იურიდიულ კომპანია Business Legal Bureau ბიზნესსუბიექტებს იურიდიულ მომსახურებას 1995 წლიდან უწევს. კლიენტთა ჩამონათვალი მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც უმსხვილეს კერძო კორპორაციებსა და გლობალურ ფინანსურ ინსტიტუტებს, ასევე განვითარებად კომპანიებს, ოჯახურ ბიზნესებსა და კერძო პირებს.
საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და მრავალმხრივი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალთა გუნდს 2019 წელს ახალი პარტნიორი, რუსუდან მაისურაძე შეუერთდა, რომელმაც კომპანიის ბიზნესგარიგებებისა და სასამართლო-საარბიტრაჟო დავების მიმართულება გააძლიერა. გარდა ამისა, კომპანიას უკვე აქვს დამატებითი შესაძლებლობა, კლიენტებს შესთავაზოს მომსახურება სამართლის ისეთ სფეროებში, როგორიცაა ევროკავშირის რეგულაციები, ბიზნესის & ადამიანის უფლებები და მედიასამართალი.
BLB-ის ახალ პარტნიორს, რუსუდან მაისურაძეს, კომპანიის გეგმებსა და სიახლეებზე ვესაუბრეთ.
დავიწყოთ თქვენი პროფესიული გამოცდილებით. გვიამბეთ, როგორ დაიწყეთ და განავითარეთ იურიდიული კარიერა.
ბევრი იურისტის მსგავსად, პროფესიული კარიერა მეც საჯარო სექტორში დავიწყე. ჩემი პირველი სამუშაო ადგილი იყო საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახური, რომელიც იმ დროს ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარებოდა. ეს იყო დიდი ხნის წინ, მაგრამ მე მაინც ნათლად მახსოვს სამსახურის დაწყებით გამოწვეული სიხარული და მღელვარება. სიუჟეტი თავისთავად სასაცილოა, ყოველ შემთხვევაში, ჩემი გადმოსახედიდან მაინც. პირველი სამსახურის დაწყების ამბავი იყო შემდეგი: როგორც დამცველმა, მონაწილეობა მივიღე ვორკშოპში, რომელიც ანტიმონოპოლიურ საქმეებს მიეძღვნა და იმიტირებულ სასამართლო პროცესს წარმოადგენდა. ვორკშოპს აშშ-ის მოსამართლე, საპატიო სტუმარი ქეთი კელი ესწრებოდა… იმიტირებული პროცესის დამთავრების შემდეგ კელი მომიახლოვდა და მითხრა, რომ იმიტირებული საქმის წარმოებით მასზე უაღრესად დიდი შთაბეჭდილება მოვახდინე. ცხადია, მისი კომენტარი კატალიზატორი იყო ჩემი პროფესიული კარიერისთვის. ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსმა, რომელიც ასევე ესწრებოდა სემინარს, მაშინვე შემომთავაზა სამსახური.
ნებისმიერი პროფესიონალისთვის, დამწყები იქნება თუ გამოცდილი, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აღფრთოვანებული იყოს იმით, რასაც აკეთებს. ეს მღელვარება ვიგრძენი ჩემი პირველი სამსახურის პირველივე დღიდან. ეს იყო 90-იანი წლების ბოლო – საბჭოთა აზროვნებისა და მოქმედებიდან უფრო ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებებისკენ სწრაფვის პერიოდი. ჩვენთვის, გვიანი საბჭოთა ლიტერატურით გაწვრთნილი იურისტებისთვის კომერციული სამართალი, მეწარმეობა და საბაზრო ეკონომიკა იყო შედარებით ახალი დარგები, რომლებიც ახალ პროფესიულ უნარებს საჭიროებდა. განყოფილება, რომელსაც მე მოგვიანებით ვხელმძღვანელობდი, სპეციალურად ამ ამოცანისთვის, სიახლის დანერგვისთვის იყო შექმნილი. მე მთლიანად ჩავერთე ჩემს საქმიანობაში. ხშირად გვიანობამდე ვრჩებოდი ოფისში, ვსწავლობდი განვითარებული ქვეყნების კარგ პრაქტიკას და მთელ დროს საქმეს ვუთმობდი. ანტიმონოპოლიურ სამსახურში მუშაობა ყოველთვის საუკეთესო მოგონებაა იმისა, თუ როგორ გავხდი ადვოკატი რეალურ ცხოვრებაში. თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემისას მივხვდი, რომ მხოლოდ რამდენიმე მოსამართლე აფასებდა ჩემს უნარებს ჩემი კარიერის დასაწყისში. ვფიქრობ, გამოცდილი და პატივცემული პროფესიონალების მხარდაჭერამ შემძინა თავდაჯერებულობა და ძალა წარმატების მისაღწევად.
და ამის შემდეგ უკვე იყო კერძო სექტორი?
დიახ, რამდენიმე წლის შემდეგ კერძო სექტორში გადავედი, როდესაც ქვეყნის ერთ-ერთმა წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, თიბისი ბანკმა, შემომთავაზა სამსახური. წამყვან ბანკში მუშაობის შესაძლებლობა კვლავ მომეცა წარმატებული სასამართლო პროცესისა და მოსამართლის კიდევ ერთი ხელსაყრელი კომენტარის შემდეგ. თიბისი იყო ადგილი, სადაც დავიწყე ჩემი პროფესიული უნარების განვითარება. მე ჩავერთე ბიზნესმოლაპარაკებებში, დავების მოგვარებაში, გვიან ღამით საკონფერენციო ზარებში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, DEG-თან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ეს სამუშაო სიამოვნებას მანიჭებდა. სწორედ TBC–ში გადავწყვიტე, კორპორაციული სამართლის პრაქტიკა გამეგრძელებინა.
სამართლის სამყარო უზარმაზარია და თითოეულმა პროფესიონალმა უნდა იპოვოს საკუთარი ნიში. სწავლა სისხლის სამართლით დავიწყე და სამოქალაქო სამართლის პრაქტიკით დავასრულე. ვფიქრობ, ადამიანმა ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს, რათა შეეძლოს იმის თქმა, რომ ის არის პროფესიონალი სამართლის ნებისმიერ სფეროში. ამას რა თქმა, უნდა წლების გამოცდილება სჭირდება, თუმცა კარიერის დასაწყისში აუცილებელია, გამოიყენო ყველა შანსი, ყველა შემთხვევა, იმუშაო ყველა კლიენტზე, დაესწრო ყველა შეხვედრას და მოლაპარაკებას, ისწავლო ენები და შეიძინო კომუნიკაციის უნარი, გაეცნო ახალ ტენდენციებს, მიიღო მონაწილეობა კონფერენციებსა და სემინარებზე და ათენო ღამეები საქმეში მთლიანად ჩაფლულმა. საბოლოო ჯამში, თუ ამას აკეთებ, მაშინ წარმატება გარდაუვალია. დღეს მე გამიმართლა, რომ მყავს გუნდი, რომელიც ასეთი შრომისმოყვარე ადამიანებისგან შედგება. უფრო მეტიც, BLB–ის თანამშრომლები არიან საუკეთესო ახალგაზრდა იურისტები, რომლებიც მზად არიან ნებისმიერი რთული ამოცანისთვის. BLB–ში ჩვენ არ ვამბობთ: „მოდი, გავაკეთოთ ხვალ ან გვიან“; ამის ნაცვლად, ჩვენ დაუყოვნებლივ ვასრულებთ დავალებებს. როგორც ჩვენი ლოზუნგი ამბობს, ჩვენი მოვალეობაა, უზრუნველვყოთ „ექსპერტზე მორგებული იურიდიული მომსახურება”.
ამ ხანგრძლივი პროფესიული განვითარების პერიოდში გავიგე, რომ იურიდიული პროფესია, გარდა სამართლის ცოდნისა, მოითხოვს მოლაპარაკების უნარებს. მაგალითად, ბიზნესდავებში ამ უნარის დაუფლების გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ნებისმიერი მოლაპარაკების შედეგი დამოკიდებულია ადვოკატის უნარზე, დაარწმუნოს მოსაუბრე და მოლაპარაკება საუკეთესო გარიგებით დაასრულოს. როგორც იურისტმა, თქვენ ყოველთვის უნდა მიაღწიოთ საუკეთესო შედეგს თქვენი კლიენტისთვის. რასაკვირველია, ეს ყოველთვის ასე არ არის, მაგრამ პიროვნებები, რომლებსაც თქვენი კარიერის განმავლობაში შეხვდებით, წარმატების ფუნდამენტურ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ. მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც დაინახა ჩემი დამოკიდებულება და დაჟინება და დამეხმარა ვყოფილიყავი იქ, სადაც დღეს ვარ.
განათლება წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილია. თქვენ მუდმივად სწავლის პროცესში ხართ. როგორ ავითარებთ თავს პროფესიულად?
უწყვეტი განათლება მაღალი სტანდარტით წარმოადგენს ნებისმიერი პროფესიული ცხოვრების წარმატების ერთ -ერთ გადამწყვეტ ფაქტორს. უფრო მეტიც, 21-ე საუკუნემ და გლობალიზაციამ ახალი მოთხოვნები დააყენა ნებისმიერი სფეროს პროფესიონალებისთვის, მათ შორის – იურიდიულ სივრცეში. დღეს ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ ქართული კანონმდებლობა და მისი ცოდნა, არამედ სხვა სამართლებრივი სისტემებისა და საერთაშორისო რეგულაციების კარგად გაგება. ბიზნესგარემო და შესაძლებლობები ძალიან შეიცვალა საქართველოში ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში. ერთი მხრივ, სულ უფრო მეტმა ქართულმა კომპანიამ გააფართოვა თავისი ბიზნესი საერთაშორისო დონეზე და საკმაოდ წარმატებულადაც. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სავაჭრო სამართლისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების პრინციპების, წესებისა და სტრუქტურის გაცნობიერებას, კანონის კონფლიქტის საკითხების გაცნობას და საერთაშორისო კომერციული კონტრაქტების მხარეების მცდელობას, შეამციროს გადაცდომის რისკები.
მეორე მხრივ, სულ უფრო და უფრო მეტი უცხოელი ინვესტორია დაინტერესებული საქართველოში ინვესტიციით. სამწუხაროდ, პანდემიის გამო ტენდენცია შენელდა, თუმცა, იმედი მაქვს, საბოლოოდ ჩვენ შევძლებთ ინვესტიციების მოზიდვის გაგრძელებას. იმისათვის, რომ ვიყოთ კვალიფიცირებული, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო და შევთავაზოთ „ექსპერტებზე მორგებული იურიდიული მომსახურება”, მნიშვნელოვანია, მუდმივად გავაუმჯობესოთ ჩვენი პროფესიული განათლება. BLB არის Microsoft Corporation–ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში; ჩვენ ვუწევთ იურიდიულ მომსახურებას DFC, EBRD, APM ტერმინალებს. ამ საერთაშორისო ინვესტორებთან ეფექტიანი და პროდუქტიული კომუნიკაცია მოითხოვს მრავალ უნარს, მათ შორის – ყოვლისმომცველ იურიდიულ ცოდნას, ასევე გამოცდილებას და მუდმივად სწავლის უნარს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ცვლილებებზე მუშაობა და თანამედროვე ტენდენციებზე მორგება.
შემიძლია ვთქვა, რომ მე ყოველთვის ვსწავლობ. არ ვარ ახალგაზრდა, მაგრამ ვაგრძელებ განვითარებას და კავკასიის უნივერსიტეტში იურიდიულ დოქტორანტურაზე ვარ. იურისტის პირველი ხარისხი 1996 წელს მივიღე, როდესაც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე. პირველად TBC-ში მივხვდი, რომ ცოდნისა და უნარების გაუმჯობესების აუცილებლობა დადგა. მე აშკარად არ მქონდა კომპეტენციები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებებისათვის, ამიტომ 2006 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალურ, ევროპული სამართლის ორწლიან პროგრამაზე ჩავაბარე. ამ პროგრამაში მიღებული ცოდნა დამეხმარა და დღემდე მეხმარება ჩემს საქმიანობაში. მე ვიყენებდი მას, როდესაც ვმუშაობდი კერძო საადვოკატო ფირმაში, მოგვიანებით – GRDC–ის მთავარ იურიდიულ ოფიცრად და “ლეგიაში” პარტნიორად. მაგრამ საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიმიღია, LSE–ში სწავლა იყო. LSE მეჩვენებოდა ჯადოსნურ ადგილად იქ დანერგილი უმაღლესი პროფესიული სტანდარტების, საუკეთესო სასწავლო გარემოს, ონლაინბიბლიოთეკისა და უაღრესად ინტელექტუალური ხალხის გამო. LSE იყო ჩემთვის საუკეთესო პროფესიული გამოცდილება. იქ გავეცანი აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ჩემი აზრით, საერთო სამართლის პრაქტიკოს იურისტებს აქვთ უზარმაზარი თავისუფლება, იყვნენ შემოქმედებითნი.
სანამ BLB–ის პარტნიორი გახდებოდით, რას ხელმძღვანელობდით და რა შეიცვალა თქვენს მოვალეობებში?
მე მუდმივად მჭირდება მრავალფეროვანი გამოწვევები; წინააღმდეგ შემთხვევაში, მომბეზრდება და არაეფექტიანი გავხდები. მას შემდეგ, რაც BLB–ის პარტნიორი გავხდი, ჩემი ინტელექტუალური მუშაობის სფერო გაფართოვდა, გამრავალფეროვნდა და მთლიანად მიპყრობს როგორც პროფესიონალს. ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო კომპანიებთან და ინვესტორებთან, ქართულ ბიზნესთან და წარმატებულ ქართველებთან; BLB არის მრავალპროფილიანი იურიდიული ფირმა, რომელსაც ისეთი ბრწყინვალე პროფესიონალები წარმოადგენენ, როგორებიც გახლავთ ქალბატონი მაია მწარიაშვილი, ბატონი კახა შარაბიძე და ბატონი დავით ხაინდრავა – ჩემი პარტნიორები. გარემო იმდენად ცოცხალი და ენერგიით სავსეა, რომ ვერ გავბედავ სხვა სამუშაო ადგილებთან მის შედარებას.
ასევე არასოდეს დამავიწყდება GRDC ჯგუფში გატარებული დრო და ყოველთვის მადლიერი ვიქნები მფლობელების. შეხვედრებზე დასწრება და საქმიანი მოლაპარაკებების დროს ამ ადამიანების მოსმენა ჩემთვის უნიკალური შესაძლებლობა იყო. მე ვისწავლე ბიზნესის კეთების ნიუანსები რამდენიმე წარმატებული ქართველი ბიზნესმენისგან.
ბოლოს აუცილებლად მინდა გკითხოთ Netflix-ის წინააღმდეგ აღძრულ, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილის ცილისწამების საქმეზე.
ყველა, ვინც ეს მინი-სერიალი ნახა, გაბრაზდა იმ ცრუ განცხადების გამო, რომელიც ჩვენს ლეგენდარულ ჩემპიონს შეეხებოდა. როგორც კი “დედოფლის გამბიტის” ბოლო ეპიზოდი ვნახე, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს ცილისწამების საქმის აღძვრა შევთავაზე. BLB–ში ყველა აღფრთოვანებული იყო ამით.
ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკება Netflix-თან ამ წლის დასაწყისში, იანვარში. ბატონმა კახა შარაბიძემ მაღალი რეპუტაციის მქონე ამერიკული იურიდიული ფირმის დაქირავება მოახერხა. ჩვენ ვთხოვეთ Netflix-ს, შეეცვალა ყალბი განცხადება. მოლაპარაკებები რამდენიმე თვეს გაგრძელდა. Netflix-ს შეეძლო მრავალი საპატიო პასუხის გაცემა, მაგრამ მათ ჭადრაკის ისტორიაში პირველი ქალის შესახებ მცდარ განცხადებას „უწყინარი“ უწოდეს და უარი თქვეს რაიმე ქმედებაზე. ასე რომ, ჩვენ დავიწყეთ საჩივრის დამუშავება ჩვენს კოლეგებთან, ალექსანდერ რუფუს-ისააკსთან და როდნი ა. სმოლასთან ერთად. ახლა საჩივარი შეტანილია და საქმე განხილულია კალიფორნიის ფედერალური საოლქო სასამართლოს წინაშე. BLB–ში ყველა ჩვენგანი ჩართულია ამ საქმეში, მაგრამ ამ ეტაპზე მეტის გაკეთება არ შეგვიძლია. ასე რომ, დაველოდოთ, რა მოხდება.
რუსუდან მაისურაძე
რუსუდან მაისურაძემ მაგისტრის ხარისხი ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში მიიღო; მას აქვს იურიდიული მიმართულების მართვის შესანიშნავი გამოცდილება მსხვილ ჰოლდინგურ კომპანიებსა და ფართომასშტაბიან საინვესტიციო პროექტებში. რუსუდანს აქვს როგორც საჯარო სამსახურში მუშაობის, ასევე სახელმწიფო ორგანოებთან მოლაპარაკებების წარმოების, მსხვილი პროექტების ინიცირებისა და მათი იმპლემენტაციის ხელმძღვანელობის გამოცდილება. აღსანიშნავია მისი წვლილი როგორც საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის სამართლებრივი ასპექტების შემუშავებაში, ასევე საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში; რუსუდან მაისურაძე აქტიურად იყო ჩართული საკანონმდებლო პროცესშიც და მონაწილეობას იღებდა ვაჭრობასთან, ინვესტიციებსა და კონკურენციასთან დაკავშირებული რეგულაციების შემუშავებაში.