ახალი თაობის MAN-ის სატვირთოები TEGETA TRUCK&BUS-ისგან

ახალი თაობის MAN-ის სატვირთოები TEGETA TRUCK&BUS-ისგან

TEGETA TRUCK&BUS-ი ახალი თაობის MAN-ის სატვირთოებს წარადგენს. ამ ნაბიჯით „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალმა კომპანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მსოფლიო პრემიუმბრენდის განვითარების სტრატეგიას უკვე 16 წელია ფეხდაფეხ მიჰყვება და ადგილობრივ ბაზარს სატრანსპორტო სიახლეებით უზრუნველყოფს. TEGETA TRUCK&BUS-ის გეგმებზე FORBES INFRASTRUCTURE-თან კომპანიის დირექტორი ბექა ბერიძე საუბრობს. 

ბექა, რას გულისხმობს ახალი თაობა? რა მახასიათებლები აქვს MAN-ის ახალ სატვირთოებს?

MAN-მა სატვირთო მანქანების ახალ თაობაში გააერთიანა ყველა ის მოლოდინი, რაც მომხმარებლებსა და მძღოლებს ბრენდთან მიმართებით აქვთ. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ სატვირთო ავტომობილში მძღოლის სამუშაო გარემოს გაუმჯობესება პირდაპირპროპორციულად მოქმედებს მათი მოტივაციისა და ქმედუნარიანობის ამაღლებაზე. მძღოლის კმაყოფილება კი სატრანსპორტო კომპანიის წარმატების ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. სწორედ ამიტომ MAN-ის სატვირთო მანქანების ახალ თაობაში უდიდესი ყურადღება დაეთმო ერგონომიკის ციფრულ ტექნიკასთან კავშირის გაუმჯობესებას. ასევე კომფორტულად მართვას და მძღოლის კომფორტულ მოსასვენებელ სივრცეს. თანამედროვე სისტემები, როგორიცაა მოხვევის ასისტენტი, საცობი ასისტენტი და ზოლის შეცვლის დამხმარე სისტემა, მძღოლს ათავისუფლებს ზედმეტი წნეხისგან და უსაფრთხოება ახალ საფეხურზე აჰყავს.

MAN-მა ახალი სატვირთო მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირის საფუძველზე შექმნა. იმისათვის, რომ უშუალოდ მომხმარებლებისგან მოესმინა შენიშვნები და ახალ თაობაზე მუშაობის პროცესში მათი აზრი გაეთვალისწინებინა, კომპანიამ 700-ზე მეტი მძღოლი მიიწვია. მათი გამოხმაურების გათვალისწინება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იყო. შედეგად მივიღეთ ახალი სტანდარტების მანქანა: ავტომობილის ძარი შემსუბუქებულია, ამის მიუხედავად მანქანა კიდევ უფრო მყარი გახდა, შეუძლია უფრო მეტი ტვირთის გადატანა, ამ ყველაფრის ფონზე 8%-ით შემცირებულია საწვავის მოხმარება და, შესაბამისად, შემცირებულია CO2-ის გამოყოფაც. MAN-ი ამ მხრივ უსწრებს ევროკავშირის მოთხოვნებსაც კი, რომელთა მიხედვითაც 2025 წლისთვის გამონაბოლქვი 15%-ით უნდა შემცირდეს, ხოლო 2030 წლისთვის – 30%-ით.

რას ნიშნავს MAN-ის ახალი თაობის სატვირთოების წარდგენა საქართველოს ბაზრისთვის?

დავიწყოთ იმით, რომ ახალი თაობის სატვირთოები MAN-მა ჯერ კიდევ 2020 წელს წარადგინა, ჩვენ მათი რეალიზაცია მალევე დავიწყეთ, თუმცა პანდემიის გამო საქართველოსა და ჩვენს რეგიონში მათი ოფიციალური წარდგენა ამ დრომდე ვერ მოვახერხეთ. ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს MAN-ის სატვირთოების ყველაზე მასშტაბური განახლებაა, ვინაიდან კომპანიამ სრულად ახალი ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ ბაზარს გონივრული სატრანსპორტო გადაწყვეტილებები შესთავაზოს. ვფიქრობ, რომ მათი ოფიციალური წარდგენა ჩვენი ბაზრისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

ამასთან, აქამდე ჩვენი გაყიდვების ძირითადი ნაწილი თვითმცლელებზე მოდიოდა, რაც უფრო სამშენებლო სექტორის მიერ გამოყენებული ტექნიკაა. ჩვენ გვინდა, რომ ახალი უნაგირა საწევარების გაყიდვების წილიც გავზარდოთ. MAN-ი კი სატვირთოების წარმოების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა გასულ წელსაც, როდესაც ამ ბრენდის ახალი თაობის სატვირთოები წლის საუკეთესო სატვირთოდ დასახელდა მსოფლიო მასშტაბით, თან – სხვადასხვა კატეგორიაში.

თქვენ ამბობთ, რომ TEGETA Truck&Bus-ის მიზანს ბაზრის დივერსიფიცირება წარმოადგენს. რას გულისხმობთ?

თუ ოფიციალურ სტატისტიკას ჩავხედავთ, საქართველოს ბაზარზე ყოველწლიურად დაახლოებით 10 000 სატვირთო ტექნიკა შემოდის, საიდანაც ახალი ტექნიკა მხოლოდ 300-400 ერთეულია. ეს მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებს რომ შევადაროთ, ვნახავთ, რომ ჩვენთან 10-15-ჯერ ნაკლები ახალი ტექნიკა იყიდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ საქართველოში, ევროპისგან განსხვავებით, რეგულაცია ემისიებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ არსებობს. შესაბამისად, ტექნიკა, რომელიც ევროპულ ბაზარზე მოძველებულია, აქ შემოდის და შედეგად 10 წელზე მეტი ასაკის სატვირთო ტექნიკას 80% უკავია. ჩვენი მიზანია, რომ ქართველი მომხმარებელი ნელ-ნელა გადავიყვანოთ ახალ ტექნიკაზე, რომელთა ჯამური ფლობის ღირებულება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მეორადი ტექნიკის.

კვლავ MAN-ს რომ დავუბრუნდეთ, როგორც ცნობილია, 2024 წლისთვის კომპანია პირველი სრულად ელექტროსატვირთო მანქანის გამოშვებას გეგმავს. გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ ამ ბრენდთან თანამშრომლობის 16-წლიანი ურთიერთობა გაქვთ, მოგვიყევით, როგორია მათი ელექტრიფიცირების გეგმები?

ახალი სტრატეგიის მიხედვით, MAN Truck & Bus-ი ყურადღებას გაამახვილებს ნულოვანი ემისიის ტექნოლოგიებზე. MAN-ის ელექტრიფიცირების მიმართულება შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ: სატვირთოებისა და ავტობუსების წარმოება. კომპანიამ დაახლოებით სამი წლის წინ შექმნა პირველი სატვირთო, რომელიც სრულად ელექტროძრავაზე მუშაობს. ამისთვის მან რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მათ შორის ნიურემბერგის ქარხანაში საკუთარი ელემენტების წარმოებაც დაიწყო. ეს MAN-ს მისცემს შესაძლებლობას, რომ სხვა მწარმოებელზე დამოკიდებული არ იყოს. MAN-ის მიზანია, 2040 წლისთვის გაყიდვების 50% ელექტროტექნიკაზე მოდიოდეს.

რაც შეეხება ელექტროავტობუსების მიმართულებას…

ამ კუთხით ბრენდის მთავარი მიზანია, დახვეწოს სრულად ელექტრიფიცირებული Lion’s City E, ასევე, MAN Truck & Bus-ის მდგრადი სერიის მოდელები და გამოიყენოს ისინი ურბანული მობილობისთვის. MAN-ს უკვე აქვს 12-მეტრიანი ელექტროავტობუსი, რომელიც აქტიურად გამოიყენება ბევრ ევროპულ ქვეყანაში. მას აქვს ბევრი უპირატესობა, მათ შორის ისიც, რომ ეკონომიური გამოყენების პირობებში ერთი დამუხტვით შეუძლია 500 კმ-ის დაფარვაც. ქალაქის პირობებში კი 250-300 კმ-ს ფარავს, რაც სავსებით საკმარისია და, რაც მთავარია, გარემოზე მისი ზემოქმედება ნულამდეა დაყვანილი. ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი ხომ მსოფლიოს მომავალია.

შეიძლება, რომ მათ საქართველოშიც ველოდოთ?

რატომაც არა, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ელექტროავტობუსების ფასი ორჯერ მეტია დიზელის საწვავზე მომუშავე ავტობუსების ფასზე. მართალია, ფლობის ჯამური ღირებულების მიხედვით, უკუგება დაახლოებით 6-7-წლიან პერიოდში გაცილებით უფრო ეკონომიურს ხდის ამ ავტობუსების მოხმარებას, მაგრამ ამას სჭირდება შესაბამისი თანხებიც და ინფრასტრუქტურაც, რაც დროის საკითხია. ჩვენ ვთანამშრომლობთ თბილისის მუნიციპალიტეტთან, 2017 წლის შემდეგ დედაქალაქისთვის 200 ერთეულზე მეტი MAN-ის ავტობუსი გვაქვს მიწოდებული და გვაქვს მოლოდინი, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი ადრე თუ გვიან შეძლებს ელექტროავტობუსების შეძენასაც. დარწმუნებული ვართ, რომ MAN-ი იქნება ის ბრენდი, რაზეც, სანდოობიდან და მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, არჩევანი გაკეთდება.

რა გეგმები გაქვთ MAN-ის ბრენდთან დაკავშირებით საქართველოსა და რეგიონში?

ჩვენი გეგმა მომხმარებლისთვის პროდუქტის სრული სპექტრის შეთავაზებაა. MAN-ი აწარმოებს სატვირთო ავტომობილებს და სადისტრიბუციო მანქანებს, რომელთაც ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს. თუმცა არის ერთი მიმართულება – პრემიუმ-ხარისხის მიკროავტობუსი MAN TGE, რომელიც, შეზღუდული წარმოებიდან გამომდინარე, მხოლოდ ევროპული ბაზრისთვისაა განკუთვნილი. ჩვენ ვგეგმავთ მათ ქართულ ბაზარზე შემოყვანას, მიკროავტობუსების ბაზრის დივერსიფიცირებას და პრემიუმ-სეგმენტის განვითარებას.

გარდა ამისა, საქართველოში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, TEGETA Truck&Bus-ი ამ პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში MAN-ის სატვირთო ტექნიკის რეალიზაციის გასამმაგებას ვგეგმავთ. ამ ბრენდს კიდევ უფრო მეტ პოპულარიზებას გავუწევთ. ვაპირებთ, პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებს გადახდის კიდევ უფრო მოქნილი პირობები შევთავაზოთ.

მიმდინარე წლის დასაწყისში თქვენ ამბობდით, რომ 2022 წელიც გამოწვევებით სავსე იქნებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ სამი კვარტალი უკვე გავლიეთ, როგორ შეაფასებთ ამ პერიოდს თქვენი კომპანიისთვის და რა მოლოდინი გაქვთ წლიურ ჭრილში?

მიმდინარე წელი, ისევე როგორც წინა ორი წელი, სტანდარტული მოლოდინისგან რადიკალურად განსხვავებული იყო. 2020 წლის შემდეგ 2021 წელს ბაზარი გამოცოცხლდა, მაგრამ 2022 წლის პირველ ნახევარში რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამ ბაზარზე აქტივობები შეამცირა. პირველ 6 თვეში ბაზარი დაახლოებით 50%-ით შემცირდა იმასთან შედარებით, რა მოლოდინიც გვქონდა. მესამე კვარტალში კი ნორმალიზაცია დაიწყო და უნდა აღვნიშნო, რომ მოლოდინები პოზიტიურია და იმედია, მეოთხე კვარტალში ზრდა შენარჩუნდება.

რაც შეეხება ჩვენი კომპანიის შედეგებს, „თეგეტას“ წილი ბაზარზე გაიზარდა. გასულ წელს პრემიუმ-სეგმენტში 56% გვქონდა, წელს ვფიქრობთ, რომ ამ ნიშნულს გადავაჭარბებთ. მომდევნო წელს კი პოზიციების კიდევ უფრო ზრდას ველოდებით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *