ამერიკულმა კორპორაცია General Motors-მა იუტუბის ოფიციალურ არხზე ახალი, სრულად ელექტროძრავაზე მომუშავე პიკაპის, GMC Electric Sierra Denali-ს პირველი თიზერი გაავრცელა. 18-წამიანი ვიდეოს აღწერაში ნათქვამია, რომ მანქანა ტექნოლოგიური განვითარების, შესაძლებლობებისა და პრემიუმ-ინოვაციების დემონსტრირებას წარმოადგენს.
წინასწარი ინფორმაციით, ავტომწარმოებელი Sierra Denali-ს საზოგადოებას მომავალ წელს წარუდგენს. თუ როდიდან იქნება ელექტროპიკაპი მსურველებისთვის ხელმისაწვდომი, ჯერჯერობით გაურკვეველია. GM-ის წარმომადგენლების განცხადებით, ახალი მანქანა დეტროიტსა და მიჩიგანის შტატის ქალაქ ჰამტრამკში განლაგებულ ქარხნებში აიწყობა.
აღსანიშნავია, რომ GM-ის სადებიუტო, სრულად ელექტროძრავაზე მომუშავე პიკაპი Hummer EV-ია, რომელიც, როგორც ცნობილია, მომხმარებლებისთვის მისაწოდებლად უკვე მზად არის. ეს პირველი მანქანაა, რომელიც კომპანიის მიერ შექმნილ ახალ Ultium-ის პლატფორმაზეა აწყობილი.
ცნობისთვის, General Motors-ისგან მომავალ წელს კიდევ ერთ სრულად ელექტროძრავაზე მომუშავე პიკაპს უნდა ველოდოთ. კომპანია Chevrolet-ს ბრენდის ქვეშ Silverado Electric-ის გამოშვებას გეგმავს.
Hummer EV-ი, ფასიდან გამომდინარე, რომლის მოდელის, Edition 1-ის ღირებულება 112 ათას აშშ დოლარს აჭარბებს, ფუფუნების საგნად არის მიჩნეული და ვარაუდობენ, რომ მანქანა ისეთ ელექტროპიკაპებს, როგორიც, მაგალითად, Ford-ის F-150 Lightning-ი ან Rivian-ის R1T-ია, კონკურენციას ვერ გაუწევს. სამაგიეროდ, ექსპერტების აზრით, ამის შანსი General Motors-ის ახალ ავტომობილებს, Silverado Electric-სა და GMC Electric Sierra Denali-ს მიეცემათ.