სტივ ჯობსი iPhone nano-ს გამოშვებას გეგმავდა

სტივ ჯობსი iPhone nano-ს გამოშვებას გეგმავდა

2010 წელს, კომპანია Apple-ის დამფუძნებელი სტივ ჯობსი აქამდე არნახულ iPhone-ზე მუშაობდა – iPhone nano იმდროინდელ ფლაგმან iPhone 4-ზე მცირე ზომის და იაფი უნდა ყოფილიყო, – ამის შესახებ ინფორმაცია Apple-ისა და თამაშების დეველოპერულ კომპანია Epic Games შორის არსებული სამართლებრივი დავის მასალებში გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ წამყვანი ამერიკული გამოცემები iPhone nano-ს შესახებ ჯერ კიდევ 2011 წელს წერდნენ, თუმცა ეს ულტრა-მცირე ზომის სმარტფონი ბაზარზე არ გამოჩენილა.

iPhone Nano-ს შესახებ ინფორმაცია სტივ ჯობსის მიერ 2010 წელს გაგზავნილ შიდა წერილში გვხვდება, რომელიც კომპანიის სტრატეგიული გუნდის შეხვედრის ერთგვარი დღის წესრიგია. წერილში iPhone nano ცალკე პუნქტადაა გამოყოფილი, ხოლო მის კურატორად ვინმე ჯონი არის მონიშნული – სავარაუდოდ, საუბარია Apple-ის მთავარ დიზაინერ ჯონი აივზე. აღსანიშნავია, რომ „2011 წლის სტრატეგიის“ ერთ-ერთ ქვეპუნქტად წერია „iPod Touch-ზე დაფუძნებული iPhone-ის ახალი და იაფიანი მოდელის შექმნა, რომელიც 3GS-ს ჩაანაცვლებს“ – თუმცა, უცნობია, ეს პუნქტი iPhone nano-ს შეეხება, თუ რომელიმე სხვა მოდელს.

ფოტო: The Verge

აღსანიშნავია, რომ უკვე წლებია, რაც Apple მისი პროდუქტების სახელწოდებებში სიტყვა „nano“-ს არ იყენებს. ამ სახელწოდების მქონე უკანასკნელი მოდელის – iPod nano-ს წარმოება ჯერ კიდევ 2017 წელს შეწყდა, ხოლო, მას მერე, მცირე ზომის პროდუქტებს Apple „mini“-ს არქმევს, როგორც iPhone 12 Mini-სა და HomePod Mini-ს შემთხვევაში მოხდა.