ჩვენს ფრიად დინამიკურ სამყაროს ერთი ტერმინი განსაკუთრებით უხდება – კონკურენტულობა. ტექნოლოგიის სწრაფ განვითარებასთან ერთად, მოქნილობა კომპანიების კორპორაციული კულტურის ნაწილად იქცა. საკუთარ პროდუქტებსა და სერვისებს ისინი ყოველდღიურად ავითარებენ, რათა ადამიანების ცხოვრება გაამარტივონ და სიამოვნებით აღავსონ. პარალელურად ამისა, იხვეწება მომხმარებელთა გემოვნება და ყალიბდება ახალი, უფრო ამბიციური მოლოდინები, რომელთაც კომპანიებმა მხარი უნდა აუბან.
ამ საერთაშორისო ტენდენციის თვალსაჩინო წარმომადგენელია ტექნოლოგიური კომპანია თიბისი, რომელმაც საქართველოსა და რეგიონში პირველი სრულად ციფრული ბანკი, სფეისი შექმნა. სფეისი ახალი თაობის, ტექნოლოგიურად დახვეწილი და მასშტაბური ციფრული ბანკია, რომელიც საერთაშორისო არენაზე მყარად დამკვიდრებულ ფინანსურ-ტექნოლოგიურ კომპანიებს არაფრით ჩამოუვარდება, პირიქით – რიგ საკითხებში სჯობს კიდეც.
2020 წლის მაისში თიბისი ბანკმა უზბეკეთის მარეგულირებლისგან საბანკო ლიცენზია მოიპოვა, რომლის საფუძველზე, რამდენიმე თვეში, TBC UZ-ის ბრენდის ქვეშ, სფეისის ბაზაზე აწყობილი სრულად ციფრული ბანკი გაუშვა, რომელმაც, სულ რაღაც ერთ წელიწადში, რეკორდულად მაღალ შედეგებს მიაღწია. უზბეკეთის ბაზარზე, ისევე როგორც საქართველოში, ნეობანკ სფეისის შემთხვევაში, კომპანია საცალო დაკრედიტების მიმართულებას ავითარებს და მომხმარებლებს სრულად ახალ, ტექნოლოგიურად დახვეწილ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მარტივ საბანკო გამოცდილებას სთავაზობს.
უზბეკურ ბაზარზე გამოჩენიდან ერთი წლის თავზე, უმსხვილესი ქართული ფინტექის, სფეისის რაობაზე, მის საერთაშორისო წარმატებასა და სამომავლო გეგმებზე სფეისისა და TBC UZ-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეს, ნიკა ქურდიანს ვესაუბრეთ.
უზბეკეთში TBC UZ-ის აპლიკაციის ერთი მილიონი გადმოწერა – მნიშვნელოვანი ნიშანსვეტია. როგორ შეაფასებთ ამ მიღწევას და ხომ ვერ მოგვიყვებით, რა გზა განვლო თიბისიმ გასული წლის განმავლობაში?
ეს მიღწევა, თავისთავად, უზბეკეთის მიღწევაა, მაგრამ შინაარსობრივად საქმე ასე დგას: დაახლოებით სამი წლის წინ საქართველოში, საკუთარ ბაზაზე, თიბისი ბანკმა ნეობანკის ტიპის ფინტექი, სფეისი შექმნა. ეს იყო პირველი სრულად ციფრული, მხოლოდ მობილურ აპლიკაციაში არსებული საბანკო მომსახურება – მარტივად რომ ვთქვათ, სფეისში გვხვდება ყველაფერი, რაც ყოველდღიური საბანკო ოპერაციების შესასრულებლად არის საჭირო.
თუმცა ამ სერვისის გაშვებისას, მხოლოდ ქართულ ბაზარზე ოპერირების ამბიცია არ გვქონია – თავიდანვე ვფიქრობდით, რომ ამ ინსტრუმენტს საერთაშორისო ბაზარზე გავიტანდით. ქართული ბაზარი სატესტო ბაზრად გამოვიყენეთ – კომპანიის შიგნით მას ლაბორატორიას ვუწოდებთ. პირველი საერთაშორისო ბაზარი, რომელიც ავითვისეთ, უზბეკეთია, რადგან მისი მოსახლეობა ძალიან მრავალრიცხოვანია – იქ დაახლოებით 35 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. თან, რეფორმების წყალობით, უზბეკეთი ეკონომიკურად სწრაფად მზარდი ქვეყანაა.
აქედან გამომდინარე, ბაზარზე შევედით. გავუშვით ბრენდი TBC UZ-ი, რომელიც საქართველოში – სფეისის, ხოლო საზღვარგარეთ თიბისის სახელითაა ცნობილი, რადგან საუბარი თიბისის ექსპანსიაზე გვაქვს. თუმცა აღსანიშნავია, რომ პლატფორმა არის იგივე და კომპანიასაც საერთაშორისო საბანკო პლატფორმა სფეისი ჰქვია. საინტერესოა, რომ უზბეკეთში საბანკო ლიცენზიის საფუძველზე ვმუშაობთ, რომელიც სესხების, დეპოზიტების, ანგარიშებისა და ბარათების მომსახურების საშუალებას გვაძლევს. ლიცენზია 2020 წლის მაისში მივიღეთ, ხოლო ოქტომბერში ბაზარზე აპლიკაცია გავუშვით.
აპლიკაციაზე საუბრისას, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ გუნდი, რომელიც ტექნოლოგიურ პლატფორმას და პროდუქტებს ავითარებს, ციფრულ მარკეტინგსა და გაყიდვებს უძღვება, რისკის სისტემებს მართავს და კიდევ უამრავ საქმეს აკეთებს – საქართველოში იმყოფება. საქართველოდან ძალიან ბევრი რამ კეთდება. მთელი პროცესი ცენტრალიზებულია და რეალურად, საერთაშორისო საბანკო პლატფორმა სფეისი საქართველოდან ორ გეოგრაფიულ ერთეულს ემსახურება: საქართველოს – სფეისის ბრენდის ქვეშ და უზბეკეთს – TBC UZ-ის ბრენდის ქვეშ.
ეს სულ ასე იქნება?
კი, რადგან ეს ჩვენი ხედვის ნაწილია. მოდი, მაგალითისთვის Uber-ი მიმოვიხილოთ: კომპანიის განმავითარებელი გუნდი სან-ფრანცისკოში იმყოფება და Uber-ის უკრაინულ პროდუქტს იქიდან მართავს. რა თქმა უნდა, კომპანიის ლოკალიზაციაზე პასუხისმგებელი გუნდი უკრაინაშიც ჰყავთ, მაგრამ კომპანიის კომერციული ტვინი, ანუ პროდუქტის სტრატეგოსები, პლატფორმას ერთი წერტილიდან, ცენტრალიზებულად ავითარებენ. ეს კარგია, რადგან ამგვარად პლატფორმა უფრო ეფექტური, უფრო ეფექტიანი და ბევრად მასშტაბირებადი ხდება – ერთი გეოგრაფიიდან, ბევრ გეოგრაფიას ემსახურები. ჩვენი კონცეპტია: „Develop once, deploy many times“ – გვირჩევნია, ერთი პროდუქტი შევქმნათ და ბევრ ადგილას დავნერგოთ, ვიდრე ყველა ქვეყანაში ცალკე ბანკი ავაწყოთ.
საქართველოდან მართვას გარკვეული ფინანსური სარგებელიც აქვს?
კი, რა თქმა უნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროდუქტის განვითარებაზე პასუხისმგებელი ტექნოლოგიური გუნდი ყველა ქვეყანაში დაგვჭირდებოდა, რაც პროდუქტებსა და მარკეტინგულ მიდგომებს განასხვავებდა. ასეთი მიდგომით, რესურსებისა და მიდგომების დუბლირება მოგვიწევდა. გამოდის, რომ ხუთი ცენტრალიზებული საერთაშორისო პროდუქტის ნაცვლად, ორას ოცდათხუთმეტ პროდუქტზე მუშაობა დაგვჭირდებოდა. მთელი არსი, სუპერცენტრალიზაციასა და სუპერსტანდარტიზაციაშია.
მაშ, რა მიღწევები დაუგროვდა TBC UZ-ს გასული წლის განმავლობაში?
გასული წლის განმავლობაში მოხდა შემდეგი: უზბეკური საბანკო ლიცენზიის საფუძველზე ავაწყვეთ ბანკი – TBC Bank Uzbekistan-ი, რომელსაც 650 თანამშრომელი ჰყავს. ამ ბანკს არა აქვს ფილიალები, რადგან ის სრულად ციფრულია – ოფლაინ არანაირ მომსახურებას არ ვახორციელებთ, გარდა ე.წ. „შოურუმინგისა“. ასეთი შოურუმი თითქმის ყველა რეგიონში გვაქვს – ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, 65 წერტილში.
გარდა ამისა, გვაქვს ერთი მილიონი ჩამოტვირთვა, რომელთაგან 750,000-ზე მეტი მომხმარებელი „იუზერი“ გახდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა აპლიკაცია უბრალოდ კი არ ჩამოტვირთა, არამედ მისი გამოყენებაც დაიწყო, რადგან მიუთითა სახელი და გვარი, მოგვცა წვდომა პირად მონაცემებზე და გვითხრა, მოდი ვიკონტაქტოთ, თქვენი სერვისები შემომთავაზეთო. ეს კოლოსალურად მაღალი რიცხვია, რადგან ერთ წელიწადში ასეთ ბაზარზე ბანკის აწყობა და ერთი მილიონი ჩამოტვირთვის და 750,000 „იუზერის“ მოზიდვა – მარტივი არ არის.
მოდი, სხვა პროდუქტებიც მიმოვიხილოთ: გამოვუშვით 200 ათასამდე ბარათი, მოვიზიდეთ 100 მილიონი ლარის დეპოზიტები და გავეცით 80 მილიონი ლარის სესხები. გარდა ამისა, გვყავს 200 ათასი მომხმარებელი, რომლებიც ჩვენს აპს ყოველთვიურად აქტიურად იყენებენ. ერთი წლისთვის, ციფრები კოლოსალურია და იმედი გვაქვს, რომ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ.
უზბეკეთზე საუბრისას, რა სახის ბაზარს ვგულისხმობთ? აქვთ თუ არა ადამიანებს წვდომა ინტერნეტთან და სმარტფონებთან?
სმარტფონების საბაზრო პენეტრაცია დაახლოებით 50%-ს უდრის. ახალგაზრდა სეგმენტში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. ამ მხრივ, საკუთარ სამეზობლოსთან შედარებით, უზბეკეთი საკმაოდ განვითარებული ქვეყანაა. გარდა ამისა, ქვეყანაში ძალიან განვითარებულია ციფრული ფინანსური მომსახურებები, განსაკუთრებით კი საგადახდო საშუალებები. რაღაც მხრივ, ეს სერვისები იქ საქართველოზე უფრო განვითარებულიც კი არის, რადგან P2P გადარიცხვებისა და კომუნალური გადახდებისთვის ადამიანები აპლიკაციებს იყენებენ. მეტიც, დაბეჭდილია ოცდახუთ მილიონზე მეტი პლასტიკური ბარათი და დგას ნახევარი მილიონი POS ტერმინალი.
საგადამხდელო კონტექსტში, უზბეკეთს საკმაოდ განვითარებული ბაზარი აქვს, რაზეც ჩვენი მეორე კომპანიის, Payme-ს შედეგებიც მეტყველებს, რომელსაც 5 მილიონამდე რეგისტრანტი ჰყავს. ეს ძალიან მაღალი რიცხვია – მოსახლეობის ერთი მეშვიდედი ჩვენთან არის რეგისტრირებული. საბოლოო ჯამში ვიტყოდი, რომ ციფრული პროდუქტების მოხმარების კონტექსტში, უზბეკეთის ბაზარი ძალიან განვითარებულია.
მოდი, პროდუქტებზე შევჩერდეთ. როგორც ცნობილია, თავდაპირველად საცალო დაკრედიტების მიმართულებით დაიწყეთ და საინტერესოა, გასული წლის განმავლობაში ახალი პროდუქტების შემოთავაზებაზე თუ გადახვედით?
ჩვენი სეგმენტი ყოველთვის საცალო ვაჭრობა, ანუ ე.წ. „რიტეილი“ იქნება, მაგრამ ამას გავაკეთებთ ციფრულად, სფეისის პლატფორმის მეშვეობით. ამ ფაქტს ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ სფეისი – მულტიგეოგრაფიული ფინტექპლატფორმაა: ერთი ლოკაციიდან, საქართველოდან, ეს პლატფორმა რამდენიმე ლოკაციას ემსახურება. სამომავლოდ რამდენიმე ახალი ლოკაციის დამატებას ვფიქრობთ და იქნებ, ახალ ბაზრებზე შესვლა 2023 წელს გამოგვივიდეს. ამბიციურები ვართ: გვსურს, ყოველ წელს ერთი გეოგრაფია ავითვისოთ.
პროდუქტებს რაც შეეხება, გვაქვს დეპოზიტი, სესხი, P2P-გადარიცხვა, პლასტიკური და ვირტუალური ბარათები, კომუნალური გადახდები და განვადება.
ადრიდანვე აღნიშნეთ, რომ უზბეკეთში კორპორაციული მიმართულება არ გექნებოდათ. ხომ ვერ აგვიხსნით, რატომ?
კორპორაციული კლიენტების მომსახურებას განსხვავებული ბიზნესმოდელი სჭირდება, რომლის განხორციელება სრულად ციფრულ ფორმატში ძალიან რთულია. გარდა ამისა, მოცულობითი სესხების გაცემამდე, ქვეყანა კარგად უნდა გაიცნო. საზღვარგარეთ სტუმრები ვართ და შეიძლება, მსხვილ კორპორაციულ კლიენტებთან წარმატებას ვერ მივაღწიოთ, რადგან, როგორც წესი, ისინი ურთიერთობაზე დამყარებულ საბანკო მომსახურებას, ე.წ. „Relationship banking“-ს არჩევენ: თუ მათთან დიდხნიანი ურთიერთობა გაქვს, თუ გიცნობენ, გენდობიან და იციან, რომ მხარში ამოუდგები – ბიზნესის კეთება საგრძნობლად მარტივდება. ეს ყველაფერი დიდ დროსა და არაციფრულ ენერგიას მოითხოვს, რაც ჩვენთვის სტრატეგიულ დეფოკუსს წარმოადგენს, რომელზეც თავიდანვე უარი ვთქვით.
რა გამოარჩევს სფეისს სხვა საერთაშორისო ნეობანკებისგან, მაგალითად, Revolut-ისა და N26-სგან? რა არის სფეისის კონკურენტული უპირატესობა?
არაფერი. მარტივად. სფეისს მათგან არაფერი გამოარჩევს – ის ისეთივე ნეობანკია და მათ არაფრით ჩამოუვარდება, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. უბრალოდ, ჩვენ სხვა გეოგრაფიაზე ვფოკუსირდებით – გერმანიაში ან ინგლისში რომ შევსულიყავით, მათთან კონკურენცია მოგვიწევდა.
როგორი საკანონმდებლო ბაზაა იმ ბაზრებზე, რომლებზეც შესვლა გსურთ? როგორც ვხვდები, გულისხმობთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, რომლებშიც საბანკო და ზოგადად, ფინანსური სექტორების ლიბერალიზაციის ტენდენციას ვხვდებით. იგრძნობა თუ არა ეს ტენდენცია?
საქართველოს ბაზარს კარგად ვიცნობთ და ვიცით, რაც ხდება. რაც შეეხება უზბეკეთს, იქ საბანკო რეგულაციები ინტენსიურად ვითარდება და აქტიურად შემოდის გაციფრულების კომპონენტი. აი, მაგალითად, წინა კვირას, სადაზღვევო კომპანიებს ციფრული სადაზღვევო პოლისების გამოყენების ნებართვა დართეს. გასულ თვეს, კლიენტების გასაფორმებლად, ანუ ე.წ. „ონბორდინგისთვის“ სრულად ციფრული მეთოდი დაუშვეს. ასე რომ, თანამედროვე საბანკო რეგულაციებს უზბეკეთი საკმაოდ აქტიურად ავითარებს, რაც ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა, რადგან რეგულაციების უმეტესობა გაციფრულებას ემსახურება.
რახანია, თიბისიმ რებრენდინგი განიცადა, რის მერეც ტექნოლოგიურ კომპანიად პოზიციონირებს. ცოტა ხნის წინ თიბისი ჯგუფი my.ge-ის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. ხომ არ მიანიშნებს ეს ნაბიჯები იმაზე, რომ თიბისი Super App-ად გადაქცევას აპირებს?
კი, მიანიშნებს, რასაკვირველია. ჩვენ გაცხადებულიც კი გვაქვს, რომ ეკოსისტემურ მიდგომას ვნერგავთ – ეს ეკოსისტემური პლატფორმებიც თიბისი ჯგუფმა სწორედ ამის გამო შეიძინა. ახლა კი ღია ეკოსისტემას ვაყალიბებთ, რომლის ერთ-ერთი მონაწილე თიბისი ბანკიც იქნება.
დაშვებულია თუ არა საკანონმდებლო კუთხით, რომ უმსხვილესი ბანკის მფლობელი თიბისი ჯგუფი სხვადასხვა ტიპის ბიზნესში ერთდროულად ჩაერთოს?
ამ პროექტს თიბისი ჯგუფი ახორციელებს და არა თიბისი ბანკი. კანონმდებლობა ამის საშუალებას გვაძლევს, უბრალოდ, ეს ეკოსისტემა უნდა იყოს ღია, რომელშიც კონკურენტული პირობებით სხვა მოთამაშეებიც, მათ შორის სხვა ბანკებიც უნდა შემოვუშვათ.
როგორი მიდგომა აქვს სფეისს სხვა ფინტექკომპანიების მიმართ?
დადებითი. თანამშრომლობა და მხოლოდ თანამშრომლობა.
სფეისის მომავალ გეგმებზე ხომ ვერ მოგვიყვებით? რა ბაზრების ათვისება გსურთ და როდის?
კონკრეტულ ქვეყნებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ გეტყვით, რომ 2022 წლიდან შემდგომი ექსპანსიის დაწყება გვინდა. ამ ექსპანსიის შედეგად, რიგ ქვეყნებში საბანკო ლიცენზიას მივიღებთ, რომლის საფუძველზე, TBC-ის ბრენდის ქვეშ, ციფრულ პლატფორმა სფეისს გავუშვებთ.
მთავარი ფოტო: ნიკა ქურდიანი / Helloblog