიის ფონზე შთამბეჭდავად გამოიყურება. ის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მიმდინარე წელს GDP-ს ორნიშნა ზრდა დაფიქსირდება. სამხრეთ ამერიკის კონტინეტზე მდებარე რესპუბლიკის ეკონომიკური წარმატება რამდენიმე წლის წინ აღმოჩენილ ნავთობის საბადოებს უკავშირდება. საუბარია მილიარდობით ბარელ წიაღისეულზე, რომლის მოპოვებაც უკვე დაწყებულია. IMF პროგნოზირებს, რომ მიუხედავად პანდემიისა ჭარბი ბუნებრივი რესურსები მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურ ზრდას უზრუნველყოფს. საფინანსო ინსტიტუტის გათვლებით, გაიანას რესპუბლიკის ეკონომიკა 2021 წელს 8.1%-ით, 2022 წელს 29.5%-ით, ხოლო 2023 წელს 22.3%-ით გაიზრდება.

2. სამხრეთ სუდანის რესპუბლიკა – ეკნომიკური ზრდის პროგნოზი – 4.1%; კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 3 111 (1 მლნ მოსახლეზე – 277), გარდაცვლილთა რაოდენობა – 61;

კორონაპანდემიის ფონზე სამხრეთ სუდანის ეკონომიკა იზრდება, თუმცა სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევებს შორის მაინც რჩება. ბოლო წლების განმავლობაში სამხრეთ სუდანის ეკონომიკა გაჯანსაღდა, რაც სამოქალაქო კონფლიქტების შეწყვეტასა და ნავთობის წარმოების ზრდას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ნავთობზე ფასების ვარდნამ სამხრეთ სუდანის რესპუბლიკას სერიოზული ზიანი მიაყენა, რადგან ქვეყნის ეკონომიკის უდიდესი ნაწილი სწორედ წიაღისეულის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე დგას.

3. ბანგლადეში – ეკნომიკური ზრდის პროგნოზი – 3.8%; კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 469 423 (1 მლნ მოსახლეზე – 2 839), გარდაცვლილთა რაოდენობა – 6 713;

ბანგლადეშის მთავრობამ 23 მარტიდან მაისის ბოლომდე ლოქდაუნი გამოაცხადა და პანდემიის გავრცელების პირველი ტალღა რამდენადმე შეაჩერა.

მიუხედავად იმისა, რომ მარტსა და აპრილში ბანგლადეშის ეკონომიკამ მძიმე დარტყმა მიიღო, მესამე კვარტალში ქვეყანამ ადგილობრივი წარმოების ამუშავება შეძლო, რის შედეგადაც, ივლისსა და აგვისტოში ექსპორტის მოცულობამ გასული წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებსაც კი გადაუსწრო. ბანგლადეშის ეკონომიკის ზრდის განმსაზღვრელ ფაქტორებს შორის სწორედ საგარეო ვაჭრობის ზრდა, ფულადი გზავნილების მოცულობის მატება და კერძო სექტორის მდგრადობა სახელდება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ნახევარ მილიონამდე აღწევს, ბანგლადეშის მთავრობა ახალი ლოქდაუნის შემოღებას მაინც არ გეგმავს.

4. ეგვიპტე – ეკნომიკური ზრდის პროგნოზი – 3.5%; კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 116 303 (1 მლნ მოსახლეზე – 1 128), გარდაცვლილთა რაოდენობა – 6 666;

ეგვიპტეს პანდემიის მძლავრმა ტალღამ მაისიდან ივლისის ჩათვლით პერიოდში გადაუარა და ქვეყნის ეკონომიკას უმძიმესი დარტყმა მიაყენა. კოლაფსის წინაშე დადგა ტურიზმის ინდუსტრია და შემცირდა არაბული ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მოცულობა, რამაც ეკონომიკის ზრდის მანამდე არსებული პროგნოზები მკვეთრად შეამცირა. მიუხედავად ამისა, ეგვიპტე მაინც ახერხებს გაზარდოს საკუთარი ეკონომიკა და შეინარჩუნოს სტაბილურობა. აღსანიშნავია, რომ მესამე კვატალში დასტაბილურებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ბოლო პერიოდში გარკვეულწილად გართულდა, რასაც ქვეყნის მთავრობის მხრიდან რეგულაციების გამკაცრება მოჰყვა.

5. რუანდა – ეკნომიკური ზრდის პროგნოზი – 2%; კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 5 948 (1 მლნ მოსახლეზე – 455), გარდაცვლილთა რაოდენობა – 49;

რუანდაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მარტის მიწურულს დაფიქსირდა, რასაც მთავრობის მხრიდან მკაცრი საკარანტინე ზომების გატარება მოჰყვა. საპასუხოდ, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში რუანდას ეკონომიკა 12.4%-ით შემცირდა, თუმცა პროგნოზების მიხედვით, ქვეყანაში GDP-ს 2%-იანი წლიური ზრდა მაინც დაფიქსირდება. რუანდაში კორონავირუსთან ბრძოლის პირველივე ეტაპზე ჯანდაცვის მუშაკებისგან, პოლიციელებისა და სამედიცნო კოლეჯების სტუდენტებისგან კონტაქტების მოძიების რაზმები ჩამოაყალიბეს და ვირუსზე ტესტირება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადეს, რამაც ინფექციის გავრცელება მკვეთრად შეამცირა. კორონაპანდემიის ფონზე რუანდას GDP-ს ზრდას სტაბილურად განვითარებად ეკონომიკასა და ვირუსის გავცელების დაბალ მასშტაბებს უკავშირებენ.

6. მიანმარი – ეკნომიკური ზრდის პროგნოზი – 2%; კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 93 600 (1 მლნ მოსახლეზე – 1 715), გარდაცვლილთა რაოდენობა – 1 998;

მიანმარის მთავრობამ ექსპორტზე საგადასახადო შეღავათები მანამდე დააწესა, ვიდრე ქვეყანაში კოვიდის პირველი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდებოდა. ეკონომიკური კრიზისი განსაკუთრებით შეეხო წარმოების სფეროს, რის გამოც, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2000-ზე მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა დაბალპროცენტიანი სესხი მიიღო. აპრილის დასაწყისში, როდესაც ქვეყნების უმრავლესობა პანდემიის პირველ ტალღას ებრძოდა, მიანმარის ხელისუფლებამ რესურსების დიდი ნაწილი წარმოების, მშენებლობისა და მომსახურების სფეროების სტიმულირებისთვის მიმართა.

7. ბენინი – ეკნომიკური ზრდის პროგნოზი – 2%; კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 3 015 (1 მლნ მოსახლეზე – 246), გარდაცვლილთა რაოდენობა – 43;

ბენინის მთავრობამ ვირუსის გავრცლების პირველივე ეტაპზე, მოსახლეობის მობილობის შემცირების მიზნით, გადაადგილების შემზღუდველი რეგულაციები მიიღო, რის შედეგადაც პანდემიის გავცელების შეკავება მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ ბენინი აფრიკის კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე მცირე ტერიტორიის მქონე სახელმწიფოა, რომელიც სტარატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე მდებარეობს. მისი ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ძალა კოტონუს პორტია, რომლის საშუალებითაც საზღვაო ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება. გარდა პორტისა, ბენინის ეკონომიკური ზრდა მის მთავარ საექსპორტო საქონელზე, ბამბაზე მოთხოვნის მატებასაც უკავშირდება.

8. ჩინეთი – ეკნომიკური ზრდის პროგნოზი – 1.9%; კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 86 551 (1 მლნ მოსახლეზე – 60), გარდაცვლილთა რაოდენობა – 4 634;

ჩინეთი კორონავირუსთან ბრძოლაში რეკორდულად დადებით შედეგებს აჩვენებს. ქვეყანაში, სადაც 1.4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და საიდანაც Covid-19-ის ვირუსი გავრცელდა, პანდემია პრაქტიკულად გაჩერებულია. ბოლო მონაცემების მიხედვით, ინფიცირებულთა აქტიური შემთხვევების რაოდენობა 270-მდე შემცირდა. პანდემიის წინააღმდეგ მიღწეული წარმატება ჩინეთის ავტორიტარულ მმართველობის მოდელს უკავშირდება, რომელმაც ვირუსის გავცელების ადრეულ ეტაპზე უმკაცრესი შემზღუდველი ღონისძიებების გატარება შეძლო. ამასთან, ჩინეთის მოსახლეობის სრული უმრავლესობა მზად აღმოჩნდა მორჩილად ეპასუხა დადგენილი რეგულაციებისთვის, რის შედეგადაც ქვეყნის შიგნით ვირუსის გავრცელების ლოკალიზება მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკებს შორის ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მიმდინარე წელს ეკონომიკა გაიზრდება.

9. ტანზანია – ეკნომიკური ზრდის პროგნოზი – 1.9%; კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 509 (1 მლნ მოსახლეზე – 8), გარდაცვლილთა რაოდენობა – 21;

ტანზანიის მთავრობამ ეკონომიკის ზრდის ტემპის შენარჩუნების მოტივით ლოქდაუნზე უარი თქვა. მიუხედავად ამისა, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები საკმაოდ მცირეა. უნდა აღინიშნოს, რომ ტანზანიის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის სისწორეს ეჭვქვეშ აყენებენ, თუმცა ცხადია, რომ მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკა 1.9%-ით გაიზრდება. ტანზანიაში მდებარეობს დარ სალაამის პორტი, რომელიც აღმოსავლეთისა და ცენტრალური აფრიკის ქვეყნებისთვის სავაჭრო კვანძს წარმოადგენს. ქვეყნის მთავრობა გეგმავს კიდევ ერთი პორტის მშენებლობასაც, რაც ეკონომიკის ზრდის პერსპექტივებს კიდევ უფრო რეალურს გახდის.

10. ეთიოპია – ეკნომიკური ზრდის პროგნოზი – 1.9%; კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 110 984 (1 მლნ მოსახლეზე – 956), გარდაცვლილთა რაოდენობა – 1 715;

ეთიოპიას აფრიკის კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა აქვს. მისი GDP-ს საშუალოწლიური ზრდის ტემპი 10%-ის ფარგლებში მერყეობს. ბოლო წლების განმავლობაში, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობისა და იაფი სამუშაო ძალის წყალობით ქვეყანამ ინვეტიციების მოზიდვა და წარმოების განვითარება შეძლო. რაც შეეხება Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლას, აღსანიშნავია, რომ ეთიოპიამ ვირუსის გავცელების პირველ ხანებში პანდემიის შეჩერება შეძლო. ეთიოპიის მთავრობამ საერთაშორისო დონორებისგან მიღებული დახმარებების შედეგად ხელი შეუწყო ადგილობრივი წარმოების სტიმულირებას. IMF-ის პროგნოზით, ეთიოპიის ეკონომიკა ძველი ტემპით აღდგენას 2022 წლიდან დაიწყებს.

კორონავირუსის სტატისტიკა მოცემულია 02.12.2020-ის მდგომარეობით.

რაც შეეხება საქართველოს, ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირებულთა დრამატულად გაზრდილი რაოდენობა ჯანდაცვის სისტემას ურთულეს ტვირთად აწვება. საქარველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ეკონომიკის გარდაუვალ ვარდნას ელოდებიან. პროგნოზებს ამყარებს გასული თვეების სტატისტიკაც და არსებული მდგომარეობაც. IMF-ის ოქტომბრის თვის ანაგრიშის („მსოფლიოს ეკონომიკის პერსპექტივა “) თანახმად, მიმდინარე წელს ქართული ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე/კლებაზე გავლენას საქართველოს მთავრობის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული შეზღვიდვების მორიგი პაკეტიც მოახდენს. აღასანიშნავია, რომ საფინანსო ინსტიტუტმა საქართველოს ეკონომიკის 2021 წლის მანამდე არსებული, 5%-იანი ზრდის პროგნოზი რამდენიმე კვირის წინ 4.3%-ით ჩაანაცვლა.

bm.ge