გერმანიის მთავრობა Lufthansa-ს აქციების 20%-იან წილს ყიდის. გერმანიის მთავრობამ გასულ წელს სახელმწიფო დახმარების ფარგლებში ავიაკომპანიის აქციების 20% დაიკავა, რაც დაახლოებით 9 მილიარდ ევროს უტოლდებოდა.
ეკონომიკური სტაბილიზაციის ფონდმა (WSF), რომელიც გერმანიის წამყვანი ავიაკომპანიის წილს ფლობს, განაცხადა, რომ ის თავისი აქციების ლიმიტირებულ ნაწილს გაყიდის. WSF-ს ინფორმაციით, ბერლინი მისი საკუთრების მაქსიმუმ 5%-ს მიმდინარე კვირებში შეამცირებს.
Lufthansa-ს ჯგუფი, რომელიც ასევე მოიცავს ავსტრიის, შვეიცარიისა და ბრიუსელის ავიახაზებს, პანდემიის პერიოდში გაკოტრებისგან გასულ ივნისში ავიაკომპანიების დასახმარებლად გერმანიის მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ იხსნა. მთავრობა სახელწიფო დახმარების ფარგლებში გერმანულ ავიაკომპანიას 9 მილიარდი ევროთი დაეხმარა და მისი აქციების 20% დაიკავა. თუმცა, გერმანიის მთავრობის განცხადებით, დახმარება დროებითი ხასიათის იყო და ამ ეტაპისთვის ბერლინმა წილის გაყიდვა გადაწყვიტა. WSF-ს თქმით, ეს არის წინასწარგანსაზღვრული ზომები კომპანიის საწყისი წარმატებისთვის.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, 2021 წლის მეორე ნახევარში Lufthansa-ს ზარალი წინა წელთან შედარებით განახევრდა. გლობალური კრიზისის დაწყების შემდეგ, გაზრდილ ჯავშნებთან ერთად, პირველად დაფიქსირდა კომპანიის გადასახადებზე ნაღდი შემოსავლების გადაჭარბების რეკორდული მაჩვენებელი.
ამის მიუხედავად, გერმანული ავიაკომპანია ხარჯების შესამცირებლად მტკივნეულ რესტრუქტურიზაციას განიცდის, რაც ათასობით სამუშაო ადგილის შემცირებასაც გულისხმობს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კომპანიამ 30,000-მდე სამუშაო ადგილი უკვე შეამცირა. გარდა ამისა, 2023 წლის ბოლომდე, ამჟამად ფლოტში არსებული 800 თვითმფრინავის 650-მდე შემცირება იგეგმება.