“Forbes საქართველო” განაგრძობს რევაზ ვაშაკიძისა და ავთანდილ გოგოლის სტატიების საავტორო სვეტს.
საინვესტიციო კლიმატი პირველ ყოვლისა განისაზღვრება იმით,თუ რამდენად მიმზიდველი და კომფორტულია ის საშუალო ზომის საინვესტიციო პროექტებისა და ინვესტორებისათვის. მსხვილ ენერგოპროექტს ან მსოფლიო სასტუმრო ბრენდის შემოსვლას რომ მთელი სამთავრობო გუნდი მიესალმება და ხელს უწყობს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი ზოგადად მიმზიდველია. სწორედ ისეთი საინვესტიციო გარემოს შექმნაა საჭირო, რომელიც უპირველეს ყოვლისა მცირე და საშუალო ზომის ინვესტიციებისათვის იქნება მიმზიდველი და რომელშიც მცირე და საშუალო ზომის ინვესტორებს ექნებათ განცდა, რომ ამ ქვეყანაში მათ სამუშაო გარემოზე ზრუნავენ და კომფორტული ოპერირებისათვის მაქსიმალურ პირობებს ქმნიან.
ასობით მილიონი დოლარის მსხვილი საინვესტიციო პროექტები, ცხადია, ძალიან კარგია, მაგრამ არ უნდა გვქონდეს მოლოდინი და არ უნდა ვიყოთ იმის იმედად, რომ ასეთი პროექტები ჩვენი მასშტაბის ქვეყნისა და ეკონომიკის პირობებში რეგულარულად გვექნება. მცირე და საშუალო ზომის, ნახევარი მილიონიდან რამდენიმე ათეულ მილიონამდე ღირებულების საინვესტიციო პროექტების გარეშე ასეთი რეგულარული შემოდინების უზრუნველყოფა შეუძლებელია.
მასიური, მცირე და საშუალო საინვესტიციო პროექტებისათვის შესაბამისი კლიმატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია იმ ენობრივი ბარიერების მაქსიმალურად მოხსნა, რომელთაც ინვესტორი აწყდება ქვეყანაში ჩამოსვლისა და მუშაობისას. როგორც წესი, მსხვილ საინვესტიციო პროექტებში ინვესტორებს აქვთ რესურსი და აჰყავთ ადგილობრივი იურისტები, თარჯიმნები, ტექნიკური პერსონალი, რომლებიც ენობრივ ბარიერს ხსნიან. თუმცა, როდესაც ინვესტიცია შედარებით მცირეა, ინვესტორებისათვის ენობრივი ბარიერის გადალახვა პრობლემატურ საკითხად იქცევა.
სტუმართმოყვარე ხალხი ალბათ ვართ, თუმცა ინვესტორთმოყვარე ნამდვილად არ გვეთქმის. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ სტუმარს, ტურისტს, რომელიც მაქსიმუმ ათი დღით ჩამოდის, ისვენებს და ფულს ხარჯავს, უფრო მეტი ყურადღებითა და ზრუნვით ვეპყრობით, ვიდრე ინვესტორს, რომელიც გრძელვადიანი გეგმით ჩამოდის, ჩვენს ქვეყანაში დებს თავის კაპიტალს, რისკავს, ასაქმებს ხალხს და ქმნის დამატებით ღირებულებას. ის, რომ ინვესტორს სჭირდება ელემენტარული ყურადღება, ზრუნვა და კომფორტული ყოველდღიური სამუშაო გარემოს შექმნა – თითქოს არც გვესმის. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, ინვესტორმა იგრძნოს, რომ ამ ქვეყანაში უნდათ მისი ინვესტიციები და მაქსიმალურად ზრუნავენ მისი, როგორც ეკონომიკური ერთეულის, კომფორტისათვის.
ყველა ქართველ ინვესტორს, რომელთაც ინვესტიციები განუხორციელებიათ მეზობელ ქვეყნებში – მაგალითად, აზერბაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთში – თავად აქვთ გამოცდილი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენობრივი საკითხი. ამ ქვეყნებში, ცხადია, რუსული ენა პოპულარულია და იციან, თუმცა ყველა დოკუმენტი, პროცედურა, კორესპონდენცია და ოფიციალური კომუნიკაცია არის ადგილობრივ ენაზე. სწორედ იგივე ხდება, როდესაც უცხოელი ინვესტორი მუშაობას იწყებს ან მუშაობს საქართველოში.
თითქოს საქართველოში ეს საკითხი მწვავედ არ დგას, ხალხმა მეტ-ნაკლებად იცის რუსული, ახალგაზრდა თაობამ – უფრო ინგლისური, თუმცა ეს ყველაფერი ხდება სალაპარაკო დონეზე. როგორც კი ინვესტორი შედის ეკონომიკურ და სამართლებრივ პროცესებში, ენობრივი ბარიერი მისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ ტურისტისაგან განსხვავებით, ინვესტორი არ ჩამოდის რამდენიმე დღით, არამედ ახორციელებს გრძელვადიან ინვესტიციას და თავის საქმიანობას ჩვენს ქვეყანას უკავშირებს, მაინც არ უნდა გვქონდეს მოლოდინი იმისა, რომ ის ქართულს ისწავლის და ამით თავად გადალახავს ენობრივ ბარიერს.
ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციოდ მიმზიდველი საკანონმდებლო სივრცე და ამ კანონების აღსრულებისათვის საჭირო ეფექტიანი სახელმწიფო ბიუროკრატია. თუმცა უცხოელი ინვესტორისათვის პრობლემაა, თუ ეს კანონები, რეგულაციები, ხელშეკრულებები, ბიზნესის ყოველდღიური ოპერირებისათვის აუცილებელი დოკუმენტები და სახელმწიფო ორგანოებთან უშუალო კომუნიკაცია მათთვის გასაგებ ენაზე არ არის ხელმისაწვდომი.
ბიზნესის კეთების თავისუფლების ინდექსით შეიძლება კარგი რეიტინგი გვქონდეს, თუმცა ენობრივი ბარიერის გამო თუ ეს გარემო პრაქტიკული თვალსაზრისით უცხოელი საშუალო ზომის ინვესტორისათვის არ არის ხელმისაწვდომი, მაშინ მხოლოდ რეიტინგი ინვესტორის პრობლემას ვერ გადაჭრის.
განვიხილოთ, ვინ შეიძლება საქართველოში ინვესტიციები განახორციელოს ქვეყნებისა და ენების მიხედვით. პირველ რიგში, ყველაზე დიდ კერძო ინვესტიციებს, ვფიქრობთ, აკეთებენ ის ქართველები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. საზღვარგარეთ წასული ქართველების დაბრუნება და მათ მიერ ინვესტიციების განხორციელება, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს არ იქნება საკმარისი უწყვეტი ინვესტიციების შემოდინების უზრუნველსაყოფად. ჩვენ უნდა ვისწავლოთ უცხოელი ინვესტორების მოზიდვა. მეორე ჯგუფში არიან მეზობლები – პოტენციური ინვესტორები მეზობელი ქვეყნებიდან – სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი და თურქეთი. ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში – რომელიც პოტენციური ინვესტიციების მნიშვნელოვანი წყაროა – სამუშაო ენა არის რუსული. მესამე ჯგუფს განეკუთვნებიან ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნები, ასევე ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთი ქვეყანა. ამ ქვეყნებში სამუშაო ენა არის ინგლისური.
მაგალითისათვის წარმოვიდგინოთ ინგლისელი ინვესტორი, რომელმაც მხოლოდ ინგლისური იცის და რომელსაც საქართველოში მცირე სასტუმროსა და რესტორნის გახსნა სურს; ან უკრაინელი ინვესტორი, რომელმაც იცის მხოლოდ უკრაინული და რუსული, და გაწყვეტილი აქვს ერთი მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება ავეჯის მცირე საწარმოში. თუ გავუყვებით ინვესტიციის პროცესს – კომპანიის რეგისტრაცია, საბანკო ანგარიშის გახსნა, მიწის შესყიდვა, ნებართვების საჭირო დოკუმენტების მომზადება, ხელშეკრულებების დადება, ბუღალტერიის წარმოება, კომუნალური ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, გაყიდვებთან დაკავშირებული კამპანიის წარმოება და მრავალი სხვა – გასაგები ხდება, რომ ვერც ერთ ამ ეტაპს ეს ინვესტორი დღევანდელ საქართველოში დამოუკიდებლად ვერ გაივლის. ლოკალური პრობლემების მოსაგვარებლად მას აუცილებლად დასჭირდება ადგილობრივი “სანდო პირები” – იურისტი, ბუღალტერი, უარეს შემთხვევაში ადგილობრივი “პარტნიორი”, – რომლებსაც არ იცნობს და არ ენდობა, მაგრამ იძულებულია, ენდოს და მათი მითითებების მიხედვით ხელი მოაწეროს დოკუმენტებს და აიღოს პასუხისმგებლობები. ვერც ერთი ეს ინვესტორი ელემენტარულ სატელეფონო ზარზეც ვერ მიიღებს პასუხს ინგლისურ თუ რუსულ ენებზე სახელმწიფო ორგანოების უმეტეს ნაწილში. სწორედ ეს არის პრობლემა, რაგინდ საინვესტიციოდ ძალიან კარგი საკანონმდებლო სივრცე და ეფექტიანი სახელმწიფო ბიუროკრატია გვქონდეს (დავუშვათ).
თუ სხვა ქვეყნებზე უკეთესი კანონმდებლობა და უფრო ეფექტიანი სახელმწიფო ბიუროკრატია გვაქვს, მაშინ ამ კანონმდებლობის ფარგლებში ინვესტორს უნდა მივცეთ საშუალება, გადალახოს ყველა ენობრივი ბარიერი, არ იგრძნოს თავი უცხო გარემოში, ჰქონდეს განცდა, რომ მისი კომფორტისათვის ამ ქვეყანაში იზრუნეს და იმუშავეს. ასეთ შემთხვევაში მოხდება უცხოელი ინვესტორისათვის მიმზიდველი საკანონმდებლო გარემოსა და ეფექტიანი სახელმწიფო ბიუროკრატიის პრაქტიკული რეალიზება. ეს, თავის მხრივ, მნიშვნელოვანწილად გაზრდის საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობას უცხოელი მცირე და საშუალო ზომის ინვესტორებისათვის.
საინვესტიციო ინფრასტრუქტურა თავის თავში არ მოიცავს მხოლოდ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას (გზები, ნავსადგურები, აეროპორტები), ელექტროენერგიით, წყლითა და გაზით უზრუნველყოფასა და ნარჩენების მართვის სისტემებს. საკანონმდებლო სივრცე და სახელმწიფო ბიუროკრატიაც საინვესტიციო ინფრასტრუქტურის ნაწილია. უცხოელი ინვესტორისათვის ენობრივი ბარიერის მოხსნა და ამ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მთლიანი საინვესტიციო ინფრასტრუქტურის განუყოფელი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვასა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას.
მხოლოდ ასეთი ინფრასტრუქტურით შევძლებთ იმ საინვესტიციო კლიმატის შექმნას, სადაც მრავალი მცირე და საშუალო ინვესტორისათვის პროექტების განხორციელება კომფორტული იქნება, სადაც ისინი თავს არ იგრძნობენ გაუცხოებულად უცნობ და გაურკვეველ გარემოში, სადაც ბიზნესის ელემენტარული ოპერირებისათვის არ იქნებიან იძულებული, ლოკალური საკითხების მოსაგვარებლად ადგილობრივი “პარტნიორ(ებ)ი” იპოვონ.
თუ ჩვენ გვინდა, საქართველოში მასიური – მცირე და საშუალო მოცულობის – ინვესტიციები განხორციელდეს, საჭიროა ამ ენებზე სახელმწიფო ორგანოების ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ეს ეხება იუსტიციის სახლებს, საგადასახადო ორგანოებს, ეკონომიკური პროფილის სამინისტროებს, მათ დეპარტამენტებსა და სსიპ- ებს, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სასამართლოებს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. ასევე უნდა იყვნენ სპეციალურად სერტიფიცირებული ნოტარიუსები, რომლებიც საქმის წარმოებას უცხო ენებზე შეძლებენ. სახელმწიფო სტრუქტურებში ყველა ის დასაქმებული, ვისაც ინვესტორთან აქვს კონტაქტი, ინვესტიციების ხელშესაწყობად უმაღლეს სამუშაო დონეზე, აუცილებლად უნდა ფლობდეს არა მარტო ქართულს, არამედ ინგლისურსაც და რუსულსაც.
ხაზი უნდა გავუსვათ, რომ უნდა მოხდეს სახელმწიფო ორგანოებში უცხო ენების მცოდნე თანამშრომელთა იმ რაოდენობის უზრუნველყოფა, რაც საჭიროა ინვესტორთათვის მაღალი დონისა და კომფორტული სერვისის შეთავაზებისათვის. თუ კონკრეტულ ორგანოებში ერთი ან ორი ასეთი თანამშრომელი გამოიყო იმისათვის, რომ რეფორმა ქაღალდზე შესრულებულად მოინიშნოს, რასაკვირველია, ეს ყოველგვარ აზრს კარგავს.
გარდა ამისა, ქვეყანაში ენობრივი საკითხები ინვესტორებისათვის საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს გადაწყვეტილი. პირველ რიგში ეს გულისხმობს იმას, რომ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული კანონები – საგადასახადო კოდექსი, სამეწარმეო კოდექსი, ადმინისტრაციული კოდექსი და ნორმატიული აქტები უნდა იყოს თარგმნილი და ინვესტორებისათვის ხელმისაწვდომი ინგლისურ და რუსულ ენებზეც. იგივე ეხება მთავრობის გადაწყვეტილებებსა და საკანონმდებლო აქტებს. ასევე საჭიროა, რომ სამართალდამცავ ორგანოებში, მაგალითად, საპატრულო პოლიციაში, დასაქმებულნი ფლობდნენ უცხო ენებს. ბიზნეს- და ეკონომიკური საინფორმაციო სივრცეც, ცხადია, უნდა იყოს ამ ენებზე, რათა უცხოელი ინვესტორებისათვის ეს ინფორმაცია იყოს მარტივად ხელმისაწვდომი და გასაგები. აქვე იგულისხმება ის, რომ ლოგისტიკურ და სატრანსპორტო სივრცეებში ყველა ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინგლისურადაც და რუსულადაც.
უცხოელი ინვესტორების წახალისებისა და საქართველოს საინვესტიციო კლიმატის მიმზიდველობის გაზრდისათვის მნიშვნელოვანი იქნება, თუ ინვესტორს, გარკვეული ოდენობის (მაგალითად, ერთი მილიონი აშშ დოლარი და მეტი) ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში, ექნება საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობა. მსგავსი პრაქტიკა აპრობირებულია მრავალ გარდამავალი ეკონომიკებისა და განვითარებულ ქვეყანაში.
ცხადია, ისმის კითხვა: ეს ყველაფერი პრაქტიკულად შესაძლებელია თუ არა. ვფიქრობთ, რომ ეს შესაძლებელია და სრულიადაც არ წარმოადგენს რთულ ამოცანას. სახელმწიფო მოხელეები, რომლებსაც პირდაპირი თუ არაპირდაპირი შეხება აქვთ ეკონომიკურ სუბიექტებთან, იქნება ეს ადგილობრივი თუ უცხოელი ინვესტორი, უნდა დაეუფლონ უცხო ენებს ან მათი ჩანაცვლება უნდა მოხდეს ახალი კადრებით, რომლებიც ფლობენ ამ ენებს და მოხდეს მათი პროფესიული მომზადება. პოლიტიკური ნების შემთხვევაში ამ მიმართულებით გარდატეხის შეტანა შესაძლებელია ერთი წლის განმავლობაში, ხოლო სრულ დახვეწასა და დანერგვას მაქსიმუმ კიდევ ერთი წელი დასჭირდეს.
ინფრასტრუქტურის ამ ნაწილში სახელმწიფოს მიერ ინვესტიციის განხორციელება პირდაპირ შედეგს გამოიღებს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების თვალსაზრისით და სწორედ ამიტომ ასეთი სახელმწიფოს მიერ ინვესტიციის განხორციელება ეკონომიკურად მიზანშეწონილია. ძირითადი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ შეიქმნას ისეთი საინვესტიციო გარემო, კლიმატი და ინფრასტრუქტურა, სადაც უცხოელ ინვესტორს, ერთი მხრივ, დახვდება უფრო ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატი, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში და, მეორე მხრივ, ის თავს არ იგრძნობს უცხო გარემოში. ეს არის იმ რეფორმების ერთ- ერთი ქვაკუთხედი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას, როგორც მსხვილი, ისე, პირველ ყოვლისა, მცირე და საშუალო ინვესტორებისათვის. ასეთი საინვესტიციო ინფრასტრუქტურა, თავის მხრივ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაში.
———————–
“Forbes საქართველო” განაგრძობს რევაზ ვაშაკიძისა და ავთანდილ გოგოლის სტატიების საავტორო სვეტს.
რევაზ ვაშაკიძის მიერ განხორციელებული ინვესტიციის შედეგად საქართველოში შეიქმნა უნიკალური, ვერტიკალურად ინტეგრირებული, კავკასიაში ყველაზე მსხვილი და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქათმის ხორცპროდუქტების ინდუსტრიული წარმოება. “ჩირინას” პროდუქტები იყიდება “ბიუ-ბიუს“ ბრენდით როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში, მესამე კვარტალიდან ექსპორტი დაიწყება სომხეთში. “ჩირინას” კაპიტალში განხორციელებული ინვესტიცია აღემატება 100 მილიონ აშშ დოლარს. გარდა ამისა, რევაზ ვაშაკიძეს აქვს ინვესტირებისა და კომპანიების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ავთანდილ გოგოლი არის კომპანია Capital Locusის დამფუძნებელი, რომელიც მსხვილ კერძო კომპანიებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებასა და ინსტიტუციონალური ინვესტორებისაგან კაპიტალისა და სესხის მოზიდვის სერვისს. დაფუძნებიდან ორი წლის განმავლობაში კომპანიამ მსხვილი კერძო ბიზნესებისათვის საქართველოსა და სომხეთში მოიზიდა 30 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი უცხოური ინსტიტუციონალური ფინანსური ორგანიზაციებიდან. სტატიების სერიაში ავტორები წარმოგვიდგენენ სწრაფი ეკონომიკური ზრდისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორების კრიტიკულ შეფასებას. ეს შეფასებები, ერთი მხრივ, ეყრდნობა ინვესტორის მიერ საქართველოში ინვესტიციების განხორციელების, მოზიდვისა და მართვის პრაქტიკულ, რეალურ გამოცდილებას, მეორე მხრივ კი შემოთავაზებულია ის კონკრეტული რეფორმები და ცვლილებები, რომელთა განხორციელება პირდაპირ და, რაც მთავარია, მოკლე დროში პოვებს ასახვას ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, მოახდენს გარღვევას ეკონომიკური ზრდის ტემპებში და უზრუნველყოფს ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპების შენარჩუნებას ხანგრძლივ პერიოდში.