ახალი პრეპარატით კატარაქტისგან განკურნება ოპერაციის გარეშე იქნება შესაძლებელი

ახალი პრეპარატით კატარაქტისგან განკურნება ოპერაციის გარეშე იქნება შესაძლებელი

გაერთიანებულ სამეფოში მდებარე ანგლია რასკინის უნივერსიტეტში (ARU) მომუშავე მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით, მათ კატარაქტის სამკურნალო ახალი მედიკამენტით ჩატარებული ლაბორატორიული კვლევისას დადებითი შედეგი მიიღეს. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ მათ მიერ შემუშავებული თერაპიის მეშვეობით დაავადებისგან განკურნება მალე ქირურგიული ჩარევის გარეშე იქნება შესაძლებელი.

კატარაქტა თვალის ბროლის დაბინდვაა, რომელიც დროთა განმავლობაში ვითარდება და მხედველობის ხარისხზე ახდენს გავლენას. დაავადება ორგანოს აღნიშნულ რეგიონში ცილების დეზორგანიზაციით არის გამოწვეული, რაც ამ უკანასკნელის გროვების წარმოქმნას განაპირობებს. ეს გროვები სინათლეს ფანტავს და მნიშვნელოვნად უშლის ხელს მათ ბადურასკენ გადაგზავნას.

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა, ანგლია რასკინის უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტების მეთაურობით, ჩაატარეს ცდები ოქსისტეროლის ნაერთის გამოყენებით, რომელსაც, პოტენციურად, კატარაქტის სამკურნალო პრეპარატად მიიჩნევენ.

თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ VP1-001-ის სახელწოდებით ცნობილი ნაერთით მკურნალობამ თვალის ბროლების 61%-ის შემთხვევაში ფოკუსირების უნარის შესანარჩუნებლად საჭირო ძირითადი ოპტიკური პარამეტრის გაუმჯობესება განაპირობა. ეს ბროლში ცილოვანი დარღვევის აღმოფხვრით გახდა შესაძლებელი, რაც სინათლის ბადურასკენ გაგზავნას ხელს უშლიდა.

სპეციალისტები თერაპიის ეფექტიანობაში დასარწმუნებლად ცდების გაგრძელებასა და მომავალში მის ადამიანებზე გამოცდას გეგმავენ. მეცნიერების მიერ ახლახან ჩატარებულ კვლევის შედეგებზე დეტალურ ინფორმაციას კი რეცენზირებად ჟურნალ Investigative Ophthalmology and Visual Science-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში გაეცნობით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *