„გალტ & თაგარტის“ კვლევა საქართველოში ადგილობრივი ელ-კომერციის შესახებ

„გალტ & თაგარტის“ კვლევა საქართველოში ადგილობრივი ელ-კომერციის შესახებ

წამყვანმა საინვესტიციო  კომპანია „გალტ & თაგარტმა“ საქართველოში ელექტრონული კომერციის შესახებ ვრცელი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც სხვადასხვა დისციპლინის ანალიზს და სამომავლო პერსპექტივების შესახებ პროგნოზებს გვთავაზობს.

კვლევაში ქართველი მომხმარებლისათვის ყველაზე საინტერესო საკითხი, ადგილობრივი ელექტრონული კომერციის ტენდენციების მიმოხილვა და ანალიზიც გვხვდება.

პანდემიამ და მისით გამოწვეულმა შეზღუდვებმა ქვეყნის მოსახლეობა აიძულა, მეტი ყურადღება დაეთმოთ ელექტრონული კომერციისათვის. შეზღუდვების ეფექტმა იმოქმედა როგორც მომხმარებელზე, ისე საცალო ვაჭრობის მქონე ობიექტთა მეპატრონეებზეც. შედეგად, კვლევის მიხედვით, 2020 წელს ადგილობრივი ელექტრონული კომერციის ბაზრის ზომა 3.2-ჯერ გაიზარდა და ჯამში 137.9 მილიონი ლარი შეადგინა.

საინტერესოა, რომ შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, ადგილობრივი ელექტრონული კომერციის მაჩვენებელი არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა. 2021 წლის პირველ კვარტალში სექტორმა 5.4-ჯერ მეტი შემოსავალი მიიღო.

თუმცა დადებითი და მზარდი ტენდენციის მიუხედავად, „გალტ & თაგარტს“ მიაჩნია, რომ ელექტრონული კომერცია საქართველოში მთლიანი საცალო ვაჭრობის მხოლოდ 1.1%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ცნობისათვის, იგივე მაჩვენებელი ევროპაში დაახლოებით 12%-ს უდრის.

საინტერესოა სექტორში კატეგორიებზე მოთხოვნის განაწილებაც. კვლევის მიხედვით, 2020 წელს ყველაზე მოთხოვნადი ელექტრონიკა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და მოწყობილობები იყო მთლიან სექტორში 65%-იანი წილით. შემდეგ კი 16%-იანი მაჩვენებლით ტანსაცმელი და აქსესუარები მოდიოდა.

კვლევის თანახმად, ბაზრის ზომაში არ შედის ნაღდი ანგარიშსწორება, რაც ელექტრონული კომერციის 15-20%-ს შეადგენს. შესაბამისად, რეალური მაჩვენებელი შესაძლოა კიდევ უფრო დიდი იყოს. საინვესტიციო კომპანიის პროგნოზით, ზრდის პოტენციალი ყველა სექტორში შეინიშნება.