მსოფლიო ბანკი ავღანეთს ფინანსურ დახმარებას უჩერებს და შეშფოთებას გამოთქვამს ქალთა მდგომარეობის გამო

მსოფლიო ბანკი ავღანეთს ფინანსურ დახმარებას უჩერებს და შეშფოთებას გამოთქვამს ქალთა მდგომარეობის გამო

მსოფლიო ბანკმა სამშაბათს განაცხადა, რომ ის ავღანეთის ფინანსურ დახმარებას წყვეტს და შეშფოთებულია ქალების ბედით თალიბების მმართველობის პირობებში.

ეს გადაწყვეტილება დიდ დარტყმას მიაყენებს ავღანეთის ეკონომიკას, რომელიც დიდწილად საგარეო დახმარებებზეა დამოკიდებული. ამასთან მოსალოდნელია სურსათის ფასების მკვეთრი ზრდა.

„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ავღანეთში არსებული სიტუაციით და გავლენით ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე, განსაკუთრებით ქალების მდგომარეობაზე“ – განაცხადა მსოფლიო ბანკის პრესმდივანმა მარსელა სანჩეს-ბენდერმა CNN Business–თან საუბრისას.

ორგანიზაციის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ მსოფლიო ბანკმა $5.3 მილიარდზე მეტი გამოყო ავღანეთის განვითარების პროექტებისთვის. ავღანეთის რეკონსტრუქციის  ფონდმა, რომელსაც მსოფლიო ბანკი  მართავს, შეაგროვა 12.9 მილიარდ დოლარზე მეტი.

„ჩვენ ვგეგმავთ ოპერაციების შეწყვეტას ავღანეთში. ამჟამად ყურადღებით ვაკვირდებით და ვაფასებთ სიტუაციას ჩვენი შიდა პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად“– განაცხადა სანჩეს-ბენდერმა

მსოფლიო ბანკის განცხადებით, ისინი გააგრძელებენ  კონსულტაციებს საერთაშორისო საზოგადოებასთან და პარტნიორებთან. „ჩვენს პარტნიორებთან ერთად  ვიკვლევთ გზებს, რომლითაც ჩვენ შეგვეძლება კვლავ ვიყოთ ჩართული, რომ შევინარჩუნოთ ძნელად მიღწეული განვითარების ნაბიჯები და გავაგრძელოთ ავღანელი ხალხის მხარდაჭერა“ – თქვა სანჩეს-ბენდერმა.

ავღანეთის მოსახლეობა ინფლაციის სერიოზული საფრთხის წინაშე  მას შემდეგ დადგა, რაც ქაბულში აშშ–ს მიერ მხარდაჭერილი მთავრობა დაეცა, რასაც ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურება მოჰყვა.

CNN–სთვის მიცემულ ინტერვიუში, ავღანეთის ცენტრალური ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა აჯმალ აჰმადიმ მოსახლეობა მოსალოდნელი ეკონომიკური გაჭირვების შესახებ გააფრთხილა და საერთაშორისო თანამეგობრობას ფინანსური დახმარების გაგრძელებისაკენ მოუწოდა. „ჰუმანიტარული დახმარება არა მხოლოდ უნდა დარჩეს, არამედ უნდა გაიზარდოს კიდეც  მომდევნო დღეებსა და თვეებში“ – თქვა მან. „ნუ დაელოდებით კრიზისის კიდევ უფრო გამწვავებას.“

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *