Google-მა ისრაელის უნივერსიტეტში მაღალტექნოლოგიური სკოლა დააარსა

Google-მა ისრაელის უნივერსიტეტში მაღალტექნოლოგიური სკოლა დააარსა

Alphabet Inc-ის Google-მა ისრაელში მდებარე ურიელ რაიხმანის სახელობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მაღალტექნოლოგიური სკოლა დააარსა. დაწესებულების განცხადებით, ახალი სკოლა ისეთ სასწავლო კურსებს აერთიანებს, როგორიცაა კომპიუტერული პროგრამირება, გაყიდვები, მონაცემთა ანალიზი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ისრაელს ძლიერი მაღალტექნოლოგიური სექტორი აქვს, თუმცა გამოცდილი ტექნიკური მუშაკების მწვავე დეფიციტს განიცდის. „უმაღლესი ტექნოლოგიების სკოლა“ სუბსიდირების საშუალებით სწავლის გადასახადს შეუმცირებს სტუდენტებს სოციუმში ნაკლებად წარმოდგენილი ისეთი ჯგუფებიდან, როგორიცაა ქალები, ულტრამართლმადიდებლები, არაბები, „ეთიოპიის საზოგადოების“ წევრები და დაუცველი სოციალურ-ეკონომიკური ჯგუფების წარმომადგენლები.

„ჩვენ გვჯერა, რომ მრავალფეროვანი მოსაზრებები, იდეები და პერსპექტივები გაამდიდრებს ისრაელის მაღალტექნოლოგიურ სექტორსა და მის განვითარებას“, – განაცხადა Google Israel-ის მმართველმა დირექტორმა ბარაკ რეგევმა. კურსები უახლოეს კვირებში დაიწყება და ჩატარდება თელ-ავივში Google-ის კამპუსში და ისრაელის ქალაქ ჰერცლიაში მდებარე რაიხმანის სახელობის უნივერსიტეტში. კურსების გავლის შემდგომ სტუდენტები შესაბამის ხარისხს მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ Google-ი მონაწილეებს სტიპენდიებითაც უზრუნველყოფს.

ტექნოლოგიური სექტორი ისრაელის ეკონომიკური აქტივობის დაახლოებით 15%-ს შეადგენს, ქვეყანაში კი ყოველწლიურად ასობით ახალი სტარტაპი არსდება. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში ისრაელის ტექნოლოგიურმა ფირმებმა თითქმის $10 მილიარდის ინვესტიციის მოზიდვა შეძლეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *