FT: ბეზოსის AI-სტარტაპის, Project Prometheus-ის შეფასება $38 მილიარდს უახლოვდება

FT: ბეზოსის AI-სტარტაპის, Project Prometheus-ის შეფასება $38 მილიარდს უახლოვდება

ფოტო: AFP

 

Financial Times-ის ინფორმაციით, მილიარდერ ჯეფ ბეზოსის AI-პროექტის დაფინანსების რაუნდი დასასრულს უახლოვდება. ინვესტორებისგან მიღებული $10 მილიარდი მისი AI-სტარტაპის შეფასებას $38 მილიარდამდე გაზრდის. ბეზოსის გასაიდუმლოებული პროექტი, რომელიც Project Prometheus-ის სახელითაა ცნობილი, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მრეწველობის ინდუსტრიის გაუმჯობესებაზეა ფოკუსირებული.

ეს შეთანხმება პროექტს მსოფლიოში საწყის ეტაპზე მყოფ ყველაზე ძვირად ღირებულ სტარტაპად აქცევს. თავდაპირველად, ნოემბერში, Project Prometheus-მა ინვესტორებისგან $6.2 მილიარდის მოზიდვა შეძლო, თუმცა მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დაფინანსების რაუნდი $10 მილიარდამდე გაიზარდა.

გამოცემა Financial Times-ის ცნობით, ბეზოსის AI-პროექტის ახალი რაუნდის ინვესტორებს შორის არიან JPMorgan-ი და BlackRock-ი. ბეზოსი, რომელიც Project Prometheus-ის ერთ-ერთი პირველი ინვესტორია, ახალ სტარტაპში თანააღმასრულებელი დირექტორის როლს შეითავსებს. ეს იქნება პირველი მსგავსი პოზიცია მას შემდეგ, რაც მილიარდერი 2021 წელს Amazon-ის CEO-ს პოსტიდან გადადგა. მასთან ერთად, Project Prometheus-ის თანააღმასრულებელი დირექტორის პოსტს Google Life Sciences-ის თანადამფუძნებელი, ვიკრამ ბაჯაჯი დაიკავებს.

დამატებით, ჯეფ ბეზოსი მილიარდობით დოლარის დაფინანსების მოზიდვას გეგმავდა თავისი ახალი ფონდისთვის, რომლის მიზანიც ხელოვნური ინტელექტით დაზარალებული საწარმოო კომპანიების შეძენაა. თუმცა FT-ის ცნობით, დაფინანსების ახალი რაუნდი ამ ფონდისგან განცალკევებულია და ის უშუალოდ ლაბორატორიას მოხმარდება, რომელშიც მეცნიერები და ინჟინრები ხელოვნური ინტელექტის მიმართულების განვითარებაზე იმუშავებენ.

ცნობისთვის, ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ბეზოსი $257.5 მილიარდის ქონებას ფლობს, რაც მას მსოფლიოში მესამე უმდიდრეს ადამიანად აქცევს. ბეზოსის სიმდიდრის უმეტესი ნაწილი Amazon-ში მის 8%-იან წილზე მოდის.