კორნელის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანი საშუალოდ 35,000 გადაწყვეტილებას იღებს დღის განმავლობაში. თუმცა გადაწყვეტილებები და მათი მნიშვნელობა ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება. ზოგიერთი სრულიად უმნიშვნელოდაც შეიძლება ჩაითვალოს, ზოგიერთი კი – ტრანსფორმაციულად.
დღეს საქართველოს ბანკის „Miami Ad School”- ის პროგრამის სტიპენდიანტ, ხატია არველაძეზე მოგიყვებით და მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებაზე, რომლის წყალობითაც დღეს ის ბერლინში, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სასწავლებელში Art Direction-ს შეისწავლის.
„Miami Ad School“- ის პოპულარობიდან გამომდინარე საკმაოდ დიდი წარმოდგენები და მოლოდინები მქონდა სასწავლებელთან დაკავშირებით. აქ ჩამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სრულიად დამსახურებულად აქვს სასწავლებელს ასეთი სახელი”,- ამბობს ხატია, და აღნიშნავს, რომ მიუხედავად პანდემიის მიერ გამოწვეული ერთფეროვნებისა, ის ყოველდღე ახერხებს რაღაც ახლის აღმოჩენას.
„პროგრამა, რომელსაც აქ შევისწავლი ჰიბრიდულ სწავლებაზეა ორიენტირებული, შესაბამისად, მიუხედავად ჩემი განხრისა (Art Direction) ვსწავლობ ყველაფერს, Copy-თ დაწყებული UX-ით დამთავრებული.
აქ თითოეულ ლექტორს თავისი საინტერესო მიდგომა აქვს, რაც სწავლების პროცესსაც უნიკალურს ხდის. მაგალითად, Creative Cloud-ის ლექციაზე ისწავლით ნებისმიერი სახის ტექნიკის გამოყენებას და პიცისა თუ ჯინჯერ ბრედების გამოცხობას.
ერთ-ერთი ლექტორი, რომელიც საკუთარი თავის ბრენდინგს და პორტფოლიოს შექმნას გვასწავლის, ასევე გვეხმარება მორალური პრობლემების დაძლევაში და შეიძლება ითქვას, რომ მისი ლექციები ფსიქოლოგთან თერაპიას უდრის; მასთან შეგიძლიათ ისაუბროთ ნებისმიერ სირთულეზე, რომელსაც ყოველდღიურობაში აწყდებით და რჩევასაც ძალიან საინტერესოს მიიღებთ”, – გვიზიარებს ხატია, და დასძენს, რომ თითოეული ლექტორისგან ცოდნასთან ერთად ძალიან ბევრ ცხოვრებისეულ გაკვეთილსაც იღებს.
მიუხედავად იმისა, რომ ხატიას ყოველდღიური გრაფიკი საკმაოდ დატვირთულია და ზოგჯერ სტრესულიც, ლექციებიდან მიღებული მრავალფეროვანი ინფორმაცია მას ერთგვარ სტიმულს აძლევს უკეთ გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს.
„სამუშაო პროცესი საკმაოდ სტრესულია, განსაკუთრებით გამოცდების პერიოდში, თუმცა აქ მიღებული გამოცდილება მეხმარება პანდემიის ფონზე არსებული ერთფეროვნებისა და მოწყენილობის დაძლევაში. Art Direction-ის სწავლისას ყველაზე საინტერესო ამ განხრის მრავალფეროვნებაა, გამოწვევა კი ამ მრავალფეროვნებაში საკუთარი ძლიერი მხარის პოვნა”, – ამბობს ხატია.
ხატიას იმ განსხვავებებზეც ვკითხეთ, რასაც სტუდენტი საქართველოში და საზღვარგარეთ სწავლისას შეიძლება გადააწყდეს.
„საქართველოსა და ახალი სასწავლებლის კულტურაში განსხვავება საკმაოდ დიდია: ყველაზე თვალშისაცემი ალბათ ის არის, რომ აქ ცხოვრება ბევრად ადრე იწყება. შეიძლება პირველი ლექცია 7:30 ზეც გქონდეთ და შესაბამისად თქვენი დღე დილის 6 საათზე დაიწყოს. ბევრად უფრო დიდია პასუხისმგებლობის გრძნობაც და მეტად დაფასებულია დრო, სამუშაო საათები და პირადი სივრცე”.
რაც შეეხება იმ ცხოვრებისეულ გაკვეთილებს, რაც მან ბერლინში ყოფნისას დააგროვა, ხატია გვიზიარებს: „ყველაზე მთავარი, რაც პანდემიის ჟამს ბერლინში ცხოვრებისას ვისწავლე ისაა, რომ არანაირი წარმოდგენების შექმნას წინასწარ აზრი არ აქვს და არც მომავალზე ბევრ ფიქრსა თუ ნერვიულობას მოაქვს რაიმე სასიკეთო. საცხოვრებელი გარემოს შეცვლა და ახალი გამოწვევების მიღება ალბათ საუკეთესო გამოცდილებაა ცხოვრებაში, რაც ცალსახად გვეხმარება პიროვნულ განვითარებაში. ამ გამოწვევებს სწავლასაც თუ დავუმატებთ, ეს კომბინაცია ნამდვილად უსაზღვრო შესაძლებლობებს გვიხსნის ჩვენს ყოველდღიურობაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობა ყველამ უნდა გამოიყენოს, მითუმეტეს როდესაც არსებობს სტიპენდიები და საზღვარგარეთ სწავლა აღარ არის აუსრულებელი ოცნება”.
საქართველოს ბანკისა და Miami Ad School Europe-ის თანამშრომლობა 2019 წელს დაიწყო, როდესაც ნიკა გუჯეჯიანის (საქართველოს ბანკის ყოფილი თანამშრომელი და Miami Ad School Europe-ის კურსდამთავრებული) სახელობის სტიპენდია დაწესდა. Miami Ad School-ი ციფრული მარკეტინგის, სტრატეგიული იდეების, კოპირაიტინგის, გრაფიკული დიზაინის, ფოტოხელოვნებისა თუ ინოვაციების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სკოლაა მსოფლიოში, სადაც ყოველ წელს ერთი ქართველი სტუდენტის სწავლა სრულად ფინანსდება. დამატებითი დეტალები პროგრამით დაინტერესებული სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://csr.ge/ka/project/3
გარდა ამისა, საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს სხვა სასტიპენდიო პროგრამების „ჩივნინგის“ და „ფულბრაიტის“ პროგრამებს, რათა რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს სასურველ უნივერსიტეტში მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობა.
„ჩივნინგის“ სასტიპენდიო პროგრამაზე ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://csr.ge/ka/project/1
„ფულბრაიტის“ სასტიპენდიო პროგრამაზე ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://csr.ge/ka/project/13