Xiaomi-ს ახალ ქარხანაში, ყოველ წელს, 300 ათასი ელექტრომანქანა აიწყობა

Xiaomi-ს ახალ ქარხანაში, ყოველ წელს, 300 ათასი ელექტრომანქანა აიწყობა

Tesla-ს საგრძნობი წარმატების შემდეგ, ელექტრომანქანების წარმოება თითქმის ყველა ავტომწარმოებელმა დაიწყო, მაგრამ, რაც ყველაზე საინტერესოა, მათ არც წვრილი სამომხმარებლო ტექნიკის მწარმოებლები ჩამორჩნენ. Xiaomi ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა, რომელმაც ელექტრომანქანების ბიზნესში შესვლა ჯერ კიდევ მარტში დააანონსა, როცა განაცხადა, რომ მომავალ 10 წელიწადში, ამ ინდუსტრიაში, კომპანია $10 მილიარდს დააბანდებდა. შედეგმაც არ დააყოვნა, განცხადებიდან მალევე, Xiaomi-მ თვითმართვად ტექნოლოგიაზე მომუშავე სტარტაპი DeepMotion-ი შეიძინა, $77.3 მილიონად.

ახლა კი, როგორც ჩანს, ჩინურმა გიგანტმა ელექტრომანქანების ქარხნის აშენება გადაწყვიტა, რომლისთვისაც პეკინის ტექნოლოგიური განვითარების ზონაში მიწის ნაკვეთს ეძებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Xiaomi-ს ახალ ქარხანაში, რომელიც ოპერირებას 2024 წელს დაიწყებს, ყოველწლიურად, 300 ათასი მანქანა აიწყობა. აღსანიშნავია, რომ ახალი ქარხნის მშენებლობის თანადროულად, Xiaomi ჩინეთში ათასობით მაღაზიის გახსნას გეგმავს, რომლებშიც, ტელეფონებთან ერთად, ელექტრომანქანებიც გაიყიდება, რაც დაინტერესებულ მყიდველს საქმეს საგრძნობლად გაუმარტივებს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Xiaomi სულაც არ არის წვრილი ტექნიკის ერთადერთი მწარმოებელი, რომელიც ელექტრომანქანების ინდუსტრიაში აპირებს შესვლას – უკვე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, მათ შორის სარწმუნო წყაროებიდანაც, რომ თვითმართვად ელექტრომობილებზე ტექნოლოგიური გიგანტი, Apple-იც მუშაობს.