აი, რატომ გჭირდებათ ციფრული დეტოქსი

აი, რატომ გჭირდებათ ციფრული დეტოქსი

ჩვენ დღეში 80-ჯერ ვეხებით ჩვენს ტელეფონს. ეს მართლაც რომ შემზარავი ციფრია და სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა იმას, რომ საკუთარი მოწყობილობების მონები გავხდით. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ვერც კი ვაცნობიერებთ, თუ რამხელა ზიანს აყენებს ეს ყველაფერი ჩვენს ორგანიზმს. შესაძლოა, თქვენ უკვე ფიქრობთ იმაზე, თუ როგორ მოუღოთ ბოლო ამ პასიურ მონობას. შეგიძლიათ, აკრძალოთ მობილურის ჩართვა ღამით, ან სულაც ნუ შეიტანთ მობილურს საძინებელში (უბრალოდ, იყიდეთ მაღვიძარა!). თუკი ღამე მეგობრებთან ერთად რჩებით, მხოლოდ ერთი ტელეფონი დაიტოვეთ (ერთი სელფიც საკმარისია) ან უქმეებზე საერთოდ გამორთეთ ტელეფონი. სტატიის დასაწყისში ჩამოთვლილი მავნე ჩვევებისაგან გასათავისუფლებლად თქვენ შესაძლოა, ბიძგი გჭირდებათ. თავად ნახეთ, რა დადებითი შედეგი მოაქვს „ტელეფონდამოკიდებულებისაგან” გათავისუფლებას:

უკეთესი იდეები

როდესაც ჩაფიქრების დრო გექნებათ, გააკეთეთ პაუზა, დააკვირდით თქვენ გარშემო სხვადასხვა საგნებსა და მოვლენებს. ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენების აღქმა და გააზრება იდეების გენერირებაში გვეხმარება. ნებისმიერ იდეას გარე სამყაროდან აღქმული საგნები და მოვლენები უდევს საფუძვლად, ხოლო როდესაც გონებას მუდმივად უმნიშვნელო, აზრს მოკლებული ინფორმაციით ვავსებთ, ჩვენ მთავარის შემჩნევის უნარს ვკარგავთ და, შესაბამისად, ხელიდან ვუშვებთ იმ ნაპერწკალს, რომელიც ამ იდეების გაჩენას უწყობს ხელს. როდესაც ტელეფონი გამორთული გაქვთ, თქვენი მხედველობა იღვიძებს და გარშემო რაღაცებს ამჩნევთ, ესაუბრებით ხალხს, ყურს უგდებთ თქვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს და იღებთ ინფორმაციას ხუთივე გრძნობის მეშვეობით. ამგვარად, თქვენი კრეატიული უნარი იღვიძებს. როგორც ალფრედ ჰიჩკოკი იტყოდა „იდეები ყველაფრიდან ჩნდება”. მაგრამ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი შეამჩნიოთ, თქვენც იქ უნდა იყოთ.

ამაღლებული აზროვნება

როგორც კი ტვინს ისეთი უმნიშვნელო ინფორმაციისაგან გაათავისუფლებთ, როგორიცაა, თუ ვინ რა მიირთვა ლანჩზე, თქვენი გონება უფრო მკაფიოდ შეძლებს გარჩევას, რა არის მართლაც მნიშვნელოვანი და გადაუდებელი. ხშირად ჩვენი ტელეფონი არ გვაძლევს ამგვარი გარჩევის საშუალებას და შუა თათბირის დროს ტელეფონის მიერ გამოცემული სიგნალი იპყრობს ჩვენს ყურადღებას, როცა ის, რაც რეალურად მნიშვნელოვანია, ჩვენთვალწინ ხდება და არა ტელეფონში. თუკი თქვენს მოწყობილობებს რეგულარულად მოსწყდებით, მიიღებთ სამსახურისაგან თავისუფალ ცოტაოდენ სივრცეს, რომელიც ასე გესაჭიროებათ და უფრო მკაფიოდ დაინახავთ, თუ რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება და პირიქით, რაზე არ ღირს ფოკუსირება. წარმატებულ ლიდერთა უმეტესობა თავიანთ წარმატებას ყურადღების კონცენტრირების უნარით ხსნის – ჩვენი ტელეფონები კი რაიმეზე ფოკუსირების საშუალებას თითქმის შეუძლებელს ხდის.

უკეთესი საქმიანი ურთიერთობები

თუ ადამიანთანპირისპირ (ტელეფონის გარეშე) შეხვედრას გადაწყვეტთ და შეგნებულად შეამცირებთ ელექტრონულ მიმოწერას, ამით თქვენ უფრო სწრაფად წაიწევთ წინ. ერთი შეხვედრა პირისპირ გაცილებით უფრო ნაყოფიერია, ვიდრე 100 ბუნდოვანი ელექტრონული წერილი. პირისპირ შეხვედრა ხელს უწყობს ნდობის ჩამოყალიბებას, აუმჯობესებს გამჭირვალობას და ადრეულ ფაზაში ავლენს ნებისმიერ გაუგებრობას, რაც შემდგომ შესაძლოა, პრობლემაში გადაიზარდოს. საქმიანი ურთიერთობებისადმი ამგვარი მიდგომისას ელექტრონული მიმოწერა თქვენი დამხმარე საშუალებაა და არა პირიქით.

ჯანმრთელობის გაუმჯობესებული მდგომარეობა

ადამიანებთან უშუალო ურთიერთობის დროს ტვინში დოპამინის ჰორმონის გამოყოფაძლიერდება. სოციალური ჯანმრთელობისა და ურთიერთობების კუთხით ახლახან ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებთან ურთიერთობების დეფიციტი უფრო საზიანოა ჯანმრთელობისათვის, ვიდრე მოწევა, ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა. გარდა ამისა, ადამიანებთან ურთიერთობისას ჩვენ არა მხოლოდ უკეთესად ვგრძნობთ თავს, არამედ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაც უმჯობესდება, კერძოდ: ძლიერდება ჩვენი იმუნური სისტემა, ცხრება ანთებითი პროცესები ორგანიზმში, სუსტდება სტრესის გამომწვევი ჰორმონები, შფოთვა და დეპრესია. ამავე კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს შორის სოციალური კავშირი ცხოვრებას ახანგრძლივებს. ყველა ჩვენგანისათვის კარგად ნაცნობია ის შეგრძნება, როდესაც ვინმესთან ერთად ხარ და ის ადამიანი მუდმივად თავის ტელეფონს ამოწმებს და ყოველ შემოსულ შეტყობინებაზე რეაგირებს. ასეთი ქცევა მაშინვე ხასიათს გვიფუჭებს და პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ რაც ამ ტელეფონში ხდება, ჩვენზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. გვერდზე გადადეთ თქვენი ტელეფონი საკუთარი თავის, ჯანმრთელობისა და მეგობრების კეთილდღეობისათვის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *