„ჩვენი საახალწლო გამოცემის ყდის გმირს დაახლოებით ორი ათეული წელიწადია ვიცნობ. არ დამჭირვებია დიდი ფიქრი, როცა თემურ კოხოძემ თანხმობა შემოთვალა, პირადად ესაუბრა საკუთარ ისტორიაზე, ბიზნესსა და კომპანიებზე. ამ შანსის ხელიდან გაშვება წარმოუდგენლად მეჩვენა, ამიტომაც გადავწყვიტე, პირადად გადმოგცეთ ისტორია კომპანიაზე, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად იბადება და მისი განვითარება ქვეყნის განვითარების ისტორიასაც მოგაგონებთ და ცოტა ზღაპრულიც არის. თან ყველაფერი „წითელქუდათი“ იწყება. თუმცა მანამდეც არის მოსაყოლი თემურ კოხოძეზე, რომელიც დღეს თავის დაარსებულ TEGETA HOLDING-ს მილიარდ ლარზე მეტად აფასებს. აქვს კიდევ ერთი ბიზნესი – კურორტი საირმე“.
ამ ბაღდათელი ბიჭის ისტორია ზღაპარს ნამდვილად არ წააგავს. რეალური ცხოვრებით მოსული კაცია, ყველა დროებისთვის დამახასიათებელი მოქმედებებით, რაც საბჭოთა „უდარდელი“ რესპუბლიკიდან დამოუკიდებელ საქართველომდე გამოვიარეთ. 1977 წელს დედაქალაქს მიაშურა და უპრობლემოდ ჩაირიცხა „გეპეიში“ (საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ამჟამინდელი ტექნიკური უნივერსიტეტი), რომლის დასრულების შემდეგ საკმაოდ იღბლიან სამუშაო განაწილებაში ხვდება. აწ უკვე ინჟინრისდიპლომიან თემურ კოხოძეს (ავტომექანიკური ფაკულტეტის კურსდამთავრებული, საავტომობილო ტრანსპორტის ექსპლუატაციის სპეციალობით) სთავაზობენ მარნეულში სახელმწიფო ავტოინსპექციაში განაწილება-დასაქმებას. ბაღდათელი ბიჭი უარს ამბობს მილიციელის „სარფიან პაგონებზე“ და მშენებლობას მიაშურებს. ზუსტად ვერ იხსენებს სამშენებლო ტრესტის მისამართს ნაძალადევის რაიონში, მაგრამ კარგად ახსოვს, რომ საბურთალოს ახალ რაიონში მშენებარე 16-სართულიანებში (ქავთარაძის ე.წ. „ლეჩკომბინატის” პირდაპირ) დაახლოებით 30 ბინა გაარემონტა. დღემდე ამაყობს, რომ არ დავიწყებია ხელოსნობა – არც შედუღება, არც გალესვა და ხარისხიანი მშენებლობისთვის აუცილებელი სხვა უნარ-ჩვევები. ახალგაზრდა თემურ კოხოძეს ეს მალევე გამოადგება ბიზნესის კეთებისას.
შემდგომ იგებს ამბავს, რომ საკავშირო SOVTRANSAVTO აყალიბებდა საბჭოთა საქართველოში წარმომადგენლობას. ეს იყო ერთადერთი სატრანსპორტო სტრუქტურა საბჭოთა კავშირში, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვებით იყო დაკავებული, თუმცა არ იყო წარმოდგენილი საქართველოში. სწორედ ფოთში გაიხსნა „სოვტრანსავტოს“ მე-12 ფილიალი 1987-ში. გახსნის დანიშნულება იყო ევროპული ტვირთების გადაზიდვა ირანში ფოთის პორტიდან. „ძირითადად მშრალი ტვირთები იყო – ბრინჯი და ქაღალდი. განსაკუთრებით ქაღალდი იყო დიდი რაოდენობით. დღეში 15-20 მანქანა იგზავნებოდა ჩვენგან ამ მიმართულებით. თავიდან ვიყავი ერთი რიგითი დისპეტჩერი, რომელიც ე.წ. „საგზურებს“ ვწერდი, – იხსენებს ღიმილით. – ჩემი კალიგრაფიაც მოსწონდათ და რუსულადაც უშეცდომოდ ვწერდი ეს გეპეის კურსდამთავრებული. ყოველ ექვს თვეში ხდებოდა კონცერნში ჩემი დაწინაურება“. ბოლოსწინა პოზიცია უკვე ექსპლუატაციის ხელმძღვანელი იყო და შემდგომ დირექტორის მოადგილე, რაც, ფაქტობრივად, დირექტორის ადგილს ნიშნავდა.
კონცერნის პრეზიდენტი და დირექტორი იყო მოსკოველი ქართველი, თეიმურაზ ტატიშვილი, დაბადებული თბილისში, თუმცა გაზრდილი რუსეთში, და ტატიშვილი გავლენით საკავშირო მინისტრებსაც კი აღემატებოდა. ჰოდა, რაღაც განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა თეიმურაზ აკაკიევიჩს ახალგაზრდა თემურ კოხოძესთან, და ასე გაგრძელდა ეს ყველაფერი, ვიდრე… ვიდრე საბჭოთა კავშირმა არ დაასრულა არსებობა.
∗ ∗ ∗
90-იანი წლების გარიჟრაჟზე მოსკოვში იღებენ გადაწყვეტილებას და „სოვტრანსავტო” ხურავს ფოთის წარმომადგენლობას, რაც ნიშნავს, რომ ყველა გადამზიდი საშუალება ერთიანად დაიქოქა და დაიძრა მოსკოვისკენ, ფაქტობრივად, დაიცალა მთელი ავტოპარკი, რაც კონცერნს გადაზიდვებისთვის ჰქონდა ფოთში. „სოვტრანსავტოს“ ყოფილი თანამშრომლების მხოლოდ ნაწილმა მოახერხა კონცერნში მუშაობის გაგრძელება, ამისთვის საჭირო იყო შესაბამისი კავშირები მოსკოვში და კონცერნის ხელმძღვანელთა ლოიალურობა. მცირე გუნდში, ვინც ფოთის ტერმინალის დახურვის შემდეგ აგრძელებს სათავო ოფისში მუშაობს, თემურ კოხოძეც არის. თუმცა…
წარმომადგენლობის გაუქმებიდან დაახლოებით ერთი წლის თავზე, თემური მამისგან ლამის ულტიმატუმს იღებს: ან დაბრუნდები საქართველოში, ან არ ვიცი… მოკლედ, საკითხი ოჯახში დადგა „მძიმედ”. და აცნობს გადაწყვეტილებას „სოვტრანსავტოს“ ხელმძღვანელობას. ამბავი მიაღწევს თემურ ტატიშვილამდეც, რომელიც იბარებს კოხოძეს თავისთან და ცდილობს გადაარწმუნოს, რადგან სრულიად არეულ, ბანდფორმირებებით სავსე, ჩაბნელებულ საქართველოში მხოლოდ არანორმალური თუ დაბრუნდება. სამაგიეროდ, ადგილზე ჰპირდება სტაბილურ სამსახურს, ბინას – მოკლედ, საბჭოთა, იმდროინდელი უზრუნველი ცხოვრებისთვის დამახასიათებელ სიკეთეებს. ვერაფერს გახდა გავლენიანი ტატიშვილი ახალგაზრდა თემურ კოხოძესთან, რომელიც ვერ უტეხდა ხათრს ვერც მამას და ვერც ოჯახს. ჰოდა, „სოვტრანსავტოს” სახელით მის რჩეულ ახალგაზრდას სიმბოლურ ფასად, თითქმის საჩუქრად გადასცემს IKARUS-ის ავტობუსს და ორ სამტონიან სატვირთო მანქანას. თან ახალგაზრდა სეხნიას უთხრა: ვიდრე მოეწყობი თბილისში, გააქირავებ და შემოსავალი გექნება, ამასობაში კი რამე გამოჩნდებაო. არადა, კარგად ფასობდა იმხანად „იკარუსი”, კარგადაც ქირავდებოდა და თუ გაყიდდი, მინიმუმ წელიწადი, თუ მეტი არა, არც არაფერი მოაკლდებოდა გამყიდველის ოჯახს.
ასე იწყება თემურ კოხოძეს პირველი შეხება სოციალისტური უნგრეთის ლეგენდარულ ავტობრენდთან და ვინ იფიქრებდა, რომ „იკარუსი” მისი ახალი ბიზნესის დასაწყისი გახდებოდა აწ უკვე დამოუკიდებელ სამშობლოში…
∗ ∗ ∗
ბანდფორმირებებით და სამოქალაქო ომებით დაბნელებულ საქართველოში 1992 წლამდე დაყო, საქმე წინ არ მიდიოდა. ნაჩუქარი „იკარუსის” გაყიდვაც მოუწია. ამ გაყიდვას დღემდე განიცდის, რადგან ეს არ იყო მისთვის ჩვეულებრივი საჩუქარი ჩვეულებრივი ადამიანებისგან. ბრუნდება მოსკოვში, რამდენიმე წარუმატებელი ბიზნესაქტივობის შემდეგ კი ისევ საქართველოში ჩამოდის. 1994 წლის ბოლოს აკვირდება ადგილობრივ ბაზარს და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ავტოინფრასტრუქტურაზე წარმოდგენა არ ჰქონდა („სოვტრანსავტო” საკავშირო სტრუქტურა იყო, რომელიც პირდაპირ მოსკოვს ექვემდებარებოდა), ატყობს, რომ ბაზარზე მარაგნაწილების არნახული დეფიციტია: საბჭოთა საწყობები გაძარცული და დაშლილია, ლილოს „ტეხსნაბშიც“ მარაგები ფაქტობრივად აღარ არის. „გეპეის“ ჯგუფელი მეგობრის დახმარებით, საერთო წარმოდგენა შეიქმნა ავტონაწილების ბაზრის საჭიროებებზე, მოთხოვნებზე, მარაგების დეფიციტზე და მცირედი კაპიტალით იწყებს სხვადასხვა მასალის იმპორტს. კოხოძე მალევე ხვდება, რომ 100, 200 ან 500 დოლარით საქმის კეთებას არც აზრი აქვს და არც შედეგის მომტანია. მას, მინიმუმ, 20-30 ათასი დოლარი სჭირდება, რომ სერიოზული იმპორტი გააკეთოს, რომელიც ბაზარსაც დაეტყობა და მის შემოსავლებსაც. 90-იანების დასაწყისში ხომ წარმოგიდგენიათ, ბანკები დამწყებ ბიზნესს, ყოველგვარი საკრედიტო ისტორიის გარეშე, რა ხარისხში ენდობიან? ჰოდა, კოხოძე თავის პირად ახლობელს აკითხავს, რომელიც მას ანდობს იმ დროისთვის საკმაოდ დიდ თანხას – 50,000 დოლარს. ნდობა-მეგობრობის მიღმა, ცხადია, ამ ფულის საფასურიც საკმაოდ მაღალია და თემურ კოხოძეს ყოველთვე უწევდა თვეში მოჭრილად 5% თანხის გადახდა გამსესხებლებისთვის. ეს თანხა თემურ კოხოძემ დაახლოებით 1 წლის თავზე საპროცენტო ვალდებულებით სრულად დააბრუნა, თუმცა მანამდე მოიარა ყველა ადგილობრივი სატრანსპორტო ცენტრები თბილისში, გააკეთა ერთგვარი ჩამონათვალი აუცილებელი მარაგნაწილებისა, ეიმედებოდა, რომ მაქსიმუმ 30,000 დოლარში ჩაეტეოდა იმპორტის პირველი მსხვილი შეკვეთის მომზადებისას, თუმცა აღმოჩნდა, რომ გაცილებით მეტია საჭირო. საჭიროა ადგილზე ანუ სოციალისტურ უნგრეთში ჩასვლა, იქ უნდა მიგიღონ და გაგაკეთებინონ შეკვეთა, კარგი პირობებით, რადგან არსად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არ იშოვებოდა „იკარუსის“ ორიგინალი მარაგნაწილები პირდაპირ ქარხნიდან. ეს უპირობო კონკურენტულ უპირატესობას შეუქმნიდა კოხოძეს, ამიტომ ის იყენებს ყველა რესურსს, რაც კი ჰქონდა, სესხულობს თანხას, ჩადის მოსკოვში, აკითხავს თავის ყოფილ სამსახურს და „სოვტრანსავტოს” ხელმძღვანელები უშუამდგომლებენ უნგრელებთან, რომლებიც რამდენიმე კვირაში დახვდებიან ქარხანაში და უკვე ეხმარებიან შესაბამისი მარაგნაწილების იმპორტის შეკვეთის გაკეთებაში.
∗ ∗ ∗
უნგრეთში 44,000 დოლარად აკომპლექტებს შეკვეთას და 6,000 დოლარად ყიდულობს მეორეულ 2-ტონიან მანქანას (WV LT 28), სადაც ათავსებს „იკარუსის“ მარაგნაწილებს. პირადად ჯდება საჭესთან (მართვის მოწმობის პრობლემა არ ჰქონდა „სოვტრანსავტოდან”), მოიმარაგა რუკა, ბლომად წყალი და დაიძრა უნგრეთიდან რუმინეთში, იქიდან ბულგარეთში, მერე თურქეთში და ასე ჩამოვიდა საქართველოში.
გზად მიყვება: „საკმაოდ დაძაბული ვიყავი, რადგან ასეთი მანქანის საჭესთან პირველად ვიჯექი და რვა დღე დამჭირდა საქართველომდე ჩამოსასვლელად. გზად მხოლოდ 600 დოლარამდე მქონდა ყველაფრისთვის. რომ ვიხსენებ, ეს თანხა მცირედ კვებაზე და ძირითადად სულ სხვადასხვა ბლოკპოსტზე დასარიგებლად დამჭირდა, საშინელი კორუფცია იყო ყველგან და ძლივს ჩამოვაღწიე თბილისამდე. ასე გამოჩნდა თბილისში პირველად „იკარუსის“ ორიგინალი ნაწილები, რაც, ფაქტობრივად, ფანტასტიკის სფერო იყო, რადგან მთელი საბჭოთა ავტობუსების პარკი, რომელიც უნგრული ავტობუსებით იყო წარმოდგენილი, მეორეული ნაწილებით ამარაგებდნენ ერთმანეთს. ამიტომ საქმე კარგად წავიდა. იმავე 1995 წლის აგვისტოში უნგრეთიდან ჩამოსული და მარაგნაწილებით დატვირთული (ღირს აღნიშვნად: დღემდე ზეპირად ახსოვს არათუ გაკეთებული იმპორტის შემადგენლობა, არამედ მათი, 1000-მდე მარაგნაწილის კოდები), „დელისის“ მეტროსთან მიმდებარე მაღაზიას ქირაობს (ამ ფართს მოგვიანებით იყიდის კიდეც), არემონტებს იმ დროისთვის უმაღლეს დონეზე, კლიენტიც არ აკლია, თუმცა საქმოსნის ჟინი თავისას შვრება: თემურ კოხოძეს სურდა, ყველა მძღოლს საქართველოში სცოდნოდა ახალი მაღაზიისა და ორიგინალი მარაგნაწილების შესახებ.
დღეს 26 წლის წინანდელ ისტორიას რომ იხსენებს, მადლიერია ასევე ლევან ღვინჯილიასი, როდესაც ქართული ენის პალატის ხელმძღვანელი ხმაურიანი პრეტენზიებით და იმ დროს ერთადერთი პირველი არხის რეპორტიორების ჯგუფით მიადგა – ეს რა არის, რა ენაზე გიწერია იკარუსიო! სასწრაფოდ გამოცვალე წარწერა და ქართულად დააწერეო. „ეგ გატელევიზორება იყო, რაც იყო! – იხსენებს თემურ კოხოძე. – 24 საათი ვეღარ გავდიოდი მაღაზიიდან, იმდენი ხალხი და კლიენტი მომაწყდა, საქმეს ვეღარ ავუდიოდი! თან, ერთადერთი ვიყავით, ვინც საბუთით მუშაობდა და ასე, პირადად მიწევდა ყველაფრის გამოწერა. და, იდეაში, თუ რამეა TEGETA-ს წარმატება, ეს არის სრულად და მუდმივად მოწესრიგებული საგადასახადო და სხვა საბუთებით მუშაობა, ამან არაჩვეულებრივი შედეგები და დიდი შემოსავლები მოგვიტანა”. ასე ჩაიხურა სესხი, ასე გაისტუმრა პროცენტი და უკვე საკუთარი კაპიტალით აგრძელებდა საქმეს.
თუმცა უნგრული საბჭოთა ბრენდი „იკარუსი“ მალე „გმირულად დაეცემა“ საბჭოთა ეკონომიკის ნანგრევებზე და კოხოძე კაპიტალს საბურავების იმპორტში აბანდებს, რადგან ბაზარზე ამის დიდ დეფიციტს ამჩნევს. საბურავები მისი მთავარი, ან გნებავთ, გამწევი ბიზნესი ხდება. საქმოსნის ალღო არ აკლია და იმასაც ხვდება, რომ საქმე განსაკუთრებით სარფიანია. თან იმ ფონზე, რომ მაღაზიის გახსნიდან ერთი წლის თავზე „იკარუსის ბიზნესი” გაჩერდა, სასწრაფოდ ჩადის რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში და ადგილობრივ უმსხვილეს ნიჟნეკამსკის ქარხანასთან აფორმებს ხელშეკრულებას საბურავების მოწოდებაზე, რაც, ფაქტობრივად, საბურავების უმსხვილეს და ერთადერთ მიმწოდებლად აქცევს საქართველოში. 1996 წლის დასაწყისში დიღომში გადადის, ყოფილი „წითელქუდას“ შენობას ყიდულობს (წარსულში ბავშვთა მაღაზია იყო და აქ სახელდახელოდ ლიფტიც პირადად გამართა, რომელმაც ერთხელ შოკში ჩააგდო იაპონელი ინვესტორები, რომლებიც გაოცებას ვერ მალავდნენ, მეორე სართულამდე მგზავრობას ლამის სამი წუთი რომ დასჭირდა. ჩვენთან სამ წუთში მინიმუმ 78-ე სართულზე ადიხარ, ისიც გაჩერებებითო – ეუბნებოდნენ მასპინძელს), სადაც განთავსდა თემურ კოხოძეს ქართული კომპანია „ავტოექსპორტი“, თუმცა დიღომში მდებარე ახალ სავაჭრო ოფისს ჯერ მოხსნა და მერე ისევ დაუბრუნა „წითელქუდას” ბანერი, რადგან ნებისმიერი მიმსვლელი, ვინც უკავშირდებოდა და კითხულობდა ადგილსამყოფელს, ახსნის შემდეგ ამატებდა: ააა, „წითელქუდა” რომ არის, ხო?! „ჰოდა, ავდექი და დავაწერე ისევ გარედან „წითელქუდა“, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას სხვა სახელი ერქვა და ყიდდა საბურავს.
ამასობაში ბაზარზე კონკურენცია მძაფრდება, საბურავები სხვა იმპორტიორებსაც შემოაქვთ, ჰოდა, კოხოძე ყიდულობს უცხო შპს-ს სახელად „წითელქუდა”, იმავე 1997 წელს აპატენტებს სახელს „წითელქუდა“, რათა სხვებს არ ჰქონდეთ ანალოგიურზე პრეტენზია. ბიზნესი და კომპანია არნახულად იზრდება, ჯგუფს ახალი წევრები ემატება (სწორედ 1997 წელს შემოუერთდა ჯგუფს გიორგი მშვილდაძე). ეს ბიზნესი იმდენად გაიზარდა ბრუნვაში, რომ იმ დროისთვის (იდეაში არც დღეს არის ურიგო შემოსავალი) 100,000 დოლარის მოგებას ტოვებდა თვეში. როცა იმერულად ჩავეკითხე მიზეზს ასეთი მოგებისა, კოხოძე მარტივად მპასუხობს: ბაზარზე მარტო ვიყავით. ოღონდ მარტო – ვინც თეთრად მუშაობდა. არ მაიმუნობდა არც ფაქტურებით და არც ზედნადებებით“. იქვე ღიმილით მახსენებს: „შენ მაინც ხომ იცი, რომ ჯერ კიდევ „სოვტრანსავტოდან” მაფასებდნენ გამორჩეული კალიგრაფიისთვის, რუსებს არ ანდობდნენ დისპეტჩერობას და მე მქონდა ჩაბარებული… ჰოდა, სამშობლოში დასაწყისში პირადად ვიყავი დაკავებული ფაქტურების გამოწერით. ეს დიდი კომფორტი იყო ბიზნესისთვის, კორპორაციული კლიენტებისთვის – ნებისმიერისთვის, ვისაც იმ დროს სჭირდებოდა სატვირთოები, მარაგნაწილები, ზეთი და საბურავები. ვმუშაობდით თეთრად, გვქონდა შემოსავალიც. ჩვენს მსხვილ კლიენტებს ვუკეთებდით მიწოდებას კონსიგნაციის წესით – მოკლედ, დუღს ყველაფერი. მიდის გადარიცხვები, ლარი შემოსულია. 1998 წლიდან ნიჟნეკამსკის კონტრაქტს ემატება ლეგენდარული „ბრიჯსტოუნი“ და მისი საბურავები, რომლებიც შემოვიტანეთ როგორ სატვირთო, ასევე მსუბუქი ავტომობილებისთვის. მათ სათავო ოფისს მოველაპარაკეთ იმ დროისთვის მნიშვნელოვან მარკეტინგულ ბიუჯეტზე და დიდი თუ პატარა, მსუბუქი, მსხვილი თუ სატვირთო „ბრიჯსტოუნის“ საბურავებზე გადადის“.
∗ ∗ ∗
„თეგეტას”, როგორც კომპანიის, ისტორია (დე იურე) 2001 წლიდან იწყება. მანამდე ჯგუფი კომპანია „ავტოექსპორტის” სახელით იყო ცნობილი, წარმოდგენილი სხვადასხვა აქციონერებით, რომელთა შორის მოხდა ბიზნესის გაყოფა. სწორედ იმ პერიოდში კოხოძე თავის თანამოაზრეებთან, ელგუჯა წაქაძესთან, გიორგი მშვილდაძესთან და ტარიელ ქილიფთართან ერთად აარსებს TEGETA-ს. თუმცა აქამდე კიდევ არის მოსაყოლი და თემურ კოხოძის ბიზნესისთვის გადამწყვეტი 1998 წელი – ფრანკფურტის ცნობილ გამოფენა-ბაზრობაზე დასწრება. 27 ჰექტარზე გაწყობილი გამოფენა სრულად ცვლის და აყირავებს როგორც მის შეხედულებებს ამ ბიზნესზე, ასევე კავშირებსაც.
„იქ გავიცანი ფრანიო ვიდიჩეკი, წარმოშობით ხორვატი, რუსული ენის მცოდნე გერმანელი, რომელმაც პირველმა მოგვაწოდა გერმანული საავტომობილო ზეთი „მეგუინი”. გამოფენაზე გაიცნო კიდევ ერთი გერმანელი, გვარად გერნერი, რომელიც მთლად საქართველოში ჩამოვიდა და თემური იხსენებს, როგორ მოაწყვეს ქართული პურმარილი პაატა ჟღენტის, TEGETA-ს გუნდის ძირძველი წევრის ოჯახში, სადაც გერმანელმა გააცნო ქართველ მომავალ პარტნიორებს გადაწყვეტილება, რომ კონსიგნაციის წესით მიაწოდებდა დანადგარებს Hofman-ის ბრენდით.
„საუცხოო, ნამდვილი გერმანული ხარისხის იყო და არის ყველაფერი“, – ღიმილით იხსენებს კოხოძე, თუმცა აქ იმდენად საკონსიგნაციო თანხის მოცულობაზე არ იყო საუბარი – 20,000- ის დანადგარები 6 თვის ნაცვლად 2 თვეში გაყიდეს და მისაღები ჩაურიცხეს. აქ იყო პირველი პრეცედენტი ნდობისა გერმანელების მხრიდან. გერნერი თავის მხრივ არ ჩერდებოდა, ზრდიდა კონსიგნაციას ქართველებზე, მაგრამ ხდება უფრო მნიშვნელოვანი. ჰოფმანთან და მის რეგიონალურ დირექტორთან ამ პარტნიორობისას ფაქტობრივად მთელმა გერმანიამ გაიცნო. ყველას სურდა პოსტსაბჭოთა სივრცეში შესვლა და როცა მოიკითხავდნენ, ვის შეიძლება ვენდოთ, ვეთანამშრომლოთო, ცხადია, უკავშირდებოდნენ ჰოფმანს და მის დირექტორს, რომელიც პირდაპირ კოხოძის და მისი ჯგუფის კონტაქტებს აძლევდა. გერმანელებიც თამამად იწყებდნენ მოწოდებას, ხელშეკრულებების გაფორმებას და პარალელურად იზრდებოდა TEGETA-ს ბრენდ-პორტფელიც. ასე იწყება თემურ კოხოძის ჯგუფისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროფილური ბრენდისა და პარტნიორობის ისტორია გერმანულ MAN-თან.
∗ ∗ ∗
„მინდოდა, საქართველოში გამეკეთებინა „მანის“ საუკეთესო ცენტრი ევროპაში, გერმანელები განსაკუთრებით თავს იწონებდნენ მიუნხენის „მანის“ ცენტრით. რამდენჯერმე ჩავედი, დავდიოდი ფოტოაპარატით, პირადად ვიწერდი და ვზომავდი ყველაფერს. თითქოს შეპყრობილი ვიყავი იდეით, რომ უკეთესი გამეკეთებინა, ვიდრე ბრენდის სამშობლოში იყო“. ამასობაში, 10.5 მლნ EBRD-ის და TBC-ის სინდიცირებული სესხიც გავაკეთეთ, რითაც გაკეთდა აქაურობა (საუბარია TEGETA-ს სათავო ოფისზე, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივანში მდებარეობს), სულ 16 ათასი კვადრატული მეტრის ფართი, რაც დღეს უკვე 60 ათასი კვადრატია. ამ დროისთვის ჯგუფი უკვე ასეულობით საერთაშორისო ბრენდით არის წარმოდგენილი საბურავების („მიშლენი“, „პირელი“, „კონტინენტალი“), ზეთების, მარაგნაწილების, თავად სატვირთოების და TEGETA ამ ბრენდებს არ წარმოადგენს მხოლოდ საქართველოში, მათი ნაწილი TEGETA-ს იყენებს რეგიონალური წარმომადგენლობისთვის კავკასიის და აზიის რეგიონში.
ისევ კითხვა-პასუხზე გადავდივართ:
და მსუბუქი ავტომობილები? რატომ არ შედიოდით ამ ბიზნესში? ან რატომ შეხვედით 2010-სკენ?
ვერ წარმოიდგენ, როგორ გვთხოვდნენ ჩვენი კლიენტები, ამის გადმოცემა წარმოუდგენელია, რაც ხდებოდა მათთან უკუკავშირისას. როდის გახსნით, როდის დაიწყებთ მსუბუქი ავტომობილებისა და ნაწილების იმპორტს. მესმის კიდეც, ყველა შეჩვეულია თეთრად მუშაობას და თან გერმანული სიზუსტით ქართული კომპანიისგან. ჩვენც, ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა, მივიღეთ გადაწყვეტილება. მით უმეტეს, ამ მიმართულებით განვითარების იმპულსი თავად ერთერთმა ბრენდმა მოგვცა.
ანუ? პირველი ვინ იყო და რას ნიშნავს ეს იმპულსი?
Porsche იყო პირველი. 2007-ში იყო, თუ არ ვცდები, მათი წარმომადგენელი ჩამოსული, შეიძლება 2008-ში იყო და შეხვედრისას მათმა წარმომადგენელმა მითხრა, რომ შოკირებული იყო ნანახი ინფრასტრუქტურით და სერვისის ხარისხით, რამაც გადააწყვეტინა მათ, ჩვენთან გაეფორმებინათ ხელშეკრულება დისტრიბუციაზე, რაც გაფორმდა კიდეც 2010 წელს. დღეს „პორშეს“ 90 ავტომობილს ვყიდით მარტო საქართველოში, და ადრე ეს თუ უფრო საიმიჯო ბიზნესი იყო, დღეს ეს გამართული, მოგებიანი ბიზნესია. „პორშემ“ Tegeta-ს მოგვიტანა სახელი, თუმცა საქართველოში მსოფლიოს ძირითადი ავტობრენდები მსუბუქ ავტომობილებში დილერებით თუ დისტრიბუტორებით უკვე იყვნენ წარმოდგენილნი. „პორშეს“ მოჰყვა MAZDA, თუმცა გარდამტეხი მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით „თეგეტასთვის“, ცხადია, იყო Toyota, რომლის სათავო ოფისმა 2013-ში გამოაცხადა კონკურსი, რომ რეგიონში კავკასიის მასშტაბით ორ-ორი დილერი ჰყოლოდა და კონკურსში ჩვენ გავიმარჯვეთ. პირველ წელს, 2014-ში, დაახლოებით 700 „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილი გავყიდეთ და მას შემდეგ, „ტოიოტას” ბრენდის 1,000-ზე მეტ მანქანას ვყიდით ყოველწლიურად. ავაშენეთ, ჩემი აზრით, „ტოიოტას“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მაღალი ხარისხის ცენტრი (უნივერსიტეტის ქუჩა), რომელიც 8 მლნ დოლარი დაგვიჯდა. Toyota-ს კავკასიის პრეზიდენტმა პირადად მითხრა, რომ ამ ცენტრს TOYOTA TEGETA დააწერეო, იმდენად მოხიბლული იყო ახალი ინფრასტრუქტურით.
თუმცა, ამის შემდეგ VOLVO-ს არაჩვეულებრივი ისტორიაა და TEGETA-ს გუნდის კიდევ ერთი წარმატება ევროპაში.
„2018 წელი იყო, როცა VOLVO-ს ოფისს ვეწვიეთ გოტენბერგში, ჩემთან ერთად იმყოფებოდა ჩვენი ბორდის შვედი წევრი პერ გუსტავ რაგნარ ნილსონი, ვახო კაჭარავა, რომელიც მაშინ ინვესტორებთან ურთიერთობასა და მარკეტინგს ხელმძღვანელობდა და „თეგეტას” პროექტების ხელმძღვანელი ნინო კოვზირიძე. არ დამავიწყდება ვახო კაჭარავას (TEGETA ჯგუფის CEO) პრეზენტაცია, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა შვედებზე. ჩვენ ვითხოვდით რეგიონალურ წარმომადგენლობას (ერთდროულად ოთხ ქვეყანაში), რაც საკმაოდ ამბიციურად ჟღერდა ქართული კომპანიის მხრიდან, რომელიც საკმაოდ სწრაფად იზრდებოდა, თუმცა – რეგიონალური მასშტაბით და თან მაკროდისტრიბუციის პრეცედენტი არ ჰქონია. Tegeta-ს ვინ ჩივის, არც თავად VOLVO-ს ჰქონდა მაკროდისტრიბუციის ხელშეკრულების პროექტიც კი. მოკლედ, VOLVO-სთან სტუმრობა 2-3 დღეს გაგრძელდა და ერთ საღამოს შეხვედრა გოტენბერგის ერთ-ერთ უძველეს რესტორანში შედგა, სადაც VOLVO-ს ვიცე-პრეზიდენტი მოვიდა და მოგვიყვა VOLVO-ს შექმნის ისტორიაც. და აღმოჩნდა, რომ ამავე რესტორანში თითქმის ასი წლის წინ (Volvo დაფუძნდა 1927 წლის 14 აპრილს) გადაწყდა „ვოლვოს“ ბრენდის შექმნა. ჩვენო, თან გავარკვიეთო, რომ მისტერ კოხოძეს უყვარს ზღვის პროდუქტებიო და ამიტომაც აქ დაგპატიჟეთ, და აქ გვინდა მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილებაცო. ჰოდა, ბევრი რომ არ გავაგრძელო, წამოვიღეთ მაკროდისტრიბუციის კონტრაქტი ოთხ ქვეყნაზე TEGETA-ს ბრენდის ქვეშ. იქვე, ადგილზე, ამ რესტორანშივე სუფრის ქაღალდზე მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას, ხელმომწერებს და საკუთარ თავსაც ფოტოები გადავუღეთ. ასე დავქოქეთ VOLVO, რომელსაც გამორჩეულად კარგი გაყიდვები და შედეგები აქვს რეგიონშიც და საქართველოშიც.
მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით მნიშვნელოვანი იქნება 2022 წელიც. წელს Porsche-ს რენოვაცია და უნივერსიტეტის ქუჩაზე ახალი ცენტრის მშენებლობაც დასრულდება, სადაც ერთდროულად თეგეტა და Volvo-ს ცენტრი განთავსდება. სამივე მშენებლობაში 2022 წლის ბოლომდე 50 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
∗ ∗ ∗
მკითხველს დასაწყისშივე გითხარით, რომ Forbes Georgia-ს იანვრის ყდის გმირს დიდი ხანია ვიცნობ და ამიტომ მისი საქმიანი ცხოვრების მნიშვნელოვან პერიოდს გვერდს ვერ ავუვლიდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გამოცემა დისტანცირებს პოლიტიკური საკითხებისგან. თემურ კოხოძე საქართველოს პარლამენტის, მისი მეშვიდე მოწვევის მაჟორიტარი დეპუტატი გახლდათ მშობლიური ბაღდათიდან. „საერთოდ არ ვნანობ ამ პერიოდს, პირიქით, ვამაყობ კიდეც, რომ მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი ვიყავი. გარდა იმისა, რომ ვემსახურე ჩემს კუთხეს, იმდენი ახალი ადამიანი გავიცანი და, რაც მთავარია, სრულად გავიცანი ჩემი მშობლიური კუთხე. რომ არა ეს წლები, ალბათ ამის საშუალება არ მომეცემოდა და ვერასდროს ვეწვეოდი იმ ადგილებს მთასა თუ ბარში, რაც მაშინ მომიწია. დღემდე მახარებს ამბები და ისტორიები სრულიად უცნობი ხალხისგან, ვინც მადლიერებით მიხსენებს როგორც მათ წარმომადგენელს პარლამენტში. თუმცა, როგორც ყველაფერს აქვს დასაწყისი, ეგ ამბავიც ისე დასრულდა, როგორც უნდა დასრულებულიყო. მე მადლობელი ვარ ჩემი ბაღდათელების, ვინც მომცა საშუალება, მემსახურა მათთვის და ვყოფილიყავი მათი წარმომადგენელი პარლამენტში”.
∗ ∗ ∗
მაჟორიტარობასთან ერთად კურორტ საირმეზე ვკითხე. ვიცი, „თეგეტასთან“ ერთად, ამ ორ აქტივს ფლობს.
თუ გიფიქრიათ ოდესმე, რომ „საირმეს“ შეიძენდით ან საერთოდ ამ მიმართულებით თუ გიფიქრიათ?
„არასოდეს – მოჭრილად მპასუხობს და სახელდახელოდ მომზადებულ ფოტოს მიზიარებს, სადაც ვიცანი ვასილ პავლოვიჩ მჟავანაძე და საირმის ხედები. – ეს კი ბიძაჩემია, შოთა კოხოძე (მაშინდელი მაიაკოვსკის (ბაღდათის) რაიონის პირველი მდივანი) – ვისი უშუალო მონაწილეობითაც არის საირმე აშენებული, და ეს 1962 წელს გადაღებული ფოტოა. ალბათ, სულ 5-6-ჯერ ვიყავი მანამდე ნამყოფი და იმ პერიოდში მთხოვეს, რომ ხელი მომეკიდა ამ კურორტისთვის. არ ვიცი, შეიძლება ვინმე ჩემზე უკეთესადაც გააკეთებდა კურორტს, რომელიც დღეს გამორჩეული ბალნეოლოგიური ცენტრია რეგიონში, დაახლოებით 80 მლნ ლარამდე ინვესტიცია განვახორციელე ამ კურორტში და მგონია, რომ არ დავაკელი არც ზრუნვა და არც სიყვარული. იმ წლებში დივიდენდები, რაც მეკუთვნოდა შემოსავლის სახით TEGETA-ში, ფაქტობრივად სრულად რეინვესტირდებოდა საირმის კურორტში. ცხადია, ფასდაუდებელია სახელმწიფოს თანამონაწილეობა და ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებებიც. ბედნიერი ვარ, რომ ყოველწლიურად ბაღდათის მუნიციპალიტეტში 5 მლნ ლარზე მეტი მარტო ამ პროექტიდან რჩება“.
ამ ბაღდათელი ბიჭის მშობლიურ რაიონში დღეს დაახლოებით 22 ათასი მუდმივი მცხოვრებია და წამით წარმოვიდგინე, რომ ყველა რაიონში არის ადგილობრივი ან უცხოური ინვესტიციით ამოქოქილი თითო ისეთი პროექტი, როგორიც კურორტი „საირმეა“, რომელიც ყოველთვე 600,000 ლარის შემოსავალს გენერირებს ბაღდათის მუნიციპალიტეტისთვის. სხვათა შორის, საუბრის ბოლოს მისთვის გამორჩეული პროექტის ანალოგის დამკვიდრებას მიყვება კურორტზე. მსგავსად TEGETA აკადემიის მოდელისა, იგივე დაიწყეს საირმის კურორტზე ტურიზმის & გასტრონომიის აკადემიით, რომლის დამფუძნებელიც თავად არის, რესტორატორ გურამ ბაღდოშვილთან და ყველასთვის ცნობილ მანანიკო უგულავასთან ერთად. ეიმედება, რომ პანდემიით გამოწვეული პაუზა მალე გაივლის და აკადემიაც მალე ამოქმედდება.
∗ ∗ ∗
საუბრის ბოლოსკენ ამ ათეულობით ბრენდსა და კომპანიის შთამბეჭდავ პორტფელს ვაფასებინებ. აქ საუბარს მაწყვეტინებს და მეუბნება, რომ კითხვას არ გაურბის, მაგრამ რადგან „თეგეტა აკადემია“ ახსენა, სურს, მეტი თქვას მისთვის გამორჩეულ პროექტზე – „თეგეტას” საგანმანათლებლო ცენტრზე. „ვერც კი წარმოიდგენთ, რა ინტერესია, რამდენი ახალგაზრდა მოდის, სწავლობს და რჩება ჩვენთან“ – ვუსმენ, და ასეთი ენთუზიაზმით 2-საათიანი შეხვედრისას გერმანულ „მანთან“ ან შვედების ავტოგიგანტთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე არ უსაუბრია. მისთვის „თეგეტა აკადემია“ ხელოსნების და პროფესიონალების ის სამჭედლოა, რომელიც თავის დროზე იმის გამო შექმნეს, რომ კადრების კატასტროფული დეფიციტი იყო, თუმცა TEGETA-ს სრულიად განსხვავებულმა სტანდარტმა, გუნდის წევრების გამორჩეულმა ცოდნამ და მიდგომებმა კომპანიაში დასაქმებით ასობით და ათასობით ადამიანის დაინტერესება გამოიწვია. ცალკე აღნიშვნის ღირსია გოგონების დაინტერესება TEGETA-ში მუშაობით, რაც მუდმივად მზარდია ახალი თაობის წარმომადგენლებში. სიამაყით მიზიარებს, რომ დღეს ბევრი აკადემიელი „თეგეტას“ ფილიალების დირექტორებიც არიან.
∗ ∗ ∗
დღეს TEGETA HOLDING-ი რეგიონში უმსხვილესი კომპანიაა და მას ქვეყნის თითქმის ყველა მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად იწვევენ, იქნება ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ ინფრასტრუქტურული პროექტები. ყველგან TEGETA-ს უკავშირდებიან, მონაწილეობას სთხოვენ – რადგან საჯაროა თუ ბიზნესსტრუქტურები, იციან, რომ ქართული „თეგეტას“ განვითარებამ გაუსწრო დროს და მისი შესვლით ნებისმიერ პროექტში მოდის ის, რაც მოაქვს ინვესტიციებს: მოდის ცოდნა, ტექნოლოგიები, სიახლე, სამუშაო და ბარაქა. ქართული TEGETA-ს საათი მუდმივად უმაღლესი ხარისხის დროს აჩვენებს. და ბრენდი შედგა, კომპანია რამდენიმე წელიწადია, კორპორატიზაციის უმაღლესი სტანდარტით იმართება. თემურ კოხოძე გამორჩეულად აღნიშნავს კომპანიის მმართველობით სისტემას და ფინანსურ დივერსიფიცირებასაც. ენდობა ეროვნულ ვალუტას, ყველა სესხი გალარებული აქვთ და ბონდების სისტემა მისთვის მისაღებია როგორც არაუზრუნველყოფილი ფინანსური რესურსი, რაც, რატომაც არა – საინტერესო და კარგია მათ შორის ფინანსური დივერსიფიცირებისთვის. ამიტომაც თამამად აანონსებს 100 მლნ ლარის მორიგ ემისიას 2022 წლის გაზაფხულისთვის და არც მომავალში იტყვის უარს ნებისმიერ შესაძლო დივერსიფიცირებაზე.
და მაინც რა არის დღეს „თეგეტა“?
უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. „თეგეტა ჯგუფი“ საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს მოიცავს – მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო, ინდუსტრიულ ტრანსპორტსა და საგარაჟე დანადგარებს.
სატვირთო, სამშენებლო და სპეცტექნიკის მიმართულებას, ორ მსხვილ კომპანიას – „თეგეტა თრაქ ენდ ბასსა“ და „თეგეტა ქონსთრაქშენს“ აერთიანებს.
მსუბუქი ავტომობილები – პორშე, მაზდა, ვოლვო და ტოიტა ცენტრები.
საერთაშორისო ვაჭრობას ოთხ კონტინენტზე ახორციელებს და არის მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, კავკასიასა და აზიაში.
„თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
∗ ∗ ∗
Forbes Georgia-ს ამ ისტორიას აქვს ეპილოგი, თუმცა ეპილოგი ნამდვილად არა აქვს Tegeta-ს განვითარებას და გეგმებს. სულ რომ არ ვიცნობდეთ ერთმანეთს და ზედმიწევნით არ ვიცოდე TEGETA-ს ან პირადად თქვენი ისტორია, რას გამოარჩევდით კომპანიის დღევანდელობიდან და რა ბიზნესებს ფლობთ? ბიზნესებზე სწრაფად მიპასუხა: Tegeta Holding-ი და კურორტი „საირმე“. ეს არის ჩემი ბიზნესი დღეს“. რაც შეეხება დანარჩენს: ფიქრობს, რომ, იდეაში არ ფიქრობს, დარწმუნებულია, რომ Tegeta Holding-ი მილიარდი დოლარის კაპიტალიზაციას 3-5 წელიწადში მიაღწევს. წამიერი ფიქრის შემდეგ დამაწევს: „უფრო ადრეც”.
TEGETA „წითელქუდას ზღაპარი“ კი გრძელდება. და ამ ზღაპარს ვერც ეპილოგი ექნება და ვერც დასასრული. TEGETA აგრძელებს ზრდას სამშობლოში, კავკასიასა და აზიაში, რადგან წარმოუდგენელია, შრომას და ნიჭიერებას ჰქონდეს საზღვრები.
არც დასასრული.