რა შედეგები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს?

რა შედეგები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს?

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU), სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე პირველი კურსი 250-მდე სტუდენტმა დახურა. უნივერსიტეტმა, რომელიც როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუდენტებისთვის შეიქმნა, პირველივე წელს უცხოელების მასშტაბურად მოზიდვა ვერ შეძლო, რაზეც გავლენა პანდემიამაც იქონია. თუმცა, იმედოვნებენ, რომ წლების განმავლობაში მათი რაოდენობა მზარდი იქნება. უფრო მეტიც, უნივერსიტეტის მიზანია, რეგიონში განათლებისა და მეცნიერების ჰაბად იქცეს. როგორია KIU-ს გეგმები, გათვლები და რა ეფექტებს უნდა ელოდოს ამ ყველაფრიდან თავად ქალაქი ქუთაისი, ამის შესახებ Forbes Georgia-ს კითხვებს უნივერსიტეტის რექტორმა, ალექსანდრე თევზაძემ და კანცლერმა მაგდა მაღრაძემ უპასუხეს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაახლოებით ერთი წელია, რაც გაიხსნა. როგორ შეაფასებთ პირველ წელს, მით უმეტეს, რომ პანდემიის პერიოდში მოგიხდათ სასწავლო პროცესის დაწყება?

ალექსანდრე თევზაძე: უნივერსიტეტის დაგეგმარება წლებია, მიმდინარეობს, მაგრამ რეალურად ისტორია იწყება იმ დღიდან, როცა პირველი სტუდენტი შედის უნივერსიტეტში. პანდემიის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ჩვენ, როგორც სტუდენტებმა, ისე პროფესორებმა,  დადებითი გამოცდილება შევიძინეთ ახალგაზრდებმა გაიარეს ადაპტაცია ინგლისურენოვან საერთაშორისო სტანდარტის საგანმანათლებლო პროგრამებზე. გვიხარია, რომ სტუდენტების უმრავლესობამ ამ ამოცანას თავი გაართვა. დღეს ისინი უკვე კომფორტულად გრძნობენ თავს ინგლისურენოვან საგანმანათლებლო სისტემაში. ჩვენი უცხოელი პროფესორებიც ამბობენ, რომ ჩვენ  ძალიან ბევრი მოწადინებული სტუდენტი გვყავს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები უკვე დაიწყო. მანამდე აბიტურიენტებმა რეგისტრაცია გაიარეს და პირველადი სტატისტიკა, თუ რამდენად არის მოთხოვნა თქვენს უნივერსიტეტზე, ალბათ ცნობილია…

ალექსანდრე თევზაძე: მიმდინარე აკადემიურ წელს სამ პროგრამაზე გამოვაცხადეთ 500 ვაკანტური ადგილი, რომელზეც დარეგისტრირებულია 1900-მდე აბიტურიენტი. ეს საკმაოდ დიდი კონკურსია, თუმცა ეს ასევე ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი მიიღებს მაღალი კვალიფიკაციის ახალგაზრდებს, რომლებიც შეძლებენ წარმატებულად გაიარონ ჩვენ მიერ შეთავაზებული აკადემიური პროგრამები. დღევანდელი მონაცემებით, ყველაზე მაღალი კონკურენცია კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამაზეა, რომელზეც 200 ვაკანტური ადგილი გვაქვს გამოცხადებული.

გამომდინარე იქიდან, რომ თქვენი  უნივერსიტეტი საერთაშორისოა, როგორია მოთხოვნა უცხოელი სტუდენტების მხრიდან?

მაგდა მაღრაძე: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრიორიტეტი გახლავთ უცხოელი სტუდენტების მოზიდვა. ბუნებრივია, პანდემიის დროს და პირველ წელს ამ მიზნის მიღწევა საკმაოდ რთული იყო, თუმცა ჩვენ უკვე დავიწყეთ კამპანია, რომლის ფარგლებშიც  რამდენიმე ქვეყანასთან ვმუშაობთ. ჩვენ გავავრცელეთ ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი შესაძლებლობების შესახებ. აქცენტი ავიღეთ ქვეყნების ფართო ჩამონათვალზე და გვაქვს ამბიცია, რომ არა მხოლოდ ინდოეთის, პაკისტანის და სხვა იმ ქვეყნების სტუდენტები მოვიზიდოთ, ვისთვისაც ცნობილია საქართველო, როგორც საერთაშორისო განათლების მიღებისთვის მიმზიდველი ადგილი, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცესაც გავაცნოთ ჩვენი შესაძლებლობები. თუმცა, რა თქმა უნდა, ევროპა და აშშ-ც საინტერესოა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენთან სწავლა ინგლისურენოვანია, ჩვენთან კომუნიკაცია ინგლისურ ენაზეა და ეს უნივერსიტეტი ერთადერთია სამხრეთ კავკასიაში, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს კამპუსს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით. ზოგადად, ერთ-ერთი გამოწვევა, რაც უცხოელი სტუდენტების მოზიდვის კუთხით არსებობს ქვეყანაში, არის საერთო საცხოვრებლების არარსებობა. ჩვენი უნივერსიტეტი კი ამ გამოწვევას სრულად პასუხობს და კარგ გარემოს ახვედრებს უცხოელ სტუდენტებს. მიგვაჩნია, რომ ინტერესი ჩვენი უნივერსიტეტისადმი ყოველწლიურად მოიმატებს.

გასულ წელს მხოლოდ რამდენიმე სტუდენტი გვყავდა, წელს ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 20-მდე სტუდენტი გვეყოლება, თუ პანდემია არ შეგვიშლის ხელს. აქცენტი კეთდება ძირითადად იმ ქვეყნებზე, სადაც ინგლისური ენის დონე მაღალია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაღალი მოსწრების სტუდენტი და არა მათი რაოდენობა,  რადგან მიგვაჩნია, რომ კონკურენტული საერთაშორისო გარემოს შექმნას ხარისხი განაპირობებს.

Image Courtesy KIU

რამდენად აკეთებთ აქცენტს სომხეთსა და აზერბაიჯანზე, გამომდინარე იქიდან, რომ მათთვის საქართველო ყველაზე ახლოსაა?  

მაგდა მაღრაძე: რეგიონი არის ჩვენი პრიორიტეტი. ბუნებრივია, ჩვენ ამ ქვეყნებშიც ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციასთან. არამხოლოდ სომხეთი და აზერბაიჯანი, მთელი ევრაზიის რეგიონიც ჩვენი პრიორიტეტია.

აუცილებლად უნდა გკითხოთ კამპუსზეც, რაც სტუდენტური ცხოვრების ე.წ. ლაიფსტაილს ქმნის და რაც პროდუქტიულობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია. როგორია KIU-ს კამპუსი?

მაგდა მაღრაძე: კამპუსი არის დასავლური უნივერსიტეტის ტიპური კამპუსი, ეს არის საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც გადაშლილია 160 ჰექტარ მიწაზე, მდებარეობს ტყეში, არის სასიამოვნო გარემო. კამპუსში არის სტუდენტური საცხოვრებლის სამი კორპუსი და აკადემიური შენობა, სადაც სწავლა-სწავლების პროცესი მიმდინარეობს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთადერთი ადგილია დღეს საქართველოში, სადაც სტუდენტებს დამოუკიდებლად ცხოვრება შეუძლიათ. ვფიქრობთ, რომ პასუხისმგებლობიან მოქალაქეს სწორედ ამ გარემოში აქვს შესაძლებლობა, განვითარდეს როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიულად. სტუდენტები ეჩვევიან დამოუკიდებელ ცხოვრებას. საქართველოში ეს სიახლეა. ისინი ასე უფრო კარგად გაიცნობენ ერთმანეთს. პროფესორ-მასწავლებლებიც და ადმინისტრაციის პერსონალიც კამპუსში ცხოვრობს. რეალურად ჩვენი უნივერსიტეტი საუნივერსიტეტო ცხოვრების შესაძლებლობას იძლევა.

KIU-ს 2020-2021 სასწავლო წლებში მხოლოდ სამი პროგრამა ჰქონდა. რა ახალ პროგრამებს უნდა ველოდოთ მომდევნო სასწავლო წლებისთვის? და ვინ წარმოადგენს თქვენი უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს?

ალექსანდრე თევზაძე: ჩვენი აკადემიური პერსონალი შედგება ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ვმუშაობთ მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (MIT), შესაბამისად, ჩვენი აკადემიური პერსონალი ძირითადად შერჩეულია სწორედ მიუნხენიდან, ხოლო ქართველი აკადემიური პერსონალი შერჩეულია ზუსტად იმავე სტანდარტით, რა სტანდარტითაც ხდება პროფესორების შერჩევა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში.

რაც შეეხება პროგრამებს, უნივერსიტეტი მეცნიერების გარეშე არ არსებობს და ჩვენ აუცილებლად დავამატებთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს.

თანამედროვე სასწავლებლები, იქნება ეს საშუალო თუ უმაღლესი განათლების დაწესებულებები, აქცენტს მომავლის პროფესიებზე აკეთებენ. რას ითვალისწინებს KIU-ს კურიკულუმი ამ მხრივ?

ალექსანდრე თევზაძე: ჩვენი კურიკულუმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიძლიერე ისაა, რომ ის ორიენტირებულია იმაზე, რომ კურსდამთავრებულს ჰქონდეს საშუალება, რაც შეიძლება ფართო სპექტრის ინდუსტრიაში დასაქმდეს; მას ჰქონდეს ინტერდისციპლინარული ცოდნა, რომ ახალ გამოწვევებს მოერგოს, ის არ უნდა იყოს მოქცეული აკადემიურ შაბლონში. ამისთვის ჩვენს პროგრამაში რამდენიმე ღონისძიებაა ჩადებული. პირველი არის მთავარი (major) და დამატებითი სპეციალობის (minor) არჩევის შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს ინტერდისციპლინარული  ცოდნის შეძენას. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ მე-3 და მე-4 კურსზე გამოყოფილია კრედიტების გარკვეული რაოდენობა იმისთვის, რომ სტუდენტები ჩაერთონ სტუდენტურ პროექტებში, სტაჟირების პროგრამებში, საბაკალავრო ნაშრომების მომზადების პროცესში. ეს ყველაფერი მათ მოამზადებს იმისთვის, რომ შეიძინონ ცოდნა მრავალი მიმართულებით, რათა ახალ გამოწვევებს მარტივად გაუმკლავდნენ.

უნივერსიტეტმა დაიწყო ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის – KIUInnovate-ის განხორციელება, რომლის მიზანია ინოვაციების, სტარტაპების, ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემის, ინდუსტრიისა და უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტების, ასევე კერძო-საჯარო პარტნიორობის ხელშეწყობა. უფრო მეტი გვითხარით ამ პროექტზე და მის პირველად შედეგებზე.

მაგდა მაღრაძე: როდესაც ვსაუბრობთ მომავლის პროფესიებზე და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე, ძალიან მნიშვნელოვანია, სტუდენტებს ჰქონდეთ საშუალება, სტაჟირების პროგრამები გაიარონ და დამსაქმებლებთან თანამშრომლობა სტუდენტობის პერიოდიდანვე შეძლონ შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ ახალი პროგრამა, რომელიც ემსახურება ინოვაციების ეკოსისტემის ხელშეწყობას კამპუსში. იქიდან გამომდინარე, რომ კამპუსს აქვს კარგი ინფრასტრუქტურა, გვაქვს საშუალება, რომ ბიზნესინდუსტრიას თანამშრომლობის საინტერესო მოდელები შევთავაზოთ. დავამუშავეთ რამდენიმე პროექტი, რომელთაც წლის ბოლომდე მათ შევთავაზებთ. რა თქმა უნდა, ინდუსტრიასთან თანამშრომლობა ყველა უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია, მაგრამ ჩვენთვის – განსაკუთრებით, რადგანაც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სამეწარმეო უნივერსიტეტი. მათი ოპერირების მოდელი, პროგრამები და მიდგომები ჩვენთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია. სწორედ მათ მოდელზე დაყრდნობით ვგეგმავთ, ინოვაციების ეკოსისტემის ხელშეწყობა დავიწყოთ. ეს შეიძლება იყოს სტუდენტების სტაჟირებისა და დასაქმების შეთავაზება, პროექტებზე მუშაობა. ინჟინერიაში, კომპიუტერულ მეცნიერებაში მზადდება პროექტი, რომელსაც სტუდენტები პროფესორებთან და დამსაქმებლებთან ერთად დაამუშავებენ. გარდა ამისა, ვფიქრობთ, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა შევქმნათ, მაგალითად, Co-Working სივრცეები, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესს რეგიონულ განვითარების ჭრილში.

KIU- სტრატეგიული განვითარების გეგმა ითვალისწინებს ადრონული თერაპიის ცენტრის შექმნასაც. აღნიშნულ კვლევით ცენტრში შესაძლებელი იქნება სამეცნიერო კვლევების ჩატარება. რა ეტაპზეა ეს პროექტი?

ალექსანდრე თევზაძე: ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც რადიკალურად შეცვლის  კიბოს მკურნალობას საქართველოში სიმსივნესთან ბრძოლის ინოვაციური მეთოდით – პროტონული თერაპიით. ადრონული თერაპიის ცენტრი არის მეგაპროექტი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ორი ციკლოტრონის ტიპის პროტონული ამაჩქარებლის ინსტალაცია უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. ერთის ბაზაზე უნდა იფუნქციონიროს პროტონული თერაპიის ცენტრმა, რომელიც კიბოს მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფად განვითარებადი თანამედროვე მეთოდია. ხოლო მეორე ციკლოტრონი იფუნქციონირებს სამეცნიერო კვლევებისთვის ფიზიკის, ბიოლოგიის, ქიმიისა და სამედიცინო მიმართულებით. ხელშეკრულება ხელმოწერილია დარგის წამყვან კომპანიასთან, ბელგიურ  IBA-სთან. ამ ეტაპზე ჩვენ ვამთავრებთ დაპროექტებას იმ შენობების, რომლებშიც უნდა განთავსდეს ინფრასტრუქტურა, ეს არის ძალიან სპეციფიკური მაღალტექნოლოგიური გარემო. დაპროექტება მთავრდება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე გადავალთ მშენებლობის ეტაპზე.

გეგმის მიხედვით, ველოდებით, რომ ციკლოტრონები უკვე მუშა მდგომარეობაში იქნება 2023 წელს, ხოლო 2024 წლის დასაწყისში ჩვენ შევძლებთ პირველი პაციენტების მიღებას. ზოგადად ადრონული თერაპიის ცენტრი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამედიცინო კვლევებისთვის, არამედ იმისათვისაც, რომ ჩვენ ახალგაზრდებს, პროფესორებს ჰქონდეთ ამ ცენტრის ბაზაზე და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში საინტერესო სამეცნიერო ინტერდისციპლინარული პროგრამების განხორციელების საშუალება.

Image Courtesy KIU

„ადგილი, სადაც ცოდნა ქმნის მომავალს“ – ეს არის თქვენი დევიზი. სად და როგორს ხედავთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ათ წელიწადში?

ალექსანდრე თევზაძე: იმისთვის რომ სტუდენტმა დაამთავროს საბაკალავრო პროგრამა, ოთხი წელია საჭირო.  პირველი მნიშვნელოვანი შედეგი ჩვენ უნდა გვქონდეს ოთხი წლის შემდეგ, როდესაც პირველი კურსდამთავრებულები გვეყოლება. სწორედ ეს იქნება ლაკმუსის ქაღალდი, როდესაც შევხედავთ, რა ცოდნა მიიღეს ამ ახალგაზრდებმა უნივერსიტეტში და რა  შესაძლებლობები გაუჩნდათ მათ დასაქმების მიმართულებით, ათი წლის შემდეგ ჩვენ კურსდამთავრებულების ხუთი თაობა გვეყოლება, ასევე დოქტორანტების რამდენიმე ნაკადი სხვადასხვა მიმართულებით და ასევე სამაგისტრო პროგრამები გვექნება განხორციელებული. ასე რომ, შედეგი ჩვენი კურსდამთავრებულების წარმატებით გაიზომება.  იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები ათი წლის შემდეგ ბევრ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიაში თვალსაჩინო პოზიციებზე დასაქმდებიან.

როგორ ფიქრობთ, შეინიშნება თუ არა უკვე რაიმე ხელშესახები ეკონომიკური ეფექტები თავად ქალაქ ქუთაისისთვის, იმის გამო, რომ ეს უნივერსიტეტი სწორედ იქ მდებარეობს?

ალექსანდრე თევზაძე: უნივერსიტეტის ეფექტი ქალაქზე ან რეგიონზე არის შეკითხვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიღებ. უნივერსიტეტი ჯერ კიდევ იზრდება და, შესაბამისად, გაიზრდება ეფექტი ლოკალურ ინფრასტრუქტურაზე, ეკოსისტემაზე, ადამიანურ კაპიტალზე, ბიზნესგარემოზე. იმედი გვაქვს, რომ გარემო გახდება უფრო მიმზიდველი კომპანიების შემოსასვლელად, მაგრამ, შემიძლია გითხრათ, რომ პირველივე წელს გაჩნდა იმედი, რომ ქუთაისში ადგილზე შესაძლებელია საერთაშორისო სტანდარტის უმაღლესი განათლების მიღება. არ არის დასამალი, რომ მშობლები ფიქრობდნენ, მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად შვილები თბილისში ან უკეთეს შემთხვევაში უცხოეთში გაეგზავნათ. მაგრამ, ჩვენი აზრით, დღეს ჩვენ ვქმნით მოლოდინს, რომ ქუთაისში ჩნდება უნივერსიტეტი, რომელიც არა მხოლოდ ადგილობრივებს, არამედ საქართველოს სხვა კუთხეებიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, საერთაშორისო სტანდარტების განათლება ქუთაისში მიიღონ. მალე არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ რეგიონის ქვეყნებიდანაც ჩამოვლენ აქტიურად, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს იმოქმედებს ლოკალურ ეკონომიკაზე, ვინაიდან ჩვენი კურსდამთავრებულების მთავარი ამოცანაა არა იპოვონ დამსაქმებელი კომპანიები, არამედ თავადვე შექმნან ახალი ბიზნესები და კომპანიები.

მოდი, უნივერსიტეტის ბიზნესმოდელზეც ვისაუბროთ. დასავლეთში განათლების ექსპერტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხარისხიანი განათლების სანაცვლოდ ადამიანი უნდა იხდიდეს ფულს, ვინაიდან ხარისხიანი განათლება უფასო ვერ იქნება. თქვენი მიდგომა როგორია?

ალექსანდრე თევზაძე: თუ გვინდა მაღალი ხარისხის განათლება, ჩვენ უნდა გვქონდეს მაღალი ხელფასები. ჩვენ პროფესორებს, აკადემიური მხარდაჭერის პერსონალს უნდა შევთავაზოთ კონკურენტული ხელფასები იმისთვის, რომ საუკეთესოებმა ასწავლონ ჩვენს სტუდენტებს. მეორე მხრივ, არსებობს მოგებიანი და არამოგებიანი ორგანიზაციები. ხშირად კერძო უნივერსიტეტები არიან მოგებიანი ორგანიზაციები, რაც, ვფიქრობ, უნივერსიტეტისთვის საუკეთესო მოდელი არ არის. ჩვენ, ერთი მხრივ, სახელმწიფო უნივერსიტეტი ვართ, ეს არის არამოგებიანი ორგანიზაცია და ყველა თანხა ხმარდება იმას, რომ ახალგაზრდებმა უკეთესი ხარისხის განათლება მიიღონ. მეორე მხრივ კი ჩვენი უნივერსიტეტი უნიკალურ მდგომარეობაშია, ვინაიდან მას აქვს პირდაპირი დაფინანსება საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუსგან“, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, საერთაშორისო პროფესორები ჩამოვიყვანოთ უნივერსიტეტში და  მათ კონკურენტული ხელფასი შევთავაზოთ. იცით, რომ ადგილობრივი სტუდენტებისთვის მაქსიმალური გადასახადი 2250 ლარია, რომლის მოპოვებაც მათ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შეუძლიათ. საქართველოს მოქალაქეებისთვის  სწავლა, ფაქტობრივად, უფასოა, მით უმეტეს, რომ უნივერსიტეტი  თანადაფინანსებასაც უზრუნველყოფს საუნივერსიტეტო ფონდის ფარგლებში, რითაც სტუდენტებს კამპუსისა და სტიპენდიების მიმართულებით ვეხმარებით.

უცხოელი სტუდენტებისთვის სწავლის საფასური განსხვავებულია. მათთვის გადასახადი არის ის, რასაც ბაზარი რეგიონში გვკარნახობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციასთან ერთად, ნელ-ნელა შეიცვლება ჩვენი ბიზნესმოდელიც. ჩვენ გვინდა, რომ უნივერსიტეტი იყოს მდგრადი,  დამოუკიდებელი ორგანიზაცია.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი არის კურსდამთავრებულთათვის დასაქმების ხელშეწყობა. ჯერ KIU-ს ვერ ეყოლება კურსდამთავრებული, თუმცა მომავალ კურსდამთავრებულებს რას ჰპირდებით? და რას სთავაზობთ შრომის ბაზარს?

მაგდა მაღრაძე: უნივერსიტეტი ითვალისწინებს შრომის ბაზრის მოთხოვნებს, ყოველი პროგრამის კურიკულუმი სწორედ ამის მიხედვითაა შედგენილი. სტაჟირების პროგრამები და სხვადასხვა თანამშრომლობა ინდუსტრიასთან სწორედ იმიტომ გვსურს, რომ ჩვენს სტუდენტებს ჰქონდეთ დასაქმების მაღალი მაჩვენებელი  და გარდა ამისა, რომ ისინი ჩაერთონ ეკონომიკურ საქმიანობაში საქართველოში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა შეძლონ თავიანთი სტარტაპების დაწყება და ბიზნესის განვითარება. ამ კუთხითაც ისინი იმ განათლებას და უნარებს იღებენ, რაც ამ მიმართულებით დასჭირდებათ. ჩვენ სექტემბერში ვგეგმავთ ახალი კამპანიის დაწყებას, რომლის ფარგლებშიც კონკრეტულ მემორანდუმებს გავაფორმებთ პოტენციურ დამსაქმებლებთან.