გურიაში ნორვეგიული ორაგულის მეურნეობა შენდება - ინტერვიუ „გურია ფიშ ფარმინგის“ დირექტორთან

გურიაში ნორვეგიული ორაგულის მეურნეობა შენდება - ინტერვიუ „გურია ფიშ ფარმინგის“ დირექტორთან

გურიაში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდაში ნორვეგიული ორაგულის მეურნეობა შენდება. შავი ზღვის სანაპიროსთან „გურია ფიშ ფარმინგის“ სახელწოდებით ცნობილი პროექტის განხორციელება, რომელიც  ხმელეთზე არსებულ წყლის რეზერვუარებში თანამედროვე ტექნოლოგიებით თევზის წარმოებას ითვალისწინებს, უკვე დაწყებულია.

აღსანიშნავია, რომ რეზერვუარები წყლით შავი ზღვიდან მომარაგდება. როგორც ცნობილია, წყალამღები წერტილი ნაპირიდან 500 მეტრით არის დაშორებული. გამოყენების შემდეგ წყალი სპეციალური წყალწამღები მილის დახმარებით, ნაპირიდან 250 მეტრში კვლავ ზღვაში ჩაედინება. პროექტის განხორციელების ეტაპების, ინვესტიციის მოცულობის, ასევე წარმოების მასშტაბების შესახებ „გურია ფიშ ფარმინგის“ დირექტორს, ვანო დობორჯგინიძეს ვესაუბრეთ.

ბატონო ვანო, რას ითვალისწინებს პროექტი „გურია ფიშ ფარმინგი“? რას გვეტყვით მისი განხორციელების ეტაპებსა და ვადებზე?

პროექტი გურიაში, შავი ზღვის სანაპიროსთან სათევზე მეურნეობის მშენებლობას ითვალისწინებს, სადაც ნორვეგიული ორაგული მოშენდება. ის რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი მიმდინარე წელს დასრულდება, რის შემდეგაც დაახლოებით 300 ტონა თევზის წარმოებას შევძლებთ. სამშენებლო პროცესის პარალელურად სათევზე მეურნეობა გაიზრდება და თანდათან წარმოებაც მოიმატებს. პროექტის ყველა ეტაპის განხორციელებას ჯამში ხუთი წელი დასჭირდება. ამის შემდეგ, ჩვენი გათვლით, 5-დან 10 ათას ტონამდე ორაგულის წარმოებას შევძლებთ.

საწყის ეტაპზე მეურნეობა დაახლოებით 1 ჰექტარ ტერიტორიას დაიკავებს. ჩვენს განკარგულებაში საერთო ჯამში 10 ჰექტარი მიწაა. ტერიტორიას მოთხოვნის ზრდიდან და პროექტის შემდგომი ეტაპების განხორციელებიდან გამომდინარე ავითვისებთ. პირველ ეტაპზე წარმოების გაზრდა ავზების დამატების ხარჯზე იქნება შესაძლებელი, ამისთვის დამატებით დამხმარე შენობების აგება აღარ მოგვიწევს.

„გურია ფიშ ფარმინგი“ ადგილობრივ ბაზარზე იქნება ორიენტირებული, თუ წარმოების მასშტაბებიდან გამომდინარე პროდუქტის ექსპორტზე გატანაც იგეგმება?

რა თქმა უნდა, „გურია ფიშ ფარმინგი“ ადგილობრივ ბაზარს მოიცავს, თუმცა, როგორც აღნიშნეთ, წარმოების ისეთ მასშტაბებზეა საუბარი, რომ ის ჩვენი პროდუქტის მთლიანად ათვისებას ვერ შეძლებს. შესაბამისად, ძირითადი მასა ექსპორტზე გავა. ამჟამად ბაზრის მოკვლევა მიმდინარეობს. ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიგვიღია, თუმცა ევროპისა და აზიის ათვისებას ვგეგმავთ. ამ მიზნით მოლაპარაკებებს უკვე ვაწარმოებთ.

პროექტის საერთო ღირებულება რამდენს შეადგენს და როგორ შეძელით ინვესტიციის მოძიება?

პროექტის პირველი ეტაპის განხორციელება 8,5 მილიონი ლარი ჯდება. აქედან 5 მილიონი ლარით „აწარმოე საქართველოში“-მ დაგვაფინანსა. ჩვენი გამოთვლებით, პროექტის მთლიანი ღირებულება, სულ მცირე, 200 მილიონ ლარს შეადგენს. არ გამოვრიცხავთ, რომ აღნიშნული თანხა მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

პროექტის ფარგლებში რომელ კომპანიებთან თანამშრომლობთ? რა სამუშაოებს ასრულებენ ისინი „გურია ფიშ ფარმინგისთვის“?

პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე საკმაოდ ბევრ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ, რომლებიც მშენებლობისთვის საჭირო მასალის მოწოდებას უზრუნველყოფენ. თუმცა ძირითად სამუშაოებს, როგორიცაა, მაგალითად, მილის ზღვაში შეტანა და განთავსება, რეზერვუარებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, სხვადასხვა დანადგარისა და მოწყობილობის მონტაჟი, სააქციო საზოგადოება „ენერგონი“ ასრულებს.

ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან ლიფსიტის წარმოება არ მოხდება. ის ოზურგეთში მდებარე სალიფსიტე „გურია ფიშიდან“ შემოვა. მათთან ხელშეკრულება გაფორმდება, რის საფუძველზეც ისინი ჩვენთვის ლიფსიტის გაზრდას და მოწოდებას უზრუნველყოფენ.

დაახლოებით რამდენი ადამიანის დასაქმებას შეძლებს „გურია ფიშ ფარმინგი“?

საწყის ეტაპზე, ვფიქრობ, ადმინისტრაციაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 10-დან 15-მდე იქნება. პროექტის დასრულების შემდეგ ეს რიცხვი შესაძლოა, 50-დან 70-მდე გაიზარდოს. რაც შეეხება დაქირავებული კადრების რაოდენობას, ამჟამად ზუსტი რიცხვის თქმას ვერ შევძლებ, თუმცა ის ბევრად მეტი იქნება.