Forbes Auto: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისგან

Forbes Auto: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისგან

გასული კვირა საკმაოდ საინტერესოდ განვითარდა ავტომოყვარულებისათვის. სიახლეებით დახუნძლული სამუშაო დღეები არც ამ კვირისათვის ყოფილა უცხო. ავტოინდუსტრიაში მომხდარი ამბები, როგორც წესი, სცდება ხოლმე სფეროს საზღვრებს და ბევრად უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ასეთი გამოდგა ყველასათვის კარგად ნაცნობი Tesla-ს სიახლეც, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი კომპანია გახდა. შეიძლება ისიც ითქვას, რომ ტრადიციული მობილობის საშუალებების ერის დასასრულის დასაწყისიც უკვე მიიწურა და ეს ყველაფერი დამაგვირგვინებელ ფაზაში გადადის. ავტომობილების ელექტრომომავალი უკვე სცდება მხოლოდ ავტომობილების ჯგუფს და საკუთარ ნიშს საზღვაო თუ საჰაერო ტრანსპორტშიც პოვებს. თუმცა ჭეშმარიტი ავტომოყვარულის გულში ყოველთვის იარსებებს შიდაწვისძრავიანი ავტომობილისათვის ღირსეული ადგილი, რომელსაც მრავალი წლის შემდეგ დანანებითაც კი გაიხსენებს. მანამდე კი მომავალს არა სინანულით, არამედ აღტაცებით უნდა შევხედოთ. Forbes Auto-ს ამ კვირის ბლოგში კი წაიკითხავთ, თუ როგორი იქნება ჩინური კომპანია Xpeng-ის მფრინავი მანქანა, რა მახასიათებლები ექნება ახალ Corvette Z06-ს, როგორია ავიასაწვავის მომავალი და გაეცნობით სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს წამყვანი ავტომწარმოებლებისაგან.

Hertz-ის მიერ 100 000 ელექტრომობილის შეკვეთის შემდეგ, Tesla-ს აქციათა ფასები საგრძნობლად გაიზარდა, კომპანიის ღირებულებამ კი 1 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა

რამდენიმე დღის წინ Tesla ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში მე-6 კომპანია გახდა, რომლის ღირებულებაც 1 ტრილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. ორშაბათს კომპანიის აქციათა ფასები 12%-ით გაიზარდა და საფონდო ბირჟის დახურვისას 1,025 დოლარი შეადგინა.  აღნიშნული ზრდა მეტწილად კომპანია Hertz-ის მიერ 4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების, 100 000 ავტომობილის შეკვეთის დამსახურება იყო, თუმცა გარკვეული როლი ითამაშა კომპანიის საშემოსავლო დოკუმენტების ანგარიშების გამოქვეყნებამაც.

ამ გარემოებებმა კი ორშაბათს ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის, კომპანია 1-ტრილიონიანი კომპანიების რიგებს შეუერთა. თუმცა მისი ღირებულება დაახლოებით 2.5-ჯერ ნაკლებია მსოფლიოს უდიდესი კომპანიის, Apple-ის, ღირებულებაზე, რომელიც 2.5 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. იგი ასევე მნიშვნელოვნად ჩამორჩება მსოფლიოს მეორე ყველაზე მდიდარ კომპანია Microsoft-საც, რომლის ღირებულებაც 2.3 ტრილიონი აშშ დოლარის ტოლია.

საინტერესო აღმოჩენაა, რომ ილონ მასკის ავტოკომპანია ტოლს არ უდებს მსოფლიოს წამყვან ტექგიგანტებს. თუმცა, ალბათ კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ მისი ღირებულება შემდეგი ათი ავტომწარმოებლის ერთად აღებული ღირებულების ტოლია. Tesla-ს საბაზრო კაპიტალი ჯამურად იაპონური Toyota-ს, გერმანული Volkswagen-ის, Daimler-ისა და BMW-ის, ჩინური BYD-ის, Nio-სა და Great Wall Motors-ის, ამერიკული General Motors-ისა და Ford-ის ღირებულებებს უტოლდება. შესაბამისად, მხოლოდ ეს გარემოება უკვე მრავალ დეტალზე მეტყველებს. ის პირდაპირი ინდიკატორია იმისა, თუ რამხელა მოთხოვნა არსებობს ელექტრომობილებზე და როგორია ტენდენციები. ეს კი განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ Tesla შიდაწვისძრავიან ავტომობილებს არასდროს აწარმოებდა, შესაბამისად, მისი სახელი მხოლოდ და მხოლოდ ელექტრომობილებთან ასოცირდება.

გარდა აღნიშნული კომპანიებისა, ტრილიონდოლარიანი კორპორაციების ოჯახში Google-ის მფლობელი Alphabet-ი და Amazon-ი შედიან. მათი ღირებულება კი, შესაბამისად, 1.8 და 1.7 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

საინტერესოა ისიც, რომ Tesla  ამერიკის ისტორიაში მეორე კომპანიაა, რომელმაც აღნიშნული ყველაზე სწრაფად შეძლო. მან ამ შედეგს 2010 წელს IPO-ზე გასვლიდან 12 წელიწადში მიაღწია. ამ მხრივ ყველაზე „სწრაფი“ კომპანია ამერიკის ისტორიაში კი Facebook-ი გახლავთ, რომელმაც იმავე შედეგის გამეორება 9 წელიწადში მოახერხა.

2024 წლიდან განხორციელდება კომერციული ფრენები, რომელთაც წყალბადის საწვავზე მომუშავე ტრანსპორტი შეასრულებს

ლონდონსა და როტერდამს შორის დაგეგმილი კომერციული ფრენები, რომლებიც წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავებით შესრულდება, სტარტს 2024 წლიდან აიღებს. გასულ კვირას ავიაკომპანია ZeroAvia-მ განაცხადა, რომ ის ამჟამად 19-ადგილიანი თვითმფრინავის წარმოების პროცესშია, რომელიც სრულად წყალბადის საწვავის დახმარებით იფრენს.

აღნიშნული ინიციატივის სრულყოფისათვის რამდენიმე კომპანია თანამშრომლობს. ZeroAvia, Royal Schiphol Group-ი, Rotterdam the Hague Innovation Airport Foundation-ი და Rotterdam the Hague Airport-ი საკუთარი მიზნის მისაღწევად უკვე რამდენიმე თვეა, რაც აქტიურად მუშაობენ.

ZeroAvia-ს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შეთანხმების მიხედვით ყველაზე გონივრული დროითი ჩარჩო განისაზღვრა, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოში პირველი კომერციული ფრენა უნდა შესრულდეს გამონაბოლქვის გარეშე. ეს კი პოტენციურად ნიშნავს, რომ მალევე წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავის საშუალებით საერთაშორისო კომერციული ფრენის განხორციელებაც შესაძლებელი იქნება.

კომპანიის განცხადებით, ის და Royal Schiphol Group-ი ამჟამად აქტიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან დაგეგმილი რეისისათვის საოპერატორო მომსახურების გაწევისათვის.

შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, ავიამიმოსვლის შედეგად  გამოყოფილი ნახშირორჟანგის რაოდენობა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2019 წელს მან 1 გიგატონას მიაღწია, რაც წიაღისეული საწვავის წვისაგან საერთო ჯამში გამოყოფილი გამონაბოლქვის 2.8%-ს შეადგენს.

ZeroAvia კი გახლავთ მწარმოებელი, რომელიც მთავარ მიზნად აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლას ისახავს. ის ~ წყალბადზე მომუშავე ძრავების შექმნას ცდილობს, რომლებიც თანადროულად უსაფრთხოც იქნება და ეკომეგობრულიც. მაგალითად, 2020 წლის სექტემბერში კომპანიის მიერ შექმნილმა 6-ადგილიანმა საფრენმა საშუალებამ საკუთარი პირველი სატესტო ფრენა განახორციელა.

მსგავსი ინიციატივით მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავიამწარმოებელი, Airbus-იც, გამოვიდა. გასულ წელს მან სამი წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავის პროტოტიპი წარადგინა, რომლებიც მოხმარებაში, კომპანიის განმარტებით, 2035 წლიდან ჩაეშვება.

ევროკავშირში ელექტრომობილების წილი საერთო ავტოგაყიდვებში მესამე კვარტალში 20%-ს შეადგენს

სავაჭრო ორგანიზაციის მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებული გაყიდვების მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ევროკავშირის ტერიტორიაზე გაყიდული ყოველი ხუთი ავტომობილიდან ერთი ელექტრომობილი იყო. გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წიაღისეულ საწვავზე მომუშავე შიდაწვისძრავიან ავტომობილებზე მოთხოვნა თანდათან მნიშვნელოვნად მცირდება.

მსუბუქი ავტომობილების, სატვირთოებისა და ავტობუსების გაერთიანების, ავტომწარმოებლების ევროპული ასოციაციის განცხადებით, ელექტრო- და ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვების წილი მთლიან რიცხვთან პროპორციაში 19%-ს შეადგენს.

REUTERS/Eric Gaillard

ელექტრომობილების გაყიდვები დაახლოებით 57%-ით გაიზარდა და 212 000 ერთეული შეადგინა. რაც შეეხება ჰიბრიდულ მოდელებს, მათზე მოთხოვნა თითქმის 43%-ითაა გაზრდილი და 197 000 ერთეულს შეადგენს. მაგრამ საინტერესოა, რომ ზრდის ეს ტენდენცია 2020 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს დაახლოებით 10%-ით ჩამორჩება. გასულ წელს აღნიშნული მონაცემი თითქმის 33%-ს უტოლდებოდა, რაც ნიშნავს, რომ მესამე კვარტალში გაყიდული ყოველი სამი ავტომობილიდან ერთი ელექტრო- ან ჰიბრიდული მანქანა გახლდათ.

საინტერესოა ისიც, რომ ბენზინის საწვავზე მომუშავე ძრავიანი ავტომობილების გაყიდვები 35%-ითაა შემცირებული, თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი მთლიანი გაყიდვების 40%-ს შეადგენს. ყველაზე თვალში საცემი დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილების წილის ცვლილებაა. მესამე კვარტალში ამგვარი ავტომობილების გაყიდვები 50%-ითაა შემცირებული, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია და გამონაბოლქვის გარეშე მიზნების შესრულებისაკენ გადადგმულ კიდევ ერთ წარმატებულ ნაბიჯს წარმოადგენს.

დაახლოებით ათი წლის წინ, დიზელის საწვავზე მომუშავე შიდაწვისძრავიანი ავტომობილები ევროკავშირის ტერიტორიაზე გაყიდული მანქანების 50%-ს შეადგენდა, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კი ეს მონაცემი 18%-მდეა შემცირებული.

ზემოთ აღნიშნულ შთამბეჭდავ მონაცემებს, რასაკვირველია, საკუთარი გამომწვევი მიზეზები აქვს. ერთი მხრივ, ის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მიერ გაცემული სუბსიდიების პირდაპირპროპორციულ  სარგებელს წარმოადგენს. ხოლო მეორე მხრივ კი, საზოგადოდ, ევროკავშირის ახალ პოლიტიკას გამონაბოლქვის შემცირებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ 2030 წლისათვის ევროკავშირის ტერიტორიაზე შიდაწვისძრავიანი ავტომობილების გაყიდვები აიკრძალება.გაერთიანებას მიზნად აქვს დასახული, 2050 წლისათვის გამონაბოლქვი ნულს გაუტოლოს.

Amazon-ი ამერიკული ავტომწარმოებლის, Rivian-ის, 20%-იანი წილის მფლობელი გახდა

შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების კომისიის ინფორმაციით, Amazon-ი ელექტროტრანსპორტის მწარმოებელი Rivian-ის 20%-იანი წილის მფლობელი გახდა. 30 სექტემბერს კომპანიამ განაცხადა, რომ ის ფლობდა Rivian-ის კაპიტალის გარკვეულ ინვესტიციებს. შეგახსენებთ, რომ Rivian-ის საბაზრო კაპიტალის ღირებულება 3.8 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. შესაბამისად, გასაკვირი არც არის, რომ ამიერიდან „ამაზონი“ Rivian-ის  მეხუთედის მფლობელი იქნება. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ 2019 წელს „ამაზონმა“ Rivian-ის ინვესტირების მორიგ რაუნდში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუცია შეიტანა. 2019 წლისათვის საერთო ჯამში მას სტარტაპში 400 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჰქონდა განხორციელებული.

იმავე წელს Amazon-მა განაცხადა, რომ 2040 წლის კლიმატური გეგმის განსახორციელებლად Rivian-საგან 100 000 ელექტრომიწოდების ავტომობილს შეიძენდა. პირველმა ამგვარმა ფურგონებმა მიწოდების მომსახურება ლოს-ანჯელესში წლის დასაწყისში დაიწყეს. შესაბამისად, „ამაზონი“ იმედოვნებს, რომ 2022 წლის ბოლოსათვის გზებზე Rivian-ის 10 000 ელექტროფურგონი ეყოლება.

თუმცა აღნიშნული ინვესტიცია, შეიძლება ითქვას, რომ კომპანიისათვის მთლიანად მოგებიანი არ ყოფილა. Rivian-მა მთელი თავისი საწარმოო რესურსი სწორედ Amazon-ის შეკვეთის შესრულებისაკენ მიმართა, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა კომპანიის სამომხმარებლო ავტომობილების, R1T-ისა და R1S-ის ხაზი. ეს უკანასკნელნი მომხმარებაში 2020 წლიდან უნდა ჩაშვებულიყო, თუმცა სწორედ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მათი დამზადება მხოლოდ გასულ თვეში მოხერხდა. შესაბამისად, რთული სათქმელია, საბოლოო ჯამში „ამაზონის“ განხორციელებული ინვესტიცია კომპანიისათვის წაგებიანი უფრო აღმოჩნდა თუ მოგებიანი. ამით თავად „ამაზონმა“ უფრო იხეირა, ვიდრე ელექტრომობილების სტარტაპმა.

GM-ის CEO: 2025 წლისათვის ელექტრომობილების გაყიდვებში GM-ი Tesla-ს დაეწევა

General Motors-ის აღმასრულებელმა დირექტორმა CNBC-სთან საუბრისას განაცხადა, რომ 2025 წლისათვის კომპანია შეერთებულ შტატებში ელექტრომობილთა გაყიდვებით მის კონკურენტ Tesla-ს დაეწევა.

მარი ბარამ, ასევე, აღნიშნა, რომ კომპანიას ამ მიზნის განხორციელებაში GM-ის ახალი ელექტრომობილები, GMC Hummer Pickup-ი, Cadillac Lyriq-ი და Chevrolletს ახალი კროსოვერი დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ General Motors-ის ახალი საწარმოო პოლიტიკა 2025 წლამდე 30 ახალი ელექტრომობილის გამოშვებას ითვალისწინებს.

მარი ბარამ დასძინა, რომ კომპანია მუშაობასა და გაუმჯობესებას მანამდე არ შეწყვეტს, ვიდრე ბაზარზე ელექტრომობილების გაყიდვებით ლიდერი თავად არ გახდება. აღნიშნულის თქმის საშუალებას კი ის რეაქციები აძლევს, რაც ადამიანებს კომპანიის ახალი ავტომობილების პირველად ხილვისას ეუფლებათ.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი განცხადება კომპანიამ გასულ კვირაშიც გააკეთა, თუმცა ამ მიზნის მიღწევის დროითი ჩარჩო მაშინ ცნობილი ჯერ კიდევ არ იყო. შესაბამისად, აღმასრულებელმა დირექტორმა თარიღებს მეტი კონკრეტიკა შესძინა.

საინტერესოა, რომ უკვე წლებია, რაც შეერთებული შტატების ელექტრომობილების ბაზარზე Tesla საკმაოდ დამაჯერებლად ლიდერობს. თუმცა, IHS Markit-ის პროგნოზით, ილონ მასკის კომპანიის გასული წლის 79%-იანი დომინაცია, 2021 წლის ბოლოსათვის 56%-მდე შემცირდება. ამავე კომპანიის პროგნოზით კი 2025 წლისათვის Tesla-ს წილი აშშ-ის ელექტრომობილების ბაზარზე 20%-მდე დაეცემა.

GM-მა ელექტრომობილებისაგან მიღებული შემოსავლების პროგნოზი 2023 წლის 10 მილიარდი აშშ დოლარიდან, 2030 წლისათვის 90 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. საინტერესოა, საბოლოოდ ვინ დარჩება გამარჯვებული ბაზრის  დაპყრობის ამ რბოლაში.

ჩინური ავტომწარმოებელი Xpeng-ი 2024 წლიდან მფრინავი ავტომობილის გამოშვებას გეგმავს, რომელსაც გზებზე გადაადგილებაც შეეძლება

ჩინურმა ელექტრომობილების მწარმოებელმა, Xpeng-მა, გასულ კვირას საკუთარი პირველი მფრინავი ავტომობილის პროტოტიპი წარადგინა. კომპანიის განცხადებით, ავტომობილს ერთდროულად შეეძლება ფრენაც და გზებზე გადაადგილებაც. Xpeng-ი საკუთარი მფრინავი ავტომობილის ხმარებაში ჩაშვებას 2024 წლიდან გეგმავს. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ავტომობილი ჯერჯერობით კომერციულად ხელმისაწვდომი არ არის. კომპანიასთან აფილირებული HT Aero-ს განცხადებით, შესაძლოა საბოლოო ვარიანტში მფრინავი ავტომობილის დიზაინიც შეიცვალოს.

HT Aero-ს ავტომობილს საკმაოდ მსუბუქი დიზაინი და ისეთი როტორი ექნება, რომელსაც დაკეცვა შეეძლება. ეს კი ავტომობილს მისცემს საშუალებას, ჯერ გადაადგილდეს გზაზე, შემდეგ კი როტორების გახსნის შემთხვევაში ცაში აფრენაც შეძლოს.

ბუნებრივია, რომ პირველი რეაქცია აღნიშნული სიახლის მოსმენისას – აღტაცებაა. ალბათ ბევრ ჩვენგანს გაგვახსენდა ის ფილმები, რომლებიც ბავშვობაში გვინახავს მფრინავი ავტომობილების შესახებ. თუმცა მას შემდეგ, რაც ემოციები და აღტაცება გაქრება, ჩნდება ყველაზე მართებული შეკითხვა: რამდენად უსაფრთხოა მფრინავი მანქანა და რა ზომების გატარებას გეგმავს კომპანია. კომპანიაში აცხადებენ, რომ მფრინავი ავტომობილი უსაფრთხოების შესაბამისი ზომებით დახუნძლული იქნება. მათ შორის ავტომობილში მოთავსებული იქნება პარაშუტებიც.

ცნობისათვის, HT Aero ზემოთ აღნიშნული Xpeng-ის მიერ მხარდაჭერილი კომპანიაა. გასულ კვირას კომპანიამ ინვესტიციების სახით ვენჩურული კაპიტალისტებისაგან და კერძო ინვესტორებისაგან 400 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება შეძლო. ბუნებრივია, რომ მფრინავი მანქანის კონცეპტი ყველა ინვესტორის ყურადღებას იპყრობს. ბოლოდროინდელი ტექნოლოგიური პროგრესის გათვალისწინებით კი სიბრიყვე  არ იქნება, თუკი ინვესტორები მფრინავ მანქანებს მომავლის მობილობის საშუალებად ჩათვლიან და საკუთარი კაპიტალის განთავსებასაც მოისურვებენ.

თუმცა, უნდა ვახსენოთ ისიც, რომ კომპანიას წარმატების მისაღწევად მარეგულირებელთა მოთხოვნების შესრულება და უსაფრთხოების ზომების გარანტიების მიცემა მოუწევს.

GM-მა ახალი Chevy Corvette Z06 წარადგინა

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა General Motors-მა სამშაბათს საკუთარი ლეგენდარული ხაზის ახალი ავტომობილი, Chevy Corvette Z06 წარადგინა. კომპანიის განცხადებით, ახალი „კორვეტი“ მომხმარებლებს ამერიკული სპორტქარის ფესვებთან დააბრუნებს.

ახალ, 2023 წლის Chevy Corvette Z06-ს 5.5 ლიტრის მოცულობის რვაცილინდრიანი ძრავა  ექნება. ძრავას ქარხნულ მდგომარეობაში 670 ცხენის ძალისა და 460 ნიუტონ/მეტრი მაბრუნებელი მომენტის გამომუშავება შეეძლება. GM-ის განცხადებით, აღნიშნული ძრავა საკუთარ კლასში ყველაზე მძლავრია.

საინტერესოა, რომ Z06-ის წინა მოდელს, რომელიც 2019 წლიდან იწარმოებოდა, რვაცილინდრიანი Supercharger ძრავა ჰქონდა, თუმცა საკუთარი წონის გამო ის ავტომოყვარულთა იმედგაცრუებას იწვევდა. შესაბამისად, ახალი მოდელის ძრავა ავტომოყვარულთა გულებს კიდევ ერთხელ მოიგებს.

კომპანიის წარმომადგენლებს ავტომობილის ღირებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. თუმცა მათ აღნიშნეს, რომ ავტომობილის ღირებულება წინა და საბაზისო მოდელებთან შედარებით 44%-იან სხვაობაში მოექცეოდა. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მისი ფასი 86,400 აშშ დოლარს გადააჭარბებს.

GM-ის თანახმად, ახალი Chevy Corvette Z06-ის წარმოება შემდეგი წლის ზაფხულში დაიწყება. ნავარაუდებია, რომ ავტომობილს 0-დან 100-მდე აჩქარება 2.6 წამში შეეძლება. აღნიშნული შედეგი კი მას ყველაზე სწრაფ Corvette-ად აქცევს ბრენდის ისტორიაში. გარდა ამისა, ის მნიშვნელოვან კონკურენციას გაუწევს სხვა სუპერქარებსაც, რომლებიც მასზე მრავალი ათასი დოლარით უფრო ძვირი ღირს.

Toyota-ს პირველ ელექტრომობილს სრული დამუხტვით 450 კილომეტრის გავლა შეეძლება

მიმდინარე წლის აპრილში იაპონურმა ავტომწარმოებელმა, ტოიოტამ, საკუთარი ახალი საწარმოო პოლიტიკის, „Beyond Zero” (ნულს მიღმა), ფარგლებში 2025 წლამდე შვიდი ელექტრომობილის გამოშვება დააანონსა. აპრილში კომპანიამ bZ4X ელექტრომობილის პროტოტიპიც წარადგინა, რომლის შესახებაც მეტი დეტალი ცნობილი სწორედ გასულ კვირას გახდა. აპრილში კომპანიამ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ახალი ელექტრომობილის შესაქმნელად Subaru-სთან თანამშრომლობდა და ახალი ავტომობილი SUV იქნებოდა. უკვე პარასკევს კი კომპანიამ ავტომობილის საწარმოო ვერსია გაამჟღავნა.

იაპონური ავტომწარმოებელი აღნიშნულ ავტომობილს წინა ან ოთხივე წამყვანი საბურავის ოფციით გამოუშვებს. წინა წამყვანი ბორბლების ოფციის პირობებში კი ავტომობილს 150 კილოვატი ენერგიის გამომუშავება შეეძლება, რაც მას 0-დან 100-მდე 8.4 წამში ააჩქარებს. ამ უკანასკნელის პირობებში ელექტრომობილს ერთი სრული დამუხტვით 500 კილომეტრის გავლა შეეძლება. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული სპეციფიკაციები ავტომობილის იაპონურ მოდელს ექნება. შესაბამისად, მისი შეერთებულ შტატებში წარმოების შემდეგ შესაძლოა მცირედი ცვლილებებიც ვიხილოთ.

კომპანიის განცხადებით, ელექტრომობილის 15-კილოვატიანი ძრავა სწრაფი დამუხტვის ფუნქციით იქნება აღჭურვილი და 0-დან 80%-მდე დამუხტვას მხოლოდ 30 წუთი დასჭირდება. ოთხივე წამყვანი ბორბლის ოფციის შეძენის შემთხვევაში ავტომობილს ორი 80-კილოვატიანი ძრავა ექნება თითოეულ ხიდზე, რომლებიც ჯამში 160 კილოვატს გამოიმუშავებენ. აღნიშნულ მოდელს 0-დან 100-მდე აჩქარება 7.7 წამში შეეძლება. კომპანიამ აღნიშნა, რომ ძრავის ელემენტები გრავიტაციის ცენტრის დასადაბლებლად SUV-ის ჩარჩოში იქნება ინტეგრირებული.

განსაკუთრებული სიახლე აღმოჩნდა ისიც, რომ კომპანია გეგმავს, საკუთარ მომხმარებელს აღნიშნული ავტომობილის ერთ-ერთ მოდელში მზის პანელების სახურავის ოფციაც შესთავაზოს.  ამ პირობებში კი მას 1800 კილომეტრისათვის საჭირო ელექტროენერგიის გამომუშავება შეეძლება. შეგახსენებთ, bZ4X მოდელი შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების ბაზარზე 2022 წლის შუა პერიოდიდან იქნება ხელმისაწვდომი.

გერმანული კომპანია Bosch-ი საკუთარი ნახევარგამტარების საწარმოების გასაუმჯობესებლად 400 მილიონ ევროს დახარჯავს

საინჟინრო და ტექნოლოგიური კომპანია Bosch-ი, გერმანიასა და მალაიზიაში საკუთარი საწარმოო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, ნახევარგამტარების ტექნოლოგიაში 400 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნულის მიზანი ჩიპების წარმოების დაჩქარებაა.

შეგახსენებთ, რომ ნახევარგამტარები უკვე რამდენიმე თვეა, რაც დეფიციტურია. მისმა ნაკლებობამ კი არაერთი უდიდესი ინდუსტრია დააზარალა სმარტფონებისა და ავტოინდუსტრიის ჩათვლით. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის ავტოწარმოება 1982 წლის შემდეგ საკუთარ უმცირეს ნიშნულზე იმყოფება. აღნიშნული პრობლემისაგან თავის დასაღწევად კი ზოგიერთმა ავტომწარმოებელმა ელექტროფუნქციების ოფცია საერთოდ შეზღუდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წარმოების სრულად შეჩერება მოუწევდათ.

„ბოშის“ თავმჯდომარის, ფოლკმარ დენერის განცხადებით, ჩიპებზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, კომპანია საკუთარ საწარმოო ხაზს აფართოებს, რათა მომხმარებლებისათვის შესაბამისი მხარდაჭერის აღმოჩენა დროულად შეძლოს. „ბოშის“ ინვესტიცია რამდენიმე ქარხანაზე განაწილდება. მაგალითად, ის 150 მილიონ ევროს დახარჯავს როიტლინგენის წყლის სატესტო ობიექტზე და დამატებით 150 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. დრეზდენის საწარმო კი ნახევარგამტარების წარმოების გაზრდაზე იქნება პასუხისმგებელი.

გარდა ამისა, „ბოში“ 2023 წლისათვის მალაიზიაში ნახევარგამტარების ავტომატური ტესტირების ქარხნის გახსნასაც გეგმავს. ამ მიზნის განსახორციელებლად კომპანია დამატებით საწარმოო საშუალებების მიწოდებასა და კვლევისა და განვითარების საშუალებების გაუმჯობესებას გეგმავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *