ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული განცხადების თანახმად, ქაბულში, ავღანეთში ამერიკული დრონის თავდასხმის შედეგად ლიკვიდირებულია ალ-კაიდას ამჟამინდელი ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი.
შეგახსენებთ, რომ აიმან ალ-ზავაჰირი ტერორისტულ ორგანიზაციას სათავეში 2011 წელს მისი ყოფილი ლიდერის, უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ ჩაუდგა. თეთრი სახლიდან გაკეთებულ სპეციალურ მიმართვაში პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ ამ მოვლენით სამართლიანობა აღსრულდა.
ჯო ბაიდენის განმარტებით, შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტომ (CIA) აიმან ალ-ზავაჰირის ოჯახი ქაბულში წლის დასაწყისში აღმოაჩინა და მის ზუსტ ადგილსამყოფელს მას შემდეგ სწავლობდნენ. პრეზიდენტის განცხადებით, დრონით თავდასხმას ალ-ზავაჰირის ოჯახის არც ერთი წევრი და მშვიდობიანი მოქალაქე არ ემსხვერპლა.
ცნობისათვის, აიმან ალ-ზავაჰირის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისათვის, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს 25 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ჯილდო ჰქონდა დაწესებული. მას 2001 წლის ტერაქტის დაგეგმვის გარდა, 1998 წლის 7 აგვისტოს, ტანზანიასა და კენიაში შეერთებული შტატების საელჩოებზე თავდასხმის მოწყობაში ედებოდა ბრალი.
Al-Jazeera-სთვის ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, დრონით განხორციელებული თავდასხმისას აიმან ალ-ზავაჰირი საცხოვრებელი სახლის აივანზე იმყოფებოდა.
აიმან ალ-ზავაჰირის ლიკვიდაციას გამოეხმაურა ავღანეთის მმართველი ძალა, თალიბანიც და ქაბულში დრონით თავდასხმა საერთაშორისო პრინციპების დარღვევად შეაფასა.
ალ-ზავაჰირი წარმოშობით ეგვიპტელი ფიზიკოსი გახლდათ, რომელმაც ეგვიპტური ისლამური ჯიჰადი (EIJ) დააფუძნა. 1998 წელს კი ზავაჰირი ალ-კაიდას რიგებს შეუერთდა.