Goldman Sachs-ი აპირებს, მდიდარ კლიენტებს ბიტკოინში ინვესტირების შესაძლებლობა მისცეს. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს.
საინვესტიციო ბანკში აცხადებენ, რომ მათ მომხმარებლებს ციფრულ ვალუტაში ინვესტიციების განხორციელება პირდაპირ ე.წ. ტოკენების საშუალებით შეეძლებათ.
„კლიენტების ნაწილი ამ აქტივს უყურებს როგორც ინფლაციის წინააღმდეგ ჰეჯირებას. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაკრომოვლენებმა ამაში დიდი როლი ითამაშა“, – განაცხადა Goldman Sachs-ის ციფრული აქტივების გლობალურმა ხელმძღვანელმა მერი რიჩმა.
როგორც მან აღნიშნა, Goldman Sachs-ი მომდევნო სამი თვის განმავლობაში დაიწყებს კლიენტებისთვის ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შეთავაზებას.
ცნობისთვის, Goldman Sachs-ი ბოლო უმსხვილესი უოლსტრიტული ბანკია, რომელიც მომხმარებლებს ბიტკოინებსა და სხვა ციფრულ ვალუტებში მომსახურებას სთავაზობს. გასულ თვეს მსგავსი გადაწყვეტილების შესახებ Morgan Stanley-მაც განაცხადა, თებერვალში კი Bank of New York Mellon-მა. ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ მალე დაიწყებს ციფრული ვალუტის გამოშვებას, ტრანზაქციებს და შენახვას.
ბოლო პერიოდის ტენდენცია იმაზე მეტყველებს, რომ უმსხვილესი ბანკები მხარს უჭერენ ციფრული აქტივების ტრადიციულ საფინანსო სისტემებში ინტეგრაციას.