„გირჩმა“ დაპირებული Porsche გაათამაშა

„გირჩმა“ დაპირებული Porsche გაათამაშა

ლიბერტარიანულმა პოლიტიკურმა პარტიამ „გირჩი“ წინასაარჩევნოდ დაპირებული ელექტრომანქანა გაათამაშა. პარტიამ ნებისმიერ ამომრჩეველს წინასწარ განსაზღვრული წესების დაცვის პირობებში ელექტრომანქანის გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისცა.

პოლიტიკური პარტია ამომრჩეველს ამერიკული ელექტრომობილების კომპანიის, Tesla-ს ავტომობილის გათამაშებას დაჰპირდა, თუმცა საბოლოოდ პარტიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გათამაშების გამარჯვებულს არა Tesla-ს, არამედ Porsche Taycan-ს აჩუქებდნენ. შეგახსენებთ, რომ Porsche Taycan-იც ელექტრო ავტომობილია, რომლის ღირებულება 100,000$ დოლარს შეადგენს.

როგორც პარტიაში აცხადებენ, დაპირებულ რამდენიმე Tesla-ს მომდევნო, თვითმართველობის არჩევნებისათვის მიღებული დაფინანსების დახმარებით გაათამაშებენ. შეგახსენებთ, რომ პარტიის გადაწყვეტილება სახელმწიფო დაფინანსების მოქალაქეებისათვის ამ ხერხით დაბრუნებას უკავშირდება. არჩევნებისათვის საქართველოს კანონმდებლობის თანახმად პარტიები ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებენ. „გირჩი“ კი ამ დაფინანსების მიღების წინააღმდეგია, საკუთარ პროტესტს კი ამ ხერხით გამოხატავს.

ძვირადღირებული ელექტრო ავტომობილის, Porsche Taycan-ის მფლობელი ჯუბა გრიგოლია გახდა. შეგახსენებთ, რომ გათამაშებაში მონაწილეობა ნებისმიერი პარტიული კუთვნილების ამომრჩეველს შეეძლო, რომელიც საკუთარი საარჩევნო უბნის წინ ფოტოს გადაიღებდა და სოციალურ ქსელში სპეციალური ჰეშთეგით საჯაროდ ატვირთავდა.

 

ფოტო: გირჩი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *