მედიცინიდან - განათლებაში

მედიცინიდან - განათლებაში

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) მალე 10 წლის გახდება. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც 2000-მდე სტუდენტს აერთიანებს, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხარისხით და სწავლების ევროპული სტანდარტებით გამოირჩევა. უნივერსიტეტს მეორე წელია, პროფესიით ექიმი, განათლების მეცნიერებების დოქტორი, პროფესორი ᲙᲐᲮᲐᲑᲔᲠ ᲚᲐᲖᲐᲠᲐᲨᲕᲘᲚᲘ ხელმძღვანელობს, რომელმაც ბრიტანული გამოცდილების საქართველოში დანერგვა გადაწყვიტა. იგი EEU-სთან დაკავშირებულ ამბიციურ მიზნებსა და შედეგებზე გვესაუბრა.

თქვენ 2000-იანი წლებიდან ბრიტანეთში სამედიცინო სფეროში მუშაობდით. შემდეგ კი განათლების სექტორში აღმოჩნდით. რა გახდა მედიცინიდან განათლებაში თქვენი გადასვლის მიზეზი?

2009 წელს არდენის უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვა შემომთავაზეს. მეც დავთანხმდი. ეს სფერო ყოველთვის მიზიდავდა. თავდაპირველად კვირაში ერთ ლექციას ვკითხულობდი, 2010 წლიდან კი გადავწყვიტე, ჩემი საქმინობა სრულიად განათლების სფეროსთან დამეკავშირებინა. არდენის უნივერსიტეტში ვიმუშავე მანამ, სანამ წელიწად-ნახევრის წინ საქართველოში დავბრუნდებოდი. პარალელურად ვმუშაობდი და დღემდე ვმუშაობ გრინვიჩის უნივერსიტეტში MBA-ის ხარისხის მართვის ოფიცრად. ამავდროულად გახლავართ ლონდონის UCL-ის მეცნიერ-თანამშრომელი, რომელიც ევროპის სამ საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა. გარდა ამისა, ჩემი აკადემიური საქმიანობა უკავშირდება Anglia Ruskin-ის უნივერსიტეტსაც, სადაც სადოქტორო სამეცნიერო კვლევის ხელმძღვანელი ვარ. ასე რომ, შეიძლება ითქვას, უკვე 13 წელია, სრულად განათლების სექტორში ვარ. რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს, ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ხუთი წელია ვთანამშრომლობ. თავდაპირველად ვკითხულობდი ლექციებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით, 2021 წელს კი მისი რექტორობა შემომთავაზეს, რის შემდეგაც მივიღე გადაწყვეტილება, ლონდონში 20-წლიანი ცხოვრების შემდეგ, საქართველოში საცხოვრებლად დავბრუნებულიყავი.

არ გაგიჭირდათ ამ გადაწყვეტილების მიღება? რა პერსპექტივა დაინახეთ საქართველოში?

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან ხუთწლიანმა თანამშრომლობამ დამანახა, რომ ეს იყო უნივერსიტეტი, რომელიც მუდმივ პროგრესს განიცდიდა და უდიდესი პოტენციალი ჰქონდა, გამხდარიყო ერთ­­­-ერთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში. უნივერსიტეტის გუნდიც იმდენად მომხიბვლელი და შეკრული იყო, რომ მივხვდი, ეს გახდებოდა ადგილი, სადაც უდიდესი სიამოვნებით ვიმუშავებდი. ამიტომაც გადავდგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და საქართველოში დავბრუნდი. ამ შემოდგომას უნივერსიტეტის 10 წლის იუბილეს ვიზეიმებთ. პროგრესის ის ნიშნები, რომლებიც ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ დავინახე. ეს სასწავლებელი ყოველწლიურად უფრო და უფრო მაღალ საფეხურზე ახერხებს ასვლას.

თქვენი რექტორობის პერიოდში რა შედეგებს მიაღწია უნივერსიტეტმა?

უპირველეს ყოვლისა, იმას, რომ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი პირველი კერძო უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში, რომელიც ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის წევრი გახდა, ამასთან, გასულ წელს ბრიტანეთის უმაღლესი განათლების აკადემიის წევრიც გავხდით. ერთადერთი უნივერსიტეტი ვართ საქართველოში, რომელიც ამ გაერთიანების წევრია.

რას ნიშნავს ამ ორი გაერთიანების წევრობა თქვენი სტუდენტებისთვის? რა სარგებელი მოაქვს მას?

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის წევრობა ჩვენს დაწესებულებას საშუალებას აძლევს მჭიდრო კონტაქტი დაამყაროს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს გერმანიის ფრესენიუსის უნივერსიტეტთან ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა აქვს ციფრული მენეჯმენტის მიმართულებით. ასევე გაცვლითი პროგრამა გვაქვს ვარშავის უნივერსიტეტთან. ჩვენს სტუდენტებს შეუძლიათ, პოლონეთში გაემგზავრონ და ერთი სემესტრი იქ ისწავლონ. გარდა ამისა, მჭიდრო კავშირები გვაქვს ნიქოზიის უნივერსიტეტთანაც. ამ ასოციაციის წევრობამ ევროპულ წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა, აკადემიურის გარდა, სამეცნიერო მიმართულებითაც მოგვცა. მაგალითად, ახლახან სორბონის უნივერსიტეტთან ერთად გამოვეცით წიგნი, რომელშიც ერთი თავი საქართველოს ეძღვნება. წიგნის თემაა ეკონომიკური მდგომარეობა პოსტკოვიდურ საქართველოში, რომელზეც ჩვენ, უნივერსიტეტის გუნდმა, ერთად ვიმუშავეთ. წიგნის წარდგენას სორბონის უნივერსიტეტში სხვა ევროპული უნივერსიტეტების პროფესორებიც ესწრებოდნენ, სადაც მათ საქართველოს შესახებაც მიიღეს ინფორმაცია.

ამასთან, ჩვენ ხშირად ვმასპინძლობთ სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორებს, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან, ატარებენ ტრენინგებს, ლექციებს, ვორკშოპებს და მეტიც, ზოგიერთთან გრძელვადიანადაც ვთანამშრომლობთ – მაგალითად, ბრიტანელი პროფესორი პოლ გიბსი უკვე ორი წელია, ჩვენი განათლების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელია.

რაც შეეხება ბრიტანეთის უმაღლეს აკადემიას, მე თავად ვარ ამ აკადემიის წევრი უკვე ცხრა წელია, ამიტომ, როცა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი გავხდი, მიზნად დავისახე ამ აკადემიის წევრი ჩვენი სასწავლებელიც გამხდარიყო. ამ აკადემიის წევრობასაც ბევრი ბენეფიტი აქვს. მაგალითად, მალე იგეგმება ერთერთი პროექტი ჩვენი აკადემიური პერსონალისთვის, რომელიც ითვალისწინებს ტრენინგს „სწავლა სწავლებისთვის“. ტრენინგის შემდეგ ჩვენს პროფესორებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, ამ აკადემიის ინდივიდუალური წევრის სტატუსი მოიპოვონ. ეს კი ნიშნავს, რომ მათ ლექციების წაკითხვა მსოფლიოს ნებისმიერ უნივერსიტეტში შეეძლებათ. გარდა ამისა, ამ აკადემიის წევრობით, ჩვენ, როგორც უნივერსიტეტს, გვეყოლება მენტორი უნივერსიტეტი, რომელიც ჩვენს ძლიერ და სუსტ მხარეებს შეაფასებს, და უნივერსიტეტს სუსტი მხარეების დაძლევაში დაეხმარება. ასევე იგეგმება ერთობლივი სამეცნიერო პროექტები და ა.შ.

ახლახან დასრულდა აბიტურიენტთა რეგისტრაცია უმაღლეს სასწავლებლებში. თქვენს უნივერსიტეტში ჩაბარების რამდენი მსურველი ფიქსირდება და რომელ ფაკულტეტებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?

ჩვენი უნივერსიტეტის ქართულენოვან სექტორზე წამყვანი პროგრამები არქიტექტურა და ფსიქოლოგიაა. არქიტექტურას უძღვება მერაბ ბოლქვაძე, ფსიქოლოგიის პროგრამას კი ზურაბ მხეიძე ხელმძღვანელობს. ამას მოჰყვება სამართლისა და სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და ინჟინერიის და განათლების მეცნიერების ფაკულტეტები. ზოგად მოთხოვნას რაც შეეხება, გასულ წელს, 2021-2022 სასწავლო წელთან შედარებით, მიღებული სტუდენტების რაოდენობა გაორმაგდა. უცხოელი სტუდენტების შემთხვევაშიც მოთხოვნა მზარდია. ჩვენ მათ ბიზნესისა და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტს ვთავაზობთ, რომელშიც მედიცინის პროგრამა შედის. მედიცინის პროგრამა ამჟამად მხოლოდ ინგლისურენოვანია. თუმცა უკვე დაწყებული გვაქვს მუშობა ამ პროგრამის საერთაშორისო აკრედიტაციის მიღებაზე. ამჟამად დაახლოებით 700 უცხოელი სტუდენტი გვყავს. საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების შემდეგ კი ვაპირებთ, რომ პროგრამა ქართულ ენაზეც შევთავაზოთ მსურველებს.

თქვენ მიერ ჩამოთვლილი პროგრამები თითქმის ყველა მსხვილ კერძო თუ სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს საქართველოში. რის მიხედვით შეარჩიეთ ეს მიმართულებები და რამდენად პასუხობს ეს შრომით ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს?

ნებისმიერი პროგრამის დანერგვამდე საბაზრო კვლევას ვატარებთ. რამდენად მოთხოვნადია პროგრამა? – ამ კითხვას ვსვამთ და მიღებული კვლევის შედეგების საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას. უფრო მეტიც, ჩვენ გვყავს 300მდე პარტნიორი საჯარო და კერძო ორგანიზაცია, რომლებთანაც გაფორმებული გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, აღნიშნულ დაწესებულებებში საკუთარი პროფილით გაიარონ სტაჟირება, დასაქმდნენ და დაიწყონ წარმატებული კარიერა.

როგორია კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი?

საკმაოდ მაღალი. ჩვენი გამოკითხვების მიხედვით, ეს მაჩვენებელი 70.5%-ს აღწევს, ხოლო მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისად დასაქმებულთა რაოდენობა 49%-ს შეადგენს. თუმცა, გარდა ამისა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარჩინებული კურსდამთავრებულები ჩვენივე უნივერსიტეტში დავასაქმოთ. სტუდენტებს ხშირად ეძლევათ საშუალება, რომ ჩვენთან გაიარონ სტაჟირება, განსაკუთრებით – განათლების პროგრამის სტუდენტებს. ეს ჩვენი ორგანიზაციის კულტურადაც კი იქცა.

სამედიცინო პროგრამაზე მინდა, უფრო დეტალურად გკითხოთ. მედიცინის სწავლების კუთხით საქართველოში კონკურენცია საკმაოდ მაღალია. რით გამოირჩევა თქვენი უნივერსიტეტი?

გეთანხმებით, კონკურენცია საკმაოდ დიდია. ჩვენი პროგრამა სწავლების ხარისხით გამოირჩევა. კლინიკებთან მჭიდრო კავშირების საფუძველზე, სტუდენტებს აქვთ საშუალება, კლინიკური პრაქტიკა გაიარონ. ჩვენი ბევრი სტუდენტი სხვადასხვა კლინიკაში როგორც სანიტრად, ასევე ექთნის თანაშემწედ უკვე მუშაობს. ასევე გამოირჩევა ჩვენი ინფრასტრუქტურა. გვაქვს ევროპული სტანდარტებით მოწყობილი ოსკის (OSCE) სადგურები – კლინიკური საგამოცდო სივრცე, სადაც სტუდენტები კლინიკური საგნების გამოცდებს აბარებენ. ოსკის სადგურები უახლესი აპარატურით არის დაკომპლექტებული. მათ შორის გვაქვს მაღალტექნოლოგიური ანატომიური მაგიდა და მანეკენი პაციენტი სახელად ლეონარდო, რომელიც ძალიან ჰგავს რეალურ პაციენტს.

გარდა ამისა, ჩვენი აკადემიური პერსონალი მუდმივად გადის ტრენინგებს, მაგალითად, აპრილში გვეწვია თურქეთის ერთ­-ერთი კლინიკის პროფესორი. ასევე სულ ახლახან ვუმასპინძლეთ ამერიკელ პროფესორს, რომელმაც პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების ტრენინგი ჩაგვიტარა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი სტუდენტები პროფესორებთან ერთად ეწევიან სამეცნიერო საქმიანობას, მათ აქვთ შესაძლებლობა, ჩაატარონ კვლევები და ა.შ.

საინტერესოა სტუდენტთა სამოტივაციო სქემაც. რა ნაბიჯებს დგამთ იმისთვის, რომ გაზარდოთ მათი მოტივაცია, იყვნენ უფრო მეტად ჩართულები სასწავლო პროცესში?

ჩვენ გვაქვს შიდასაუნივერსიტეტო გრანტები, სტუდენტებს ვაძლევთ შესაძლებლობას, წარმოადგინონ თავიანთი პროექტები, რომლებსაც ვაფინანსებთ, რის შედეგადაც ისინი აღნიშნულ პროექტებს ახორციელებენ. შერჩევა არის გამჭვირვალე. სტუდენტები უნივერსიტეტის კონფერენციაზე პროექტებს საჯაროდ წარადგენენ, იქვე ხდება განხილვა, უკუკავშირის მიცემაც და გამარჯვებულების გამოვლენაც. წელს, მაგალითად, ერთ­-ერთი გამარჯვებული პროექტია არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტების ნამუშევარი. მათ სურთ, ქართლის ერთ­-ერთ სოფელში დანგრეული ციხის პირვანდელი სახე აღადგინონ.

გარდა გრანტებისა, წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიებიც გვაქვს, რის მოსაპოვებლადაც მათ გარკვეული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ, იყვნენ აქტიურები, ჩართულები პროექტებში და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში სტიპენდიატების რაოდენობა გაიზარდა, რაც ძალიან მახარებს.

თქვენი აზრით, რა სჭირდება უმაღლესი განათლების სექტორს სახელმწიფოსგან?

დღეს საქართველოს განათლების სისტემა გაცილებით უფრო განვითარებულია, ვიდრე, მაგალითად, 10-12 წლის წინ, როდესაც მე ჩავერთე საგანმანათლებლო საქმიანობაში. უკვე წელიწად­-­ნახევარია, მჭიდრო კომუნიკაცია მაქვს განათლების სამინისტროსთან, ხარისხის მართვის სამსახურთან და სხვა ორგანიზაციებთან, და ვხედავ, რომ პროფესიონალები განათლების მიმართულებით სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის აქტიურად მუშაობენ. თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. აუცილებელია, კიდევ უფრო გადაიხედოს სწავლების ხარისხის გაუმჯობესების საკითხი და აქტიურად მოხდეს სასწავლებლებში ახალი, „სწავლა სწავლების“ სტრატეგიების დანერგვა და შემდგომ უკვე კონტროლი. ამ პროცესში მხოლოდ სახელმწიფო ვერაფერს გახდება, თუ თავად სასწავლებლების მხარდაჭერა არ ექნება. ამიტომაც არის ბრიტანეთის აკადემიის წევრობა ასეთი მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რადგან სწორედ მათი დახმარებით ვაუმჯობესებთ ხარისხს.

რა წვლილის შეტანა შეუძლია განათლების სექტორს ქვეყნის ეკონომიკაში?

ვფიქრობ, რომ განათლების სფეროს განვითარებისთვის გადადგმული თითოეული ნაბიჯი სახელმწიფოს წინსვლის ძირითადი საფუძველია, რაც ქვეყანას მნიშვნელოვანი ეკონომიკური დოვლათის შექმნაში დაეხმარება.

ეს გრძელვადიან პერსპექტივაში…

დიახ, თუმცა ევროპის ქვეყნებში არის უკვე ტენდენცია, რომ განათლებული სტუდენტები უფრო მარტივად პოულობენ სამსახურს და მათზე მოთხოვნა შრომით ბაზარზეც იზრდება.

საქართველოში უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა უკვე 25,000-ს აჭარბებს. ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე მზარდია, განსაკუთრებით – სამედიცინო პროგრამებზე. რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანამ ეს ნიში რეგიონში მყარად შეინარჩუნოს?

დიახ, საქართველო არის ერთ­-ერთი მოწინავე ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია სამედიცინო განათლების მიმართულებით. უცხოელებს იზიდავთ სამი რამ: ხარისხი, ფასი და უსაფრთხოება. ცოტა ხნის წინ ვიმყოფებოდი ინდოეთში სამედიცინო განათლების გამოფენაზე, სადაც სტუდენტების მშობლებს შევხვდი. ისინი აღნიშნავდნენ, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა, სადაც მათი შვილი თავს შედარებით უსაფრთხოდ იგრძნობს. ეს მნიშვნელოვანია. ამ ნიშის შენარჩუნებისთვის კი საჭიროა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს არ ვუღალატოთ.

განათლების სექტორში, ისევე როგორც სხვა სექტორებში, მოთხოვნები სწრაფად იცვლება. ეს, ერთი მხრივ, ალბათ ტექნოლოგიების სწრაფმა პროგრესმა განაპირობა. რა ტენდენციებს ამჩნევთ თქვენ და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი როგორ მიჰყვება მათ?

მოგეხსენებათ, პანდემიამ ცხოვრების სტილი მთლიანად შეცვალა და, ბუნებრივია, განათლების სექტორზეც დიდი გავლენა მოახდინა. სწავლების ონლაინპლატფორმებმა მოგვცა საშუალება, ცვლილებები მოგვეხდინა სასწავლო პროცესში. უნივერსიტეტში გვაქვს თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიებით აღჭურვილი აუდიტორიები, სადაც სტუდენტები შუალედური და ფინალური გამოცდების 70%-ს სრულიად ციფრულ ფორმატში აბარებენ. ამ პროცესს ვაგრძელებთ და გამოცდების სრულად გაციფრულებას ვგეგმავთ. ასევე, გვაქვს ელექტრონული პლატფორმები, რომლებიც გვეხმარება შევამციროთ დახარჯული რესურსი და ფეხი ავუწყოთ თანამედროვე გამოწვევებს.

გარდა ამისა, მაგალითად, სექტემბრიდან მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიის კორპუსი გვექნება, სადაც არქიტექტურისა და მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის ლაბორატორიები განთავსდება. შედეგად, აქ სამედიცინო კლინიკურ კვლევებს ჩაეყრება საფუძველი. ეს არის განათლების მომავალიც.

თქვენ, როგორც რექტორს, რა მიზანი გაქვთ? სად გინდათ, იდგეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ხუთ წელიწადში?

ხუთ წელიწადში მინდა, რომ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი წამყვანი კერძო უნივერსიტეტების პირველ სამეულში ვიხილოთ როგორც აკადემიური, ასევე სამეცნიერო მიმართულებით. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ამის ფიქრის საშუალებას უნივერსიტეტის პოტენციალი ნამდვილად მაძლევს.

 

ფოტო: ნიკა ფანიაშვილი / Forbes Georgia

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *