ადგილი, სადაც უპირობოდ უყვარხართ - ინტერვიუ შალვა და ნინო ამონაშვილებთან

ადგილი, სადაც უპირობოდ უყვარხართ - ინტერვიუ შალვა და ნინო ამონაშვილებთან

„ბავშვებს სჭირდებათ ჩვენი უპირობო სიყვარული და მიმღებლობა, რათა ბედნიერ და წარმატებულ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ. სწორედ ეს არის ჩვენი აკადემიის მიზანიც” – ასე აღწერა „ამონაშვილის აკადემიის“ დამფუძნებელმა, ნინო ამონაშვილმა საქმიანობა, რომელსაც საფუძვლად მისი ბაბუის – შალვა ამონაშვილის მიერ 1960-იან წლებში შექმნილი ჰუმანური პედაგოგიკა უდევს. ნინო წლებია, ფსიქო-საგანმანათლებლო მიმართულებით მუშაობს და ოჯახისა და ბაბუის საქმეს აგრძელებს. Forbes Georgia-მ ინტერვიუ თავად 92 წლის შალვა ამონაშვილთანაც ჩაწერა, რომელმაც გაიხსენა, თუ რა გზა გაიარა მსოფლიოში თავის დასამკვიდრებლად საქართველოში აღმოცენებულმა პედაგოგიკამ.

ნინო, ბაბუის პედაგოგიკაზე დაფუძნებით „ამონაშვილის აკადემიისშექმნის იდეა თქვენ გაგიჩნდათ. როგორი იყო მისი დაფუძნების და განვითარების პროცესი?

ვფიქრობ, ჩვენს ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი არ ხდება. არც მე დავბადებულვარ შემთხვევით ამონაშვილების ოჯახში. ჰუმანური პედაგოგიკა და ბავშვებისთვის მუშაობა ჩვენი ოჯახური საქმიანობა და მისწრაფება გამოდგა. ბოლო 17 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილება დავაგროვე. რამდენიმე ქვეყანაში სწავლა და ცხოვრებაც მომიწია, მათ შორის აშშ-ში, შვედეთსა და შვეიცარიაში. სხვადასხვა სფეროშიც გამოვცადე ჩემი თავი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ბავშვებთან მუშაობა ძალიან მიზიდავდა და გადავწყვიტე, ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად აკადემია დამეარსებინა.

საერთაშორისო გამოცდილება და ცოდნა ძალიან დამეხმარა, რომ სხვა ქვეყნების პრაქტიკები გაგვეთვალისწინებინა, შეგვერწყა ჰუმანურ პედაგოგიკასთან, ქართულ რეალობასთან და უნიკალური პროდუქტი შეგვეთავაზებინა როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მშობლებისა და ბავშვებისათვის.

საქმე ისაა, რომ ჰუმანურმა პედაგოგიკამ, რომელიც შალვა ამონაშვილის ძალისხმევით საქართველოში დაიბადა, ფეხი სხვა ქვეყნებში მოიკიდა. მათ შორის მაგალითად, ბალტიისპირეთში: ესტონეთში ყველა პედაგოგი ამ პრინციპებითაა გადამზადებული; უკრაინაში სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ერთ-ერთი მეთოდია; ყაზახეთში დღემდე მიმდინარეობს პედაგოგების სახელმწიფო დონეზე გადამზადება და სხვა. მიუხედავად ამისა, იმ პერიოდში, როდესაც აკადემიის გახსნა გადავწყვიტეთ, საქართველოში შალვა ამონაშვილს პრაქტიკულად აღარავინ იცნობდა, ვინაიდან 1960-იანი წლებიდან უკვე დიდი დრო იყო გასული. ამიტომ თავდაპირველად დავიწყეთ ცალკეული ერთდღიანი სემინარებით, რომელთაც შალვა და მამაჩემი, ფსიქოლოგი პაატა ამონაშვილი ატარებდნენ. მათი სემინარები მალევე ძალიან პოპულარული განსაკუთრებით ინტერნეტსივრცეში გახდა. ამან მოგვცა ბიძგი, რომ გავფართოებულიყავით.

თელავის რაიონის სოფელ ბუშეტში გვაქვს ამონაშვილების კარ-მიდამო, სადაც უკვე ათი წელია, ვატარებთ ოჯახურ სემინარებს უცხოელი სტუმრებისთვის. 2018 წელს ჩავატარეთ პირველი ქართული ოჯახური სემინარი და მას შემდეგ, წელიწადში ორჯერ დაახლოებით 300-400 ქართველი და 1500-ზე მეტი უცხოელი სტუმრობს ჩვენს კარ-მიდამოში. იქ ძალიან საინტერესო პროგრამა გვაქვს. ეს არის ოჯახური სემინარი, რომელიც 4-9 დღე გრძელდება. ჩვენს კარ-მიდამოს დავარქვით საბავშვო ქალაქი „მზიანეთი”, სადაც ბავშვები და მშობლები როლებს ცვლიან – მშობლები დადიან სკოლაში, ხოლო ბავშვები მუშაობენ. მშობლებს აქვთ სწავლება შვილების აღზრდასთან დაკავშირებით. ბავშვებს მშობლები დილით მიჰყავთ სკოლაში, ხოლო თავად მიდიან სამუშაოდ. „მზიანეთს“ აქვს თავისი მერია, სადაც სხვადასხვა სამუშაო დაწესებულებაა, ხოლო ბავშვები ირჩევენ, რომელ დაწესებულებაში სურთ მუშაობა. მაგალითად: გარემოს დაცვის ინსტიტუტში თუ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში, თეატრში, კაფეში, მერიაში, სპორტის დეპარტამენტში თუ სხვა. ბავშვები გამოიმუშავებენ ადგილობრივ ფულს, რომელთაც „დარი“ ჰქვია. საღამოს კი მათ შეუძლიათ, რომ გამომუშავებული დარები სხვადასხვა აქტივობაში დახარჯონ, მაგალითად, მშობლები დაპატიჟონ   „მზიანეთის” კაფეში, ან საცურაო აუზზე, ან მაღაზიაში შეუძინონ საჩუქარი. მშობლებს დარები არა აქვთ, ვინაიდან ისინი არ მუშაობენ.

ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო დინამიკას ქმნის, რადგან ბავშვები უცებ იწყებენ ისე მოქცევას, როგორც მშობლები მათ რეალურ ცხოვრებაში ექცევიან. მშობლებისთვის კი ეს არის კარგი თვალსაჩინოება იმისთვის, რომ დაინახონ, რაში უნდა გამოსწორდნენ. ისინი აცნობიერებენ თავიანთ შეცდომებს. ეს უნიკალური გამოცდილებაა როგორც მშობლისთვის, ისე ბავშვებისათვის. ჩვენი კარ-მიდამო ყოველ წელს უფრო და უფრო იცვლება და ვითარდება. ბუშეტში თუ აქამდე მხოლოდ ათი სასტუმრო ოთახი, ერთი საკონფერენციო დარბაზი, კაფეტერია და რამდენიმე საბავშვო აქტივობების ოთახი გვქონდა, წელს დავამატეთ 20-ნომრიანი სასტუმრო, საკონცერტო/საკონფერენციო დარბაზი 300 ადამიანზე და სამი დამატებითი შენობა საბავშვო აქტივობებისათვის.

თქვენ გაქვთ ცენტრი თბილისშიც. იქ რა პროგრამებს სთავაზობთ მსურველებს?

თავიდან, როდესაც „ამონაშვილის აკადემია“ გაიხსნა, მთავარი აქცენტი მშობლებთან მუშაობაზე გვქონდა. თითქმის ყველა აქტივობა ძირითადად სწორედ მათზე იყო მორგებული. თუმცა მშობლებისაგან დიდი მოთხოვნა წამოვიდა, რომ ბავშვებთანაც დაგვეწყო მუშაობა, ამიტომ 2019 წელს გავხსენით ჩვენი ცენტრი თბილისში, სადაც დავიწყეთ ფსიქოლოგიური პროგრამების ჩატარება. პროგრამები ნელ-ნელა გაფართოვდა და ახლა აკადემიაში გვაქვს ექვსი სხვადასხვა პროგრამა 3-17 წლამდე მოზარდებისთვის. მაგალითად, პროგრამა „დაიჯერე, შენ შეგიძლია“, რომლის საშუალებითაც მოზარდებს თვითშეფასების დარეგულირებაში ვეხმარებით, რაც განსაკუთრებით მტკივნეული საკითხია მოზარდებისთვის. ასევე გვაქვს პროგრამა „მე და ჩემი ემოციები“, სადაც ბავშვებს ემოციების ამოცნობასა და მათთან გამკლავებას ვასწავლით. გვაქვს ბედნიერების ლაბორატორიაც, სადაც ვცდილობთ, ბავშვებმა ბედნიერება ეძიონ საკუთარ თავში, მადლიერებაში, პატიებაში, სხვების დახმარებაში და ა.შ. ასევე გვაქვს „“სკოლის” პროგრამა, რომლითაც ბავშვებს სასკოლო პრობლემების დაძლევაში, სწავლის მოტივაციის ამაღლებაში,  თანატოლებთან და პედაგოგებთან ურთიერთობის დალაგებაში ვეხმარებით. დაბოლოს, გვაქვს პროგრამები სკოლამდელი აღზრდის მიმართულებითაც, რომელიც უფრო მეტად განმავითარებელი ფორმატის თამაშებს ითვალისწინებს. ყოველწლიურად ჩვენს აქტივობებში დაახლოებით 1000-მდე ბავშვია ჩართული.

2020 წელს ბუშეტში, ამონაშვილების კარ-მიდამოში პირველად გავხსენით ბანაკი მხოლოდ ბავშვებისათვის, რომელსაც ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ბავშვების, ასევე მშობლების მხრიდან. ბანაკი  „ მზიანეთი” წელს მეორედაც გვქონდა და ჩვენი ბანაკის ბავშვები უკვე ელოდებიან, კიდევ როდის გვექნება ახალი ნაკადი.

მშობლებისა და ბავშვების გარდა, მრავალი აქტივობა გვაქვს ქართველი პედაგოგებისთვისაც. დავიწყეთ ყოველწლიური „“ამონაშვილის ღია გაკვეთილების” ჩატარება. პირველ ღონისძიებას 500 ქართველი პედაგოგი დაესწრო. სამწუხაროდ, შემდეგ პანდემია დაიწყო და მსგავსი მასშტაბური შეხვედრის ორგანიზების საშუალება აღარ მოგვეცა, თუმცა, იმედი მაქვს, შემდეგი წლიდან კვლავ გავაგრძელებთ ასეთ შეხვედრებს. მანამდე კი, ეს წლები, მათთან აქტიურად ვმუშაობდით ონლაინრეჟიმში. აღსანიშნავია, რომ პედაგოგებისათვის დაგეგმილი ყველა ჩვენი აქტივობა, როგორც წესი, სრულიად უფასოა და ამას ჩვენი აკადემია აფინანსებს.

გარდა ამ პროგრამებისა, შარშან გამომცემლობაც დავამატეთ – ამონაშვილის საგამომცემლო სახლი. შალვა და პაატა ამონაშვილების ექვსი წიგნი გამოვეცით. ამ წიგნებიდან ერთ-ერთი ჩემი და შალვას თანაავტორობითაც გამოვიდა. საინტერესო წიგნი გამოგვივიდა, სპეციალურად ორსულებისა და ახალბედა მშობლებისთვისაა. ვაგრძელებთ ახალ გამოცემებზე მუშაობას.

ბოლო სიახლე კი ისაა, რომ ახლახან თბილისში გავხსენით საბავშვო ბაღიც, ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ განსხვავებული ბაღი გვქონდეს, სადაც ბავშვები ბედნიერები იქნებიან. მათ არა აქვთ სტანდარტიზებული გაკვეთილები, არამედ სხვადასხვა თამაშის საშუალებით იზრდებიან როგორც პიროვნებები და იძენენ პრაქტიკულ ცოდნას. ყველა ჩვენი პედაგოგი გადამზადებულია შალვა და პაატა ამონაშვილებთან და ბაღის მთელი ცხოვრება ეფუძნება ჰუმანური პედაგოგიკის ძირითად საფუძვლებს.

რით არის გამორჩეული თქვენი სწავლების მეთოდი?

„ამონაშვილის აკადემიაში“ თითოეული ბავშვი არის ბედნიერი და უფროსების თანატოლი. ჩვენთან ყველა ბავშვი გრძნობს, რომ პატივს სცემენ და უსმენენ. მათ აქვთ განცდა, რომ დიდები არიან, რაც ბავშვებს აბედნიერებს. ჩვენი მიზანია, რომ ბავშვები ჩამოყალიბდნენ ისეთ პიროვნებებად, რომლებიც სამომავლოდ მსოფლიოსთვის სასიკეთო საქმეებს გააკეთებენ.

გამომდინარე იქიდან, რომ საგანმანათლებლო საქმიანობას წლიდან წლამდე აფართოებთ, როგორ დაახასიათებთ განათლების სექტორს ბიზნესის კონტექსტში?

განათლების სფეროში მუშაობა, როგორც ექიმობა, უფრო მოწოდებაა, ვიდრე ბიზნესი. წელს „“ამონაშვილის აკადემია” გახდა „ მსოფლიო მშობელთა გაერთიანების” წევრი და წინა თვეში საერთაშორისო კონფერენციაზე ვიყავით ნიდერლანდებში, სადაც ზუსტად ამას ამბობდნენ ჩვენს სფეროში მომუშავე სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც. განათლება არ არის ძალიან მოგებიანი ბიზნესი, ამ სიტყვის ტრადიციული მნიშვნელობით. ეს უფრო არის კარგი საქმე, რომლის კეთებაც მოწოდებით უნდა გინდოდეს. ჩვენ, პირადად, რა თანხაც შემოგვდის, ყველაფერს უკან ბიზნესში ვაბრუნებთ და ვცდილობთ, ახალი პროგრამები დავამატოთ, ინფრასტრუქტურა  გავაუმჯობესოთ, უფრო განვვითარდეთ და წინ წავიდეთ. ამან საშუალება მოგვცა, რომ კახეთში დამატებითი ინფრასტრუქტურა განგვევითარებინა, თბილისში კი შარშან ჩვენი შენობაც შეგვეძინა და წელს ბაღი გაგვეხსნა. წიგნებიდან შემოსული თანხით ახალ წიგნებს გამოვცემთ და ა.შ. მთავარია, რომ ჩვენი ზრდის პროცესი არ ჩერდება, რაც ძალიან მახარებს.

ბატონო შალვა, ჰუმანური პედაგოგიკის იდეა 1960 წელს გჩნდა და თქვენ იყავით მისი ავტორი. მოგვიყევით, როგორ აღმოცენდა  ჰუმანური პედაგოგიკა და როგორ გავრცელდა ის მთე მსოფლიოში?

იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში ახალი პედაგოგიკის აღმოსაჩენად ფართო მოძრაობა დაიწყო. ეძებდნენ სწავლების ახალ გზებს, რათა ბავშვების მიერ ცოდნის ათვისების პროცესი გაეუმჯობესებინათ. დაიწყო კვლევები და სკოლებში ექსპერიმენტის ჩატარებაც დაუშვეს, რაც მანამდე აკრძალული იყო. მეც ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, დიმიტრი უზნაძის მოძღვრებაზე დაფუძნებით პირველი ექსპერიმენტული კლასი თბილისის 54-ე სკოლაში გავხსენი. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ექსპერიმენტი ძალიან წარმატებულია და მალე თბილისში აგვიშენეს საირმის ქუჩაზე პირველი რესპუბლიკური ექსპერიმენტული სკოლა.

ჩვენი ექსპერიმენტების საფუძველზე მრავალი ცვლილება შევიდა მაშინდელ საბჭოთა საგანმანათლებლო სისტემაში, ისეთი, როგორიცაა სკოლაში 6 წლის ბავშვების მიღება (მანამდე 7 წლამდე ბავშვის სკოლაში მიყვანა დაშვებული არ იყო), 5-დღიანი სასწავლო კვირა (მანამდე სწავლა შაბათსაც ჰქონდათ ბავშვებს) და სხვა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჰუმანური პედაგოგიკა ფართოდ გავრცელდა ჯერ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და შემდეგ უკვე მის საზღვრებს გარეთაც.

არსებობს ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრი, რომელიც უკვე დიდი ხანია, ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში ატარებს „ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო კითხვებს“ (კონფერენციას). ეს არის ღონისძიება, რომელსაც 500-700 ადამიანი ესწრება და სადაც ტარდება როგორც ლექციები, ასევე მასტერკლასები მშობლებისა და პედაგოგებისათვის. ორჯერ ეს ღონისძიება საქართველოშიც ჩატარდა. დღეს ჰუმანური პედაგოგიკა არის უდიდესი მოძრაობა, რომელიც აერთიანებს ათიათასობით პედაგოგსა და მშობელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

სულ რაღაც 5 წლის წინ ამ პედაგოგიკის შესახებ საქართველოს გარეთ უფრო მეტი იცოდნენ, ვიდრე საქართველოში – იქ, სადაც ეს პედაგოგიკა დაიბადა. მაგრამ 2018 წელს ჩემმა შვილიშვილმა – ნინო ამონაშვილმა თბილისში დააარსა „“ამონაშვილის აკადემია”, რომელიც უდიდეს საქმეს ეწევა ამ მიმართულებით საქართველოში და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.

დაბოლოს, ნინო, რა ახალი იდეები მწიფდება ამონაშვილის აკადემიაში? 

პირველ რიგში, ვგეგმავთ ახალი პროგრამების დამატებას. გვყავს ბავშვები, რომელთაც ყველა ჩვენი პროგრამა უკვე გავლილი აქვთ და ელოდებიან სიახლეს. ასევე, ამ ეტაპზე განსაკუთრებულ ყურადღებას საბავშვო ბაღს ვუთმობთ. გვინდა, რომ სისტემა კარგად დავხვეწოთ, ისეთი პროგრამა ჩამოვაყალიბოთ, რომლის ტირაჟირების საშუალებაც გვექნება. შეიძლება ფრანშიზი გავაკეთოთ და სხვა ქალაქებსა და ქვეყნებშიც გავრცელდეს ის.

ასევე, სამომავლოდ ჩემი ოცნებაა, რომ გავხსნათ სკოლა. ჰუმანურ პედაგოგიკას, რომელსაც საფუძველი შალვა ამონაშვილმა ჩაუყარა, მსოფლიოს უამრავ სკოლაში იყენებენ და გული მწყდება, რომ საქართველოში არცერთი მსგავსი სკოლა არ არის. ამიტომაც გვინდა, რომ როგორღაც სკოლის გასახსნელადაც შევაგროვოთ ფული.

გარდა ამისა, ჰუმანური პედაგოგიკა ფართოდაა გავრცელებული როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში, თუმცა ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ეს გეოგრაფიული არეალი კიდევ უფრო გაფართოვდეს და უფრო მეტ ქვეყანასა და კონტინენტზე გაიცნონ ჩვენი მიდგომები. ამიტომაც გეგმაში გვაქვს ჩვენი ცენტრის ფილიალების გახსნა როგორც საქართველოს რეგიონებში, ასევე საქართველოსა და ევროპის საზღვრებს გარეთაც. ღრმად მწამს, რომ კარგ საქმეს როდესაც აკეთებ, ამაში აუცილებლად ხელი გეწყობა. ჩვენი გეგმებიც მომავალი თაობის ბედნიერებისკენაა მიმართული, ამიტომ მჯერა, აუცილებლად ყველაფერი გამოგვივა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *