საუდის არაბეთის სიმდიდრის ფონდმა ფინანსური ანგარიშგება პირველად გამოაქვეყნა

საუდის არაბეთის სიმდიდრის ფონდმა ფინანსური ანგარიშგება პირველად გამოაქვეყნა

საუდის არაბეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდმა, რომელიც $600 მილიარდის აქტივებს ფლობს, ფინანსური ანგარიშგება პირველად გამოაქვეყნა, რითაც ფონდის მიერ გამოსაშვები ბონდებით დაინტერესებულ ინვესტორებს მისი შიდა სამზარეულოს შესწავლის საშუალება მისცა, – ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

როგორც ირკვევა, აღნიშნული ბონდების გამოშვებით სახელმწიფო ფონდს ინვესტიციის მოზიდვა სურს, რომელსაც განახლებადი ენერგიის წყაროებში და სხვა მწვანე პროექტებში დააბანდებს. მიუხედავად იმისა, რომ სამიზნე ინვესტიციის კონკრეტული მოცულობა ამ ეტაპზე უცნობია, პროექტის მასშტაბებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საუბარია მილიარდობით ამერიკული დოლარის ბონდების გამოშვებაზე. საუდის არაბეთის სუვერენული ფონდის ფინანსურ ანგარიშგებაზე სხვა ბანკებთან ერთად Citigroup-მა და JPMorgan Chase-მა იმუშავეს.

სუვერენული სიმდიდრის ფონდის ფინანსური ანგარიშგებიდან ვიგებთ, რომ მას შემდეგ, რაც 2017 წლის სექტემბერში ფონდის ხელმძღვანელად საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე, მუჰამედ ბინ სალმანი დაინიშნა, ფონდის აქტივები საშუალოდ 12%-იანი წლიური ზრდა აფიქსირებენ. საინტერესოა, რომ ამავე პერიოდში, S&P 500-ის ინდექსის მაჩვენებელმა დაახლოებით 60%-ით იმატა, ხოლო საუდის არაბეთის საფონდო ბირჟის ინდექსი, რომელზეც სუვერენული სიმდიდრის ფონდის პორტფოლიოს დიდი წილი მოდის, 52%-ით გაიზარდა. საინტერესოა, რომ მანამ, სანამ პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ფონდის ხელმძღვანელი გახდებოდა, ის ინვესტორებს საშუალოდ 3%-იან წლიურ სალდოს სთავაზობდა.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ხუთი წლის განმავლობაში საუდის არაბეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სახელმწიფო ინვესტორად იქცა, რომელმაც ფული დააბანდა, როგორც SoftBank Group-ის Vision Fund-ში, ასევე Uber-სა და ელექტრომანქანების მწარმოებელ Lucid-ში. საინტერესოა, რომ Vision Fund-ში დაბანდებული $45 მილიარდი დღემდე რჩება სუვერენული ფონდის უდიდეს ინვესტიციად, რომელმაც მის ინვესტორებს, ყოველწლიურად, საშუალოდ 8%-იან სარგებელს სთავაზობს. რაც შეეხება Lucid-ს, ამ აქტივის ღირებულებამ გასულ წელს 128%-ით იმატა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *