BBC-ის ინფორმაციით, ჩინეთის სატრანსპორტო-ტექნოლოგიური კომპანია Didi Chuxing-ი გაერთიანებულ სამეფოსა და კონტინენტური ევროპის ბაზარზე შესვლის გეგმას აჩერებს.
Uber-ის კონკურენტი ფირმა დასავლეთ ევროპის ქალაქებში საკუთარი სერვისების დანერგვას გეგმავდა. დიდი ალბათობით, Didi-ს გადაწყვეტილება ევროპის ბაზარზე შესვლის გეგმის შეჩერებასთან დაკავშირებით, დასავლეთის ქვეყნების მიერ ჩინურ კომპანიებზე გამკაცრებული რეგულაციების შედეგია. შეგახსენებთ, რომ დასავლეთმა პეკინი მონაცემთა კონფიდენციალურობის დარღვევაში დაადანაშაულა.
ჩინეთის სატრანსპორტო-ტექნოლოგიური კომპანიის განცხადებით, Didi აგრძელებს ახალი ბაზრების შესწავლას და მუშაობას, მათთვის სერვისების შესათავაზებლად. Didi-ის სერვისები უკვე დაინერგა სამხრეთ აფრიკის, ეკვატორისა და ყაზახეთის რამდენიმე ქალაქში.
შეგახსენებთ, რომ სატრანსპორტო კომპანია გასულ თვეს სკანდალში უკვე გაეხვა. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე Didi-ის $4.4 მილიარდიანი დებიუტიდან ორ დღეში, ჩინეთის კიბერსფეისის აპლიკაციამ კომპანია App store-ზე აკრძალა. მიზეზად მომხმარებლების პერსონალური ინფორმაციის არალეგალურად შეგროვება და გამოყენება დასახელდა. ამ ამბის შემდეგ, Didi-ის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა.
დასავლეთმა ჩინური კომპანიების მიმართ რეგულაციები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაამკაცრა. მაგალითისთვის, გასულ წელს, ბრიტანეთმა სატელეკომუნიკაციო გიგანტი Huawei თავის 5G ქსელზე არ დაუშვა, კომპანიას მკაცრი შეზღუდვები დაუწესდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. თავის მხრივ, ჩინეთის მთავრობა, მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, უფრო მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს. პერსონალური ინფორმაციის დაცვის კანონი, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ფირმების მიერ მონაცემთა შეგროვების მკაცრად გაკონტროლებას, პირველი ნოემბრიდან ამოქმედდება.