ადამიანები, რომლებიც 2021 წელს მილიარდერები მხოლოდ მცირე ხნით გახდნენ

ადამიანები, რომლებიც 2021 წელს მილიარდერები მხოლოდ მცირე ხნით გახდნენ

მულტიმილიონერობიდან მილიარდერობამდე გზა ძალიან რთული და ხანგრძლივია. თუმცა, ჩვეულებრივ, როდესაც ადამიანები მილიარდერები ხდებიან, ამ სტატუსს დიდი ხნით ინარჩუნებენ. 2021 წელი ამ მხრივაც საინტერესო გამოდგა. სხვა უჩვეულობებთან ერთად, გასულ წელს მრავლად იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მილიარდერების რიგებს მხოლოდ რამდენიმე თვით, დღით ან წუთით შეუერთდნენ.

თუმცა ბუნებრივია, რომ ამას თავისი მიზეზიც ჰქონდა. ასეთი შემთხვევების უმეტესობა კომპანიების მიერ საკუთარი აქციების საჯაროდ განთავსების შემთხვევებს უკავშირდებოდა. პანდემიის დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა აქციების SPAC-წესით გასაჯაროება, რაც ტრადიციული IPO-საგან განსხვავებით პროცესებს აჩქარებს. თუმცა ასეთ გზას თავისი რისკებიც ახლავს. უმეტეს შემთხვევაში ასეთი კომპანიები საფონდო ბირჟებზე მოღვაწეობას წარმატებით იწყებდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში აქციათა ფასები ვარდებოდა. ქვემოთ განხილული დროებითი მილიარდერების უმეტესობამ ეს სტატუსი სწორედ ამ მიზეზით ვერ შეინარჩუნა.

გარდა ფინანსური ფაქტორებისა, კომპანიათა საკმაოდ არასტაბილურ განვითარებაზე და საფონდო ბირჟებზე რყევებზე მნიშვნელოვანი გავლენა პანდემიამაც იქონია. მიწოდების ჯაჭვის პრობლემა მრავალი კომპანიისათვის საქმიანობის შეფერხების ფაქტორი გახდა. განმეორებითმა ჩაკეტვებმა კი წარმოების ტემპებიც მნიშვნელოვნად შეაფერხა. შედეგად, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზის გათვალისწინებით რამდენიმე პიროვნებას 2021 წელს ძალიან არ გაუმართლა და მილიარდერთა სიას ძალიან ცოტა ხნით შეუერთდა. Forbes Georgia მათ ჩამონათვალს გთავაზობთ:

Grab-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ენტონი ტენი

ფოტო: Getty Images

მისი კომპანიის IPO-ს შემდეგ ენტონი ტენი 2 დეკემბერს მილიარდერი რამდენიმე საათით გახდა. მისი კომპანია საჯაროდ განთავსების შემდეგ 40 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა. მისი ქონება კი 1 მილიარდი აშშ დოლარით განისაზღვრა. თუმცა რამდენიმე საათში კომპანიის აქციათა ფასები დაახლოებით მესამედით შემცირდა, რასაც მისი ქონების შემცირებაც მოჰყვა. ამჟამად ის 600 მილიონ აშშ დოლარს ფლობს.

 

NerdWallet-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ტიმ ჩენი

ფოტო: NerdWallet

NerdWallet-ის აქციები საჯაროდ 4 ნოემბერს განთავსდა. მისი აქციათა ფასები კი რამდენიმე საათში 23 დოლარიდან 34 დოლარამდე გაიზარდა. იმის გამო, რომ ტიმ ჩენი 31 მილიონ აქციას ფლობდა, მისი ქონება 1.09 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. თუმცა მალევე აქციების ფასები კვლავ 23 დოლარამდე დაეცა და მას შემდეგ 30-დოლარიან ზღვარს არ გადაუჭარბებია. ტიმ ჩენი მილიარდერი დაახლოებით ერთი დღით გახდა, ამჟამად კი მისი ქონება თითქმის 500 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

 

DiDi Global-ის პრეზიდენტი ჯინ ქინ ლიუ

ფოტო: Prabook

ივნისში კომპანიის აქციების ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე განთავსების შემდეგ, ჩინური კომპანია DiDi Global-ის პრეზიდენტი და მისი მეუღლე, ამავე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მილიარდერები გახდნენ. ჩინეთის მარეგულირებელი ორგანოს მიერ რეგულაციების დაწესების შემდეგ კი, დაახლოებით ერთ კვირაში, კომპანიის აქციათა ფასები 27%-ით დაეცა. შედეგად ჯინ ქინ ლიუს ქონებაც 1 მილიარდ აშშ დოლარს ჩამოსცდა. თუმცა  მისი მეუღლისა და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ქონება 1.9 მილიარდ დოლარს უტოლდება.

 

Joby Aviation-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჯობენ ბევირტი

ფოტო: News Update

ჯობენ ბევირტი 2021 წელს პირველი მილიარდერი გახდა ელექტროავიაციის სექტორში. მისი საჰაერო ელექტროტაქსის კომპანიის აქციები IPO-ზე გასვლის შემდეგ პირველივე დღეს 6%-ით გაიზარდა. მისი მფლობელის ქონებამ კი 1.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ჯობენ ბევირტი მის გამოგონებაზე 2009 წლიდან მუშაობდა. 2023 წელს კი ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციისაგან სერტიფიკატის მინიჭებასაც ელის. თუმცა პროცესის ხანგრძლივობამ ინვესტორებს პესიმიზმისაკენ უბიძგა და კომპანიის ფასები 15 დეკემბრისათვის საჯაროდ განთავსების დღიდან 42%-ით იყო შემცირებული. ამჟამად ბევირტის ქონება 670 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

საინტერესოა, შეძლებენ თუ არა ეს პიროვნებები საკუთარი პოზიციების გამყარებას 2022 წელს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.