ადვოკატი, რომელიც იდეას ემსახურება

ადვოკატი, რომელიც იდეას ემსახურება

გოჩა სვანიძე როგორც წოდებით, ისე მოწოდებით ადვოკატია. წოდებით იმიტომ, რომ 30 წლის განმავლობაში ბიზნესისა და კორპორაციული სამართლით დაწყებული, სამოქალაქო და სისხლის სამართალწარმოებით დასრულებული, მრავალი პროფილის საქმეში წარმოადგინა კლიენტთა ინტერესი. ხოლო მოწოდებით იმიტომ, რომ პრინციპულად არ უწოდებს თავს იურისტს, რადგან, მისი რწმენით, ადვოკატობისთვის სამართლის ცოდნა მხოლოდ აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა.

ბატონო გოჩა, თქვენ მრავალი წელია, საადვოკატო ბიუროს – „სვანიძე და პარტნიორებს“ ხელმძღვანელობთ. როდის დააფუძნეთ ის და როგორია თქვენი პროფესიული ბიოგრაფია?

ეს ჩემი მეორე და საბოლოო პროფესიაა. 1984 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტი დავამთავრე, მაგრამ ამ სფეროში ჩემი თავი ვერ დავინახე. 90-იან წლებში, როცა ყველაფერი აირია, პროფესია შევიცვალე. მაშინ ეს უფრო იოლი იყო – დავამთავრე თსუ­-ის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი, მერე კი თბილისის იურიდიული ინსტიტუტი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 1994 წელს დაარსდა და მისი ერთ­-ერთი დამფუძნებელი მეც ვარ. მაშინ დამოუკიდებელი საქართველო პირველ ნაბიჯებს დგამდა სამართლებრივი სახელმწიფოს შესაქმნელად. ჩვენც, იურისტები, და თანაც ახალგაზრდები, ძალიან ანთებულები ვიყავით. სასამართლოში ჩემი, როგორც ადვოკატის, დებიუტი 1994 წლის ბოლოს შედგა.

1996 წელს საია-ს რამდენიმე იურისტმა საადვოკატო ფირმის გაკეთება გადავწყვიტეთ. ჩვენი ფირმა იყო პირველი დამოუკიდებელი, კერძო საადვოკატო ორგანიზაციული წარმონაქმნი საქართველოში, რასაც ძალიან მალე მოჰყვა ანალოგიური კომპანიების შექმნა. საგულისხმოა, რომ ასეთი ინიციატივები ძირითადად საია-ს წევრებისგან მოდიოდა.

„სვანიძე და პარტნიორები“ კი 2003 წელს დაფუძნდა. სიამაყით ვამბობ, რომ ჩვენთან ბევრ ცნობილ ადამიანს უმუშავია.

ახლა რამდენ ადვოკატთან თანამშრომლობთ?

მიუხედავად ცნობადობისა, ჩვენს ბიუროში ბევრი ადვოკატი არ მუშაობს. ბევრი ადვოკატი, მოსალოდნელი ინტერესთა კონფლიქტის გამო, ერთმანეთს ხელს უშლის. ჩვენ ძირითადად სასამართლოში ვმუშაობთ. თუმცა გვყავს კორპორაციული კლიენტებიც, რომელთა საქმიანობის სამართლებრივ მხარეს ვმართავთ, რაც მათ უსარგებლო, გაჭიანურებული და ხარჯიანი სასამართლო დავებისგან თავის არიდებაში ეხმარებათ. ჩვენი კომპანია დიდი არ არის, მაგრამ მოიცავს სამართლის ყველა სფეროს, რითაც კლიენტებს მაქსიმალურ კომფორტს ვუქმნით.

ვინ არიან თქვენი კლიენტები, ვის ემსახურებით?

გვყავს როგორც კორპორაციული, ისე ინდივიდუალური კლიენტები. ვემსახურებით ბიზნესებს და მათ პულსზე ხელი გვიდევს – მათ აქვთ კონტრაქტები ფირმასთან და სიტუაციის მიხედვით სხვადასხვა დარგის იურისტი ემსახურებათ. ასევე, კომპანიები ან ინდივიდები ერთჯერადად მოგვმართავენ კონკრეტულ დავებზე. ვიცავთ სასამართლოში მათ ინტერესებს, ასევე ვუწევთ კონსულტაციებს დავების პრევენციის მიზნით.

რით გამოირჩევა „სვანიძე და პარტნიორები” სხვებისგან, რატომ უნდა მოგმართოთ თქვენ?

ჩვენთან ურთიერთობა იოლია მათთვის, ვინც ზუსტად და სწორად იცის, ადვოკატისგან რას უნდა ელოდოს. ვინც არ იცის ან არასწორი წარმოდგენა აქვს, მათთვის ზედმეტად სუსხიანები ვართ. საბჭოთა მემკვიდრეობამ მოიტანა ადვოკატის, როგორც კლიენტსა და სასამართლოს შორის შუამავლის ფუნქციის შემსრულებლის როლის არასწორი აღქმა და ეს ხედვა ბოლომდე დაძლეული არ არის. ადვოკატი კლიენტის სამართლებრივი მრჩეველი და წარმომადგენელია. შესაბამისად, ისინი გარკვეულწილად პარტნიორები არიან კონკრეტულ საქმეში (არ ვგულისხმობ ბიზნესპარტნიორობას). ჩვენ სამართლებრივ შეცდომას არ ვუშვებთ – კომპანიაში პირველი და აუცილებელი მოთხოვნაა, ადვოკატმა არ დაუშვას შეცდომა, რამაც შეიძლება, საქმე დააზარალოს. უკეთ და საუკეთესოდ მუშაობაში კი გვეხმარება როგორც მიმდინარე, ისე უკვე დასრულებული საქმეების ერთობლივი ანალიზი.

რას მიიჩნევთ პირადად თქვენს ყველაზე დიდ წარმატებად?

წარმატების გასაღები მუდმივ განვითარებაშია. არის კიდევ ერთი – არასდროს ვამბობ გადაჭრით უარს ერთი შეხედვით უიმედო საქმეზე. მახსენდება საქმე, რომლის მოგების შანსიც თითქოს არ არსებობდა. მის აღებაზე საერთოდ უარს ვამბობდი, მაგრამ კლიენტის დაჟინებული თხოვნის გამო დავთანხმდი. ადვოკატის რეპუტაცია ილახება, თუკი კლიენტისთვის ნათქვამი უარი არგუმენტირებული და დამაჯერებელი არაა. ტყუილიც დაუშვებელია. საქმის აღებას მას შემდეგ დავთანხმდი, რაც დეტალურად ავუხსენი წარმატების მინიმალური შესაძლებლობის შესახებ და ისიც იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე ჩვენი სიმართლის დამტკიცებაში დამეხმარებოდა, ანუ მას იძულებულს გავხდიდით, ეთქვა სიმართლე. საბედნიეროდ, არჩეულმა ტაქტიკამ გაამართლა და საქმე წარმატებით დასრულდა. ყოფილა შემთხვევა, როცა თითქმის უიმედო საქმე შემოვაბრუნე იმის წყალობით, რომ უკიდურესად მობილიზებული ვიყავი და სიტუაციის კონტროლი მოვიპოვე მცირე, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალის წყალობით. ისე, გამოგიტყდებით, ძალიან მიყვარს მორიგებით დასრულებული საქმეები. საერთოდ არ ვარ კონფლიქტური ადამიანი.

რა სირთულეები შეგხვდათ კარიერულ ცხოვრებაში და როგორ გადალახეთ ისინი?

ადვოკატობა ერთ­-ერთი ყველაზე რთული საქმიანობაა. სპეციალურად არ ვიყენებ სიტყვას იურისტი – ძალიან ბევრ იურისტს ვიცნობ, რომლებსაც პროფესიულად ჩემზე წინ დავაყენებ, მაგრამ ვერ ადვოკატობენ. ეს კიდევ სხვა პროფესიაა. ადვოკატისთვის სამართლის ცოდნა აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა. ადვოკატობას კომპლექსურად უნდა შეხედო. ის ძალიან ბევრ სფეროს მოიცავს – დიპლომატიას, ფსიქოლოგიას; საჭიროა ერუდიცია, სამსახიობო უნარები, მათ შორის კლიენტთან ურთიერთობაშიც კი და ა.შ.

ადვოკატობა ძალიან რთულია, განსაკუთრებით – საქართველოს მსგავს ქვეყანაში. მაგალითად, შეიძლება ზოგიერთმა მოსამართლემ ვერც გაიგოს, პროცესზე რაზე ლაპარაკობდი – ასეც ხდება ხოლმე, თუმცა კარგი მოსამართლეებიც არსებობენ. ამას წინათ პირველ ინსტანციაში ერთი პროცესი წავაგე. მე კლინიკას ვიცავდი, მომჩივანი პაციენტი იყო. სამჯერ წავიკითხე გადაწყვეტილება, ისე მომეწონა მოსამართლის დასაბუთება. ერთ ნაწილში არ დავეთანხმე და ამიტომ გავასაჩივრე. მაგრამ მოსამართლემ კარგად იმუშავა. თუ ის ამას წაიკითხავს და თავის თავს ამოიცნობს, მინდა, მადლობა ვუთხრა.

რა არის ის ძირითადი პრობლემები, რაც დღეს საქართველოში იურიდიული სფეროს წინაშე დგას?

ბევრი ჩემი კოლეგა, სამწუხაროდ, სისტემურ ცვლილებებზე არ საუბრობს, საუბრობენ მცირე ცვლილებებზე. როცა სახლს კედელი გადახრილი აქვს, სახურავი ჩამონგრეული და წყალი ჩამოსდის, როგორ უნდა გააუმჯობესო? – ფუნდამენტურად უნდა შეცვალო, ან უნდა დაანგრიო და ახალი ააშენო. საარჩევნო სისტემა შესაცვლელია. ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს პოლიტიკური გარიგებისა და ვაჭრობის საგანი. აქ არის ძაღლის თავი დამარხული – ის უნდა იყოს არჩეული პირდაპირი წესით, ხალხის ან პროფესიული ორგანიზაციების მიერ. უნდა არსებობდეს შესაბამისი კანონი და ცენზი, ვინ შეიძლება, კენჭი იყაროს. როცა ამას ვამბობ, მეკითხებიან, ანალოგი არსებობსო? – ფინეთს ჰქონდა მაგალითი, როცა ისეთი უნიკალური განათლების სისტემა შექმნა, როგორიც აქვს? როცა ამბობენ, რომ იუსტიციის საბჭოში უნდა ავირჩიოთ ღირსეული ადამიანი – თქვენ სხვაზე იტყვით, რომ ღირსეულია, მე – სხვაზე ვიტყვი. და როგორ გადავწყვიტოთ მერე, რომელია ღირსეული – ხელი გადავწიოთ თუ სიგრძეზე ხტომაში შევეჯიბროთ? მოსამართლეთა დანიშვნის არსებული სისტემაც არაფრად ვარგა. არსებულ სისტემაში იოლია, გაძვრეს არაკომპეტენტური და არაკეთილსინდისიერი კანდიდატი. მთავარია, პოლიტიკურად სწორად დაალაგოს. გამოსავალია სწორი საკანონმდებლო ბაზა – მერე ლოზუნგები არ დაგჭირდება. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს არჩევანზე არჩეული პირები კი არა, ჩვენ ვართ პასუხისმგებლები.

რას იტყვით სამართლებრივ გარემოზე თქვენი მუშაობის განმავლობაში – როგორი იყო 90-იანი წლების დასაწყისში და როგორ იცვლებოდა დინამიკა?

ყველაზე კარგი სამართლებრივი გარემო იყო 1998 წლიდან, პირველი სასამართლო რეფორმის შემდეგ – 2004 წლამდე. ეს დრო იყო სამოთხე ადვოკატისთვის. იცით, რა გაგებით? ურთულესი საქმეებიც კი ყოფილა, სადაც ძალიან წონიანი ადამიანებისა და თანამდებობის პირების ინტერესები იყო და ვერ გაუტანიათ თავისი, არა იმიტომ, რომ მაშინ სასამართლო დამოუკიდებელი იყო და მერე შეიზღუდა, არამედ იმიტომ, რომ ოპოზიციაც ჭრელი იყო და არც ხელისუფლება იყო ერთგვაროვანი. ქვეყანაში ძალაუფლების ბევრი სიმძიმის ცენტრი არსებობდა და ამ ფონზე, ბევრჯერ ყოფილა, როცა ერთადერთი გამოსავალი საქმის სამართლებრივად გადაწყვეტა იყო. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, ეს არის დემოკრატია. დემოკრატია უუნარობა და მარტოოდენ კეთილშობილება კი არა, პირველ რიგში, ძალაა, როცა ყველას – მოქალაქეს და ინსტიტუტს – თავისი ადგილი აქვს, კანონით დაცულია და ვერავინ ვერავის დაჩაგრავს. მცდელობას კი ყოველთვის მოჰყვება ადეკვატური პასუხი, იმიტომ რომ საზოგადოებაში ყოველთვის მოიძებნება ძალა, რომელიც მოითხოვს და მიაღწევს კანონის ჩარჩოებში დამრღვევის მოქცევას.

დღეს როგორ უმკლავდებით თქვენ და თქვენი ადვოკატები იმ სირთულეებს, რომლებიც შეიძლება შეგვხვდეს არადემოკრატიული ქვეყნის სასამართლოში?

დიდი ხანია, არ მაქვს შეხება პოლიტიკურ საქმეებთან. არასდროს არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, მაგრამ როდესაც რაგბის კავშირის პრეზიდენტი ვიყავი, არ იყო პოლიტიკური საქმეების აღება მიზანშეწონილი და ასეთ თემებზე კლიენტები არც მომმართავდნენ. ისედაც ყველა ახალი ხელისუფლება მტრად მიმიჩნევდა იმის გამო, რომ ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი რეპრესიების, რასაც წარმატებით ახორციელებდნენ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. რაგბის კავშირის პრეზიდენტის სტატუსმა არ მომცა საშუალება, იგივე გამეგრძელებინა. ამით მე რაგბის დავაზარალებდი, რისი უფლებაც არ მქონდა.

თქვით, რომ არ გაქვთ შეხება პოლიტიკურ საქმეებთან, თუმცა წარსულში გქონდათ.

არ ვარ პარტიულად ანგაჟირებული – ვერ ვხედავ საქართველოში პარტიას, რომელსაც აქვს იდეოლოგია. ის არც ენმ­-ის ხელისუფლებას ჰქონია და „ოცნებას” – საერთოდ. ვგულისხმობ სახელმწიფოს მოდელს, რომელსაც პოლიტიკოსი შემოგთავაზებს და რაც შეიძლება მოიწონო ან არ მოიწონო. 2004 წელს, როცა საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი უმრავლესობა აჟიტირებული იყო რევოლუციით, არავის უნდოდა ხელისუფლების უკანონო ქმედებების დანახვა. განა ვერ ვხედავ, რომ მათ მართლაც რევოლუციური ცვლილებები მოახდინეს, თუმცა გვერდს ვერ ავუვლით უარყოფით მხარეებს, განსაკუთრებით – ადამიანის უფლებების ნაწილში. მაშინ ძალიან ბევრი რამე იმდენად აუტანელი იყო, რომ ფიზიკურ ტკივილსაც კი ვგრძნობდი. ხელისუფლებას მთლიანად მონოპოლიზებული ჰქონდა სასამართლო და სამართალი.

და მე მომიწია ნაციონალური მოძრაობის ერთ­-ერთი მაღალჩინოსნის დაცვა მის წინააღმდეგ არსებულ ორ საქმეზე. ეს, ერთი შეხედვით, ძალიან მოულოდნელი იყო, თუმცა შინაგანად ამისთვის მზად ვიყავი.

რატომ დათანხმდით მის დაცვას?

თავიდან, როცა მისი დაცვა შემომთავაზეს, ვთქვი, რომ სამართლებრივი ფარგლებიდან არ გავიდოდი და პოლიტიკურ განცხადებებს არ გავაკეთებდი. ვიმუშავებდი მხოლოდ კანონის ფარგლებში – ვთქვი, რომ თუ ის დამნაშავეა, ფაქტებს არ გავაყალბებ და დავიცავ, როგორც დამნაშავეს. თუ არ არის დამნაშავე, დავიცავ, როგორც უდანაშაულოს და ამას ღიად ვიტყვი. როცა ადამიანს კონკრეტულ ბრალს სდებ, ის უნდა დაუმტკიცო. პროფესიულად საამაყოდ მიმაჩნია, რომ მაშინ ისეთმა ადამიანმა გამომიცხადა ნდობა, რომელმაც იცის, რომ პოლიტიკურად მათი მომხრე არასდროს ვყოფილვარ. როცა პირობები დავაყენე, მითხრეს, მასაც სწორედ ეს უნდაო. განა არ ვიცოდი, რა რისკზე მივდიოდი ამ საქმეში ჩართვით? – და 2016 წელს, რაგბის კავშირის არჩევნების დროს, ენმ­-ის მაღალჩინოსნის ადვოკატობა წამომაძახეს.

ჟურნალ „სახელების“ 2009 წლის გამოცემაში ვაბობ: „ჩვენ ვიცავთ ყველა ადამიანს, თუკი ვხედავთ, რომ ვიღაც უკანონოდ ხელყოფს მის უფლებებს – მნიშვნელობა არა აქვს მის პოლიტიკურ შეხედულებებს, ფილოსოფიურ კრედოს და ცხოვრების წესს. მეტსაც გეტყვით – როცა დღევანდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები თანამდებობაზე აღარ იქნებიან და დასჭირდებათ ადვოკატი, ჩვენ დავიცავთ მათაც, მიუხედავად იმ წყენისა და ტკივილისა, რაც ქართველ ხალხს მიაყენეს“. ასეც მოხდა. ხელახლა რომ მომიწიოს არჩევანის გაკეთებამ, იმავეს გავაკეთებდი. იცით ძირითადი მახასიათებელი, რითაც დასავლური საზოგადოება ჩვენგან განსხვავდება? – ამის პასუხი ერთ შესანიშნავ ფილმშია – „ბელინის საქმე”, სადაც ჩემთვის მთავარი გმირი ადვოკატი კი არა, მისი პედაგოგია. ვისაც არ გინახავთ, ნახეთ.

დაიცავთ თუ არა მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუ მომავალში მათ მიმართაც დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა?

ჩემთვის ინდივიდუალურია ადამიანის დაცვა – ის, პირველ რიგში, არის დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანი, მისდამი წარდგენილი კონკრეტული ბრალდებით. მაგრამ მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლის დაცვა გამიჭირდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის აბსოლუტურად უდანაშაულოა. ყველა მთავრობაში არიან კარგები და ცუდები. „ოცნებაშიც” არის რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც ჩემი ოჯახის წევრებად მივიჩნევ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად მათგან რადიკალურად განსხვავებული შეხედულება მაქვს.

ენმ­-ის დროსაც იყვნენ მერკანტილური ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას პირადი გამდიდრებისთვის იყენებდნენ და ახლაც არიან. მაშინ იყვნენ იდეის მსახური ადამიანები – ამ ხელისუფლებას კი ასეთები არ ჰყავს. ამიტომ ჩემთვის ზემოხსენებული „ნაციონალის” დაცვა უფრო იოლია, ვიდრე მათი, რომლებიც ძალაუფლების ან კეთილდღეობის მოპოვებისა თუ შენარჩუნების მიზნით ყველაფერზე ხელს მოაწერენ. ცდებოდეს ადამიანი, ოღონდ იდეა ჰქონდეს და მას ემსახურებოდეს, თუნდაც ჩემთვის მიუღებელს – მე მას პატივს ვცემ.

2000 წელს დააფუძნეთ საარბიტრაჟო პალატა და დღემდე არბიტრი ხართ. აგვიხსენით, როგორ მუშაობს ის, რას გულისხმობს არბიტრაჟის პრაქტიკა და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი არსებობა?

არბიტრაჟი ჩემს პარტნიორებთან ერთად დავაფუძნე. არბიტრაცია ხშირად ერთ­-ერთი საუკეთესო გამოსავალია სამართლებრივი ურთიერთობის დასარეგულირებლად. მაგრამ ჯერჯერობით საქართველოში ამან ფეხი ვერ მოიკიდა. არბიტრაცია საქმეს განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ მას ორივე მხარე ენდობა. არბიტრაჟს ძირითადად კომპანიები, ბიზნესი მიმართავს. ჩვენს პალატას ისტორია და ნდობის მაღალი ხარისხი აქვს, თუმცა საქმეებით დატვირთული არ არის. ამას თავისი ახსნა აქვს – ჩვენთან მოდიან მაშინ, როდესაც საკითხი მხარეთათვის რეალურად გადაუჭრელია, სადავოა. როდესაც წინასწარ იცის მოდავე მხარემ, რომ იგი არ არის მართალი, ურჩევნია, არბიტრაჟის გარეშე მოაგვაროს პრობლემა და თავისი ფინანსები დაზოგოს.

თქვენ ხართ იურიდიული ფირმების ასოციაციის გამგეობის წევრი – რა მიზნებს ემსახურება ის?

ეს ასოციაცია კომპანიებს აერთიანებს. მასში გაერთიანებულ კომპანიებსა და მათ წევრებს ფუნდამენტური სამართლებრივი რეფორმების სურვილი ამოძრავებს. ფაქტობრივად, კლუბია, სადაც ტრენინგებს ვატარებთ, ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ, ვეხმარებით ახალგაზრდა კოლეგებს, სწრაფად დაძლიონ პროფესიაში შესვლის მტკივნეული სტადია. ასევე ვიწვევთ სპეციალიტებს – ამერიკელ კოლეგასთან ერთად გავიარეთ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. მას სასაცილოდაც კი არ ეყო ჩანაწერი შეჯიბრებითობის პრინციპზე. თითქოს საწყენია, მაგრამ აბსოლუტური სიმართლეა – ჩვენს ქვეყანას ფუნდამენტური რეფორმების ეშინია. რომელ შეჯიბრებითობაზეა საუბარი, როდესაც მოსამართლე მხარეებს, მოწმეს და მოწვეულ სპეციალისტს კითხვებს მაშინ დაუსვამს, როდესაც იგი ჩათვლის საჭიროდ. ამით აზრს უკარგავს მხარის დამუშავებულ ტაქტიკას. ეს ერთი მაგალითია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი შესაცვლელია, სისხლის სამართლის კოდექსიც გადასახედია. კრიტიკას ვერ უძლებს 1964 წლის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და ა.შ.

რას ურჩევდით დამწყებ ადვოკატებს, რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება?

ახალგაზრდა ადვოკატებმა თავიანთი თავი უნდა იპოვონ, თავიანთი ხელწერა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ერთ­-ერთ უნივერსიტეტში მაგისტრატურის სტუდენტებს ორი წლის განმავლობაში დაცვის ხელოვნებას ვასწავლიდი. არის ქრესტომათიული საკითხები – ყველა საქმე იწყება ფორმალური მხარით, ეს ყველაზე მთავარია. თუ ფორმალურად ვერ გამართე, შინაარსში რაც არ უნდა გააკეთო, მაინც თავდაყირა დადგება ყველაფერი. კარგად უნდა გაწერო, სათანადო მოსარჩელე ვინ არის, სათანადო მოპასუხე ვინ არის, რა არის დავის საგანი. თუ კონტრაქტის შედგენისას საგანი და რამდენიმე საკვანძო საკითხი სწორად დაწერე, დანარჩენი დოკუმენტი თავისით იბადება. კონკრეტულ საკითხზე მუშაობისას, სტუდენტებს ვუხსნიდი და ვეუბნებოდი, რომ ეს ჩემი ხელწერაა, შენ – შენი იპოვე. თუ გინდა, ჩემი გადაიღე, ოღონდ შენი უნდა გახდეს, თავი უნდა იპოვო. როგორც კი შენ ვიღაცისგან თავსმოხვეულ წესებს ემორჩილები ისე, რომ ვერ ხვდები, რატომ, ტყუილად ხარ პროფესიაში. მნიშვნელოვანია, არ დაკარგო ფოკუსი, ღერძი, რომელიც ყველა საქმეს აქვს. სტრატეგიისა და ტაქტიკის განსხვავება უნდა შეძლო. კითხვები რა და როგორ, ერთმანეთში არ უნდა აგერიოს.

ფოტო: ნიკა ფანიაშვილი / Forbes Georgia

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *