Adidas-მა კანიე უესტთან თანამშრომლობა შეწყვიტა

Adidas-მა კანიე უესტთან თანამშრომლობა შეწყვიტა

ანტისემიტური განცხადებების გავრცელების გამო, სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელმა ბრენდმა, Adidas-მა ამერიკელ მუსიკოსთან და დიზაინერთან, კანიე უესტთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

კანიე უესტის ქონება 2 მილიარდ დოლარს შეადგენს, თუმცა მისი სიმდიდრის ძირითადი წყარო არა მუსიკალური შემოქმედება, არამედ კომპანია Adidas-თან და GAP-თან თანამშრომლობაა დიზაინერის ამპლუაში.

უშუალოდ Adidas-თან პარტნიორობით უესტმა Yeezy-ს სპორტული ფეხსაცმლის პრემიუმ ხაზი შექმნა, რომლითაც გერმანულმა ბრენდმა კონკურენცია Nike Jordan-ს გაუწია.

Adidas-ის გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია კანიე უესტის საჯარო განცხადებებთან და პოსტებთან, რომლითაც ამერიკელმა რეპერმა შეურაცხყოფა მიაყენა ებრაელებსა და შავკანიანებს.

აღსანიშნავია, რომ უესტთან თანამშრომლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო BALENCIAGA-მაც, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალიაა.

ანტისემიტური განცხადებების გამო, კანიე უესტს Instagram-ისა და Twitter-ის ანგარიშებიც დაებლოკა, რის საპასუხოდ რეპერმა კონსერვატიული სოციალური ქსელის, Parler-ის შეძენა გადაწყვიტა.

„სამყაროში, სადაც კონსერვატიული მოსაზრებები კონტრავერსიულად მიიჩნევა, უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება და საშუალება“, – განაცხადა მუსიკოსმა.

რაც შეეხება უშუალოდ Parler-ს, ის Twitter-ის ალტერნატივაა, სადაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტებია, თუმცა ის ტექნოლოგიური გიგანტების (Google, Apple, Amazon, Meta) მხრიდან კეთილგანწყობით ვერ სარგებლობს.

უფრო მეტიც, 2020 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმის შემდეგ, Amazon-მა, Google-მა და Apple-მა, შეთანხმებით იმოქმედეს Parler-ის წინააღმდეგ. პირველ ეტაპზე Parler-ის აპლიკაცია წაშალეს Google Play-დან და Apple App Store-დან, შემდეგ კი Amazon-მა მას ვებჰოსტინგის სერვერებთან (AWS) წვდომა შეუწყვიტა.

ტექნოლოგიური გიგანტების წარმომადგენლების განმარტებით, Parler-ის პლატფორმის საშუალებით ვრცელდებოდა რადიკალთა მესიჯები, რომლებიც მომხმარებლებს ძალადობისაკენ მოუწოდებდნენ.

Parler-ისა და უესტის გარიგების ზუსტი დეტალების ამ ეტაპზე უცნობია.

საგულისხმოა, რომ თანამშრომლობის შეწყვეტასთან დაკავშირებული სიახლე Adidas-ის ინვესტორებმა ნეგატიურად მიიღეს, რადგან Nike-თან და Puma-სთან კონკურენციაში კანიე უესტ Yeezy-ს ხაზს მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებდა, რომელსაც ახლა უკვე გერმანული კომპანია დაკარგავს. ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, საფონდო ბირჟის გახსნიდან რამდენიმე საათში Adidas-ის აქციების ღირებულება 3%-ით დაეცა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *