უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად შექმნილი გლობალური ენერგოკრიზისის ფონზე, ალბანეთი ენერგორესურსების დივერსიფიკაციაზე მუშაობს. ენერგოდივერსიფიკაციის გეგმის ფარგლებში, ალბანეთს ბუნებრივი აირისა და ქარის ენერგიის დანერგვა დაახლოებით €4 მილიარდი დაუჯდება.
სამრეწველო საქმიანობის კომისიის განცხადებით, ბუნებრივი აირის ეფექტიანად განაწილების მისაღწევად, ქვეყანაში სულ ექვი ახალი პროექტის განხორციელებაა საჭირო. ამ პროექტებში იონია-ადრიატიკის მილსადენის გაფართოება და ვლორის თბოელექტროსადგურის განვითარებაც შედის. ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ამერიკის უმსხვილეს კომპანიებთან თანამშრომლობით პროექტების განხორციელება ქვეყნის გაზიფიცირების პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. შეგახსენებთ, რომ ამერიკული კომპანია Excelerate Energy, ვლორაში თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) პროექტს ახორციელებს.
საერთო ჯამში, ე.წ. „გაზიფიკაცია“ ალბანეთს €4 მილიარდი დაუჯდება. ამჟამად ალბანეთის ელექტროენერგიის თითქმის 100%-ს ჰიდროელექტროსადგურები გამოიმუშავებს. თუმცა, ვინაიდან ენერგიის შენახვა საწყობის არარსებობის გამო ვერ ხერხდება, ქვეყანას გაზაფხულისა და ზაფხულის საწყის თვეებში ელექტროენერგიის სხვა ქვეყნებისთვის მიყიდვა უწევს. ზამთრისთვის საზოგადოების მოთხოვნის დასაფარავად კი წიაღისეული საწვავის შესყიდვაზე ხდება დამოკიდებული.
თუმცა ალბანეთის გაზიფიკაციის პროექტი გარემოს დამცველების შეშფოთებას იწვევს, რომლებიც ბუნებრივი აირის პროექტებისთვის დაფინანსების შეწყვეტის ინიციატივით გამოდიან. მათი განცხადებით, ძვირად ღირებულ არამდგრად პროექტებში ინვესტირება ევროპის განახლებადი ენერგიისკენ სწრაფვის პროცესზე უარყოფითად იმოქმედებს. თუმცა ალბანეთი ქარისა და მზის ენერგიის პროექტების განვითარებასაც გეგმავს. ამჟამად არსებული მზის ელექტროსადგურის 13 პროექტის სიმძლავრე 1.24 გვტ-ია. გარდა ამისა, სამომავლოდ ქარის ელექტროსადგურის მშენებლობაც იგეგმება, რომლის სიმძლავრეც 234 მეგავატს გაუტოლდება.