სტამბულში, ევროპაში პირველი ნახშირბადუარყოფითი ბიოგადამმუშავებელი ქარხანა გაიხსნა

სტამბულში, ევროპაში პირველი ნახშირბადუარყოფითი ბიოგადამმუშავებელი ქარხანა გაიხსნა

სტამბულში, მინისტრებისა და ევროკავშირის ოფიციალური პირების მიერ, გაიხსნა ქარხანა, რომელიც წყალმცენარეებს რეაქტიულ საწვავად გადააქცევს. აღსანიშნავია, რომ სტამბულის ქარხანა ევროპისთვის პირველი და ერთადერთი ნახშირბადუარყოფითი ბიოგადამმუშავებელი ობიექტია, რომელიც  ევროკავშირის მიერაა მხარდაჭერილი. ქარხნის საშუალებით თურქეთი წიაღისეულ საწვავსა და არაგანახლებად ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად.

ბოსფორის უნივერსიტეტის კამპუსში, 2,500 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ქარხანა „ბიოეკონომიკაზე ორიენტირებული განვითარებისთვის ინტეგრირებული ბიორეფინერიის კონცეფციის“ (INDEPENDENT) პროექტის ნაწილია, რომელიც ინოვაციური, ეკოლოგიურად სუფთა წარმოებისა და განვითარებული ტექნოლოგიების მოძიებაზეა კონცენტრირებული. ევროპაში პირველი ბიოგადამმუშავებელი ქარხანა რეაქტორებსა და აუზებში მოყვანილ მცენარეებს ბიოსაწვავის, საკვები დანამატების, ცხოველების საკვებისა და ორგანული ბიოსასუქების დასამზადებლად იყენებს.

მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრის განცხადებით, ბიოგადამმუშავებელი ქარხანა თურქეთისთვის უმნიშვნელოვანეს პროდუქტს აწარმოებს, მიღებულ ბიოსაწვავს კი  თვითმფრინავებისთვისაც გამოიყენებენ, რაც ქვეყნის დამოკიდებულებას ენერგიის იმპორტზე და ნახშირბადის ემისიებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბიოსაწვავი ქვეყნისთვის სერიოზული ალტერნატივაა და სურს, თურქეთის ავიახაზებმა, ბიოსაწვავის გამოყენებით, პირველი რეისი 2022 წლის ბოლომდე შეასრულოს. თავად ნახშირბადუარყოფითი ბიოგადამმუშავებელი ქარხნის ელექტროენერგიის საჭიროება სრულად ქარის ენერგიაზე მოდის.

INDEPENDENT-ის ბიუჯეტი 6 მილიონი ევროა, რომლის 85%-ს ევროკავშირი ფარავს, ხოლო დარჩენილ ნაწილს – მრეწველობისა და ტექნოლოგიების სამინისტრო. პროგრამა, რომელიც ერთობლივად თურქეთისა და ევროკავშირის მიერ ფინანსდება, ინფრასტრუქტურული კვლევებისა და განვითარების, ასევე მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერების მეშვეობით, ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *