AI-ბუმის გამარჯვებულები: რომელი კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა ყველაზე მეტად 2021–2025 წლებში?

AI-ბუმის გამარჯვებულები: რომელი კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა ყველაზე მეტად 2021–2025 წლებში?

ფოტო:  Getty Images

ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა განვითარებამ გლობალური ტექნოლოგიური ბაზარი მკვეთრად შეცვალა და ეს ყველაზე ნათლად საჯაროდ განთავსებული კომპანიების აქციების დინამიკაში ჩანს. BestBrokers-ის ანალიზის მიხედვით, გთავაზობთ იმ კომპანიების ჩამონათვალს, რომელთა აქციების ფასი 2022-2025 წლებში ყველაზე მეტად გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში, AI-ბუმის წყალობით, ყველაზე შთამბეჭდავი შედეგი Palantir Technologies-მა აჩვენა. კერძოდ, კომპანიის აქციების ფასი ოთხ წელიწადში 876%-ით გაიზარდა, $18.21-დან $177.75-მდე. თუ ადრე Palantir-ი უფრო ნიშურ ანალიტიკურ კომპანიად აღიქმებოდა, დღეს ის უკვე კრიტიკულ, AI-ინფრასტრუქტურის მიმწოდებლად პოზიციონირდება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორისათვის.

მეორე გამორჩეული შედეგი Vertiv Holdings-მა აჩვენა, რომლის აქციების ღირებულებაც ამავე პერიოდში 549%-ით გაიზარდა. კომპანიამ, რომელიც მონაცემთა ცენტრებისთვის გაგრილებისა და ენერგომომარაგების სისტემებს აწარმოებს, ზრდით გადააჭარბა ისეთ ტექნოლოგიურ გიგანტებს, როგორიცაა Nvidia (+534%) და Broadcom (+420%). ეს ტენდენცია აჩვენებს, რომ AI-ეკოსისტემაში კრიტიკული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ჩიპებს, არამედ ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მონაცემთა ცენტრების გადახურება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა.

2022-2025 წლებში მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებშიც, მათ შორისა: SK Hynix-ი (+397%), Arista Networks-ი (+265%), Micron Technology (+247%) და CrowdStrike-ი (+129%). ასევე მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა Dell Technologies-მა (+124%) და Alphabet-მა (+116%).

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული CoreWeave-ზე. Nvidia-ს მიერ მხარდაჭერილი GPU-ქლაუდ ოპერატორის აქციების ღირებულება 2025 წელს IPO-ს შემდეგ 93%-ით გაიზარდა, ხოლო კომპანიის შემოსავალი 2022 წლის $15 მილიონიდან 2025 წელს $5 მილიარდს აჭარბებს.

თუმცა, AI-ბუმი ყველა კომპანიისთვის ერთნაირად წარმატებული არ აღმოჩნდა. საანგარიშო პერიოდში Intel-ის აქციების ფასი 28%-ით შემცირდა, ხოლო მონაცემთა ცენტრების ოპერატორებმა, Equinix-მა (-9%) და Digital Realty-მ (-13%), ასევე უარყოფითი დინამიკა აჩვენეს.

AI-ინდუსტრიის ტოპ-10 კომპანია აქციების ფასის ზრდის მიხედვით (2021-2025 წლები): 

  1. Palantir Technologies+876% ($18.21 → $177.75)
  2. Vertiv Holdings+549% ($24.97 → $162.01)
  3. Nvidia+534% ($29.41 → $186.5)
  4. Broadcom+420% ($66.54 → $346.1)
  5. SK Hynix+397% ($86.85 → $431.6)
  6. Arista Networks+265% ($35.94 → $131.03)
  7. Micron Technology+247% ($82.27 → $285.41)
  8. CrowdStrike+129% ($204.75 → $468.76)
  9. Dell Technologies+124% ($56.17 → $125.88)
  10. Alphabet+116% ($144.85 → $313)