კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებამ და მოგზაურობაზე მომხმარებლების გაზრდილმა მოთხოვნამ Marriot International-ს ოპტიმიზმის განახლებული განცდა გაუჩინა. Marriot-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სასტუმროების ქსელია, რომელსაც საკუთარი წარმომადგენლობა მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში ჰყავს.
Marriot International-ის აღმასრულებელი დირექტორის, ტონი კაპუანოს განცხადებით, კომპანია საკმაოდ მკაფიოდ ხედავს მოთხოვნის აღდგენის ძლიერ პროცესებს მსოფლიოს დიდ ბაზრებზე და რაც მთავარია, ეს ტენდენცია არ არის დროებითი. ეს კი კომპანიისათვის დიდი სტიმულის მიმნიჭებელია.
გლობალურმა პანდემიამ სასტუმროს ინდუსტრიაში ისტორიულად დაბალი მოთხოვნის მაჩვენებელი დააფიქსირა, რის გამოც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათასობით სამუშაო ადგილი გაუქმდა და ასეულობით სასტუმრო დაიხურა. ბუნებრივია, გამონაკლისი არ იყო არც Marriot International-ი, მსოფლიოს უდიდესი სასტუმროების ოპერატორი კომპანია. კომპანიის დანაკარგები და ზარალი მთელი წლის განმავლობაში ათწლეულის მანძილზე ჯამურად მიყენებულ ზარალსაც კი აღემატებოდა.
Marriot International-ის მფლობელობაში 7,800 ობიექტია და ის ისეთ ბრენდებს უძღვება, როგორიცაა: The Ritz-Carlton-ი, Sheraton-ი და Courtyard-ი. კომპანია 138 ქვეყნის ტერიტორიაზე ოპერირებს.
მოგების გასაზრდელად, სხვა კომპანიების მსგავსად, Marriot International-ი მომხმარებელს სხვადასხვა სახის პროცედურასა და ფასდაკლებებს სთავაზობდა. აღნიშნული ძალისხმევის შედეგები კი მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ანგარიშებში გამოიკვეთა. სასტუმროების ქსელის შემოსავალმა 422 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, განსხვავებით წინა წლის 234 მილიონი აშშ დოლარის ზარალისაგან.
თუმცა, ბოლო დროს ვირუსის დელტა ვარიანტის გავრცელების ტემპების ზრდის გამო, მოსალოდნელია, რომ მოთხოვნა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ტურიზმზე ისევ შემცირდება. ამან კი სერიოზული საფრთხეები შეიძლება შეუქმნას მთლიანად სასტუმროების ინდუსტრიას.